ახალი ამბები

სამძებრო სამუშაოები ჩერდება – გომელაური

9 ოქტომბერი, 2021 • 4914
სამძებრო სამუშაოები ჩერდება – გომელაური

შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის ადგილზე სამძებრო სამუშაოები ჩერდება.

მაშველები აქ თითქმის 30 საათია, რაც მუშაობდნენ. ნანგრევებიდან სულ ამოასვენეს 8 ცხედარი, მათგან 3 ბავშვია. ერთი ადამიანი, ახალგაზრდა ქალი კი კლინიკაში გარდაიცვალა დღეს დილას.

„ჩვენი ვარაუდით არც ერთი დაკარგული [ადგილზე] აღარ არის და სამძებრო სამუშაოები ჩერდება. იქიდან გამომდინარე, რომ მშენებლები ვარაუდობენ, რომ საფრთხეა და შესაძლოა მოხდეს რაღაც ნაწილის ჩამოშლა… ხედავთ რომ ე.წ. სინკარები, ბეტონებია გადმოწეული და სანამ არ მოხდება მშენებელთა შეკრებაშეკრება..  ისინი იმსჯელებენ, რა და როგორ უნდა მოხდეს. დაექვემდებარება დემონტაჟსა თუ გამაგრებას,“ – ამბობს გომელაური.

მისივე თქმით, გარდაცვლილი ბავშვები შვიდი, თორმეტისა და წლისა და სამი თვის იყვნენ.


ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 6-სართულიანი სახლის სადარბაზო 8 ოქტომბერს, მოულოდნელად ჩამოინგრა. ჩამონგრევას წინ არ უძღოდა აფეთქების ხმა.

ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის სადარბაზოსთან მაშველები აგრძელებენ მუშაობას. ამ დროისთვის ნანგრევებიდან ცოცხლად ამოყვანილია 2 ადამიანი, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. დილით ცნობილი გახდა, რომ ნანგრევებიდან ამოყვანილი ინგა მეკეიძე საავადმყოფოში გარდაიცვალა. მაშველებმა ასევე ამოასვენეს 8 ცხედარი, მათგან სამი– ბავშვია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე დაკავებულია 3 პირი – პირველ სართულზე არსებული ბინის მეპატრონე და ორი მუშა. უწყება ამბობს, რომ მესაკუთრის დავალებით დაქირავებულმა მუშებმა ხარვეზიანად წარმართეს სარემონტო სამუშაოები, რამაც, საბოლოოდ ნგრევა გამოიწვია.

საქართველოში 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი