ახალი ამბები

სააკაშვილი მოსახლეობას ზუგდიდში 9 ოქტომბრისთვის დაანონსებულ აქციაზე გასვლისკენ მოუწოდებს

8 ოქტომბერი, 2021 • 1264
სააკაშვილი მოსახლეობას ზუგდიდში 9 ოქტომბრისთვის დაანონსებულ აქციაზე გასვლისკენ მოუწოდებს

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საპატიმროდან მორიგი წერილი გაავრცელა და მოსახლეობას ხვალ, 9 ოქტომბერს ზუგდიდში დაანონსებულ აქციაზე გასვლისკენ მოუწოდა. წერილი სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ მასთან შეხვედრის შემდეგ წაიკითხა.

სააკაშვილმა წერილში აღნიშნა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატმა, მანუჩარ ფიფიამ თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურში გაიმარჯვა, თუმცა ხმების გადათვლის შედეგად “გამარჯვებას ართმევენ”:

“ივანიშვილის რეჟიმის მთავარი მიზანი, როგორც თავის დროზე მხედრიონისა, არის სამეგრელო. ის უკანონობა, რომელსაც ახლა ზუგდიდში სჩადიან და უკვე აპირებენ სენაკშიც და სხვაგანაც, არ უნდა შერჩეთ. მე მქონდა შესაძლებლობა, წინა დღეებში ჩამესუნთქა სამეგრელოს ჰაერი და ეს არის, შეუცდომლად შემიძლია ვთქვა, თავისუფლების ჰაერი. საქართველოს გათავისუფლება ისევ უნდა დაიწყოს სამეგრელოდან.

ხვალ ყველანი ხმების დასაცავად, ნიკა მელიას და პარტიის სხვა ლიდერების მეთაურობით. სოლიდარობა ანზორ მელიას და ჩვენს კანდიდატს [მანუჩარ] ფიფიას, რომელმაც პირველ ტურში გაიმარჯვა და ახლა ართმევენ გამარჯვებას. სოლიდარობა ზუგდიდელებს.

ზუსტად ვიცი, რა შავი ფურცელია ჩვენს ისტორიაში, რომ პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას ვერ გავუფრთხილდით მთელი საქართველო. ასევე, ზუსტად ვიცი, რომ ეს აღარასდროს განმეორდება და ამას ჩვენ ერთად აღარ დავუშვებთ”, – ნათქვამია წერილში.

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ დღეს, 8 ოქტომბერს ბრიფინგზე აქცია დააანონსა. მელიას თქმით, პირველ ტურში გამარჯვებულ მანუჩარ ფიფიას ხმები “ქურდულად წაართვეს”.

მელიას თანახმად, 2 ოქტომბერს აღნიშნულ უბანზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ერთი საჩივარიც არ დაუწერიათ და ხმების გადათვლის საფუძველი არ ჰქონდათ.

წინა ღამით, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მე-11 მაჟორიტარულ ოლქში 4 უბნის ხმების გადათვლის შედეგად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზუგდიდის საკრებულოში მოპოვებული გარანტირებული უმრავლესობა დაკარგა.

ეს ერთადერთი საკრებულო იყო, რომელსაც პირველივე ტურის წინასწარი შედეგებით „ნაციონალური მოძრაობა“ უმრავლესობით აკომპლექტებდა. უმრავლესობის ხელახლა მოპოვების შანსი პარტიას მეორე ტურში აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი