შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, ბათუმის კორპუსის ნანგრევებში კიდევ 3 ადამიანს ეძებენ.
„თითქმის, დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვეძებთ 3 ადამიანს. მეტი არ უნდა იყოს წესით, რაც ოპერატიული ინფორმაცია გვაქვს,“ – ამბობს გომელაური ჟურნალისტებთან.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე მაშველები ყველაფერს აკეთებენ, რათა სამივე ადამიანი უვნებლად ინახოს. მას შემდეგ კი, რაც გაიწმინდება ტერიტორია და მოქალაქეებს ნახავენ, ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მივლენ და დამატებითი დეტალები გახდება ცნობილი.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 6-სართულიანი სახლის სადარბაზო 8 ოქტომბერს, მოულოდნელად ჩამოინგრა. ჩამონგრევას წინ არ უძღოდა აფეთქების ხმა.
ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის სადარბაზოსთან მაშველები აგრძელებენ მუშაობას. ამ დროისთვის ნანგრევებიდან ცოცხლად ამოყვანილია 2 ადამიანი, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. მაშველებმა ასევე ამოასვენეს 5 ცხედარი, მათგან ორი – ბავშვია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე დაკავებულია 3 პირი – პირველ სართულზე არსებული ბინის მეპატრონე და ორი მუშა. უწყება ამბობს, რომ მესაკუთრის დავალებით დაქირავებულმა მუშებმა ხარვეზიანად წარმართეს სარემონტო სამუშაოები, რამაც, საბოლოოდ ნგრევა გამოიწვია.
ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის მიზეზი სარემონტო სამუშაოები იყო – შსს