ახალი ამბები

ღარიბაშვილი: გომელაური უკვე გაემგზავრა ბათუმში, მეც დღესვე ჩავალ

8 ოქტომბერი, 2021 • 720
ღარიბაშვილი: გომელაური უკვე გაემგზავრა ბათუმში, მეც დღესვე ჩავალ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრი ბათუმში უკვე გაემგზავრა და დღის განმავლობაში თავადაც გეგმავს ბათუმში ჩასვლას.

ღარიბაშვილის თქმით, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნგრევასთან დაკავშირებით ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და აქტიურად მიმდინარეობს ღონისძიებები დაშავებულების ნანგრევებიდან უმოკლეს დროში გამოყვანის მიზნით.

პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ მომხდარის მიზეზების დასადგენად დაწყებულია გამოძიება:

“ბათუმში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები, ასევე, ადგილობრივი ხელისუფლება და მერიის სამსახურები. აქტიურად მიმდინარეობს სამაშველო ღონისძიებები დაშავებულების ნანგრევებიდან უმოკლეს დროში ამოყვანის მიზნით.

ყველა დაშავებულს და დაზარალებულს სახელმწიფო გაუწევს შესაბამის დახმარებას. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება, რომელიც მომხდარის მიზეზებს აუცილებლად დაადგენს. ბათუმში უკვე გაემგზავრა შინაგან საქმეთა მინისტრი და პირადად მე დღესვე გავემგზავრები და ადგილზე გავეცნობი ვითარებას” ,- ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.


დღეს ბათუმში, მემედ აბაშიძისა და 26 მაისის ქუჩების კვეთაში, დაახლოებით 12 საათზე, 6-სართულიანი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოიშალა.
ამ დროისთვის მაშველები მუშაობენ, თუმცა, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნანგრევებიდან ჯერ არავინ ამოუყვანიათ.

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის, ლელა სურმანიძის ინფორმაციით, ბათუმში ჩამონგრეული სადარბაზოს პირველი სართულის ერთ ბინაში არავინ ცხოვრობდა [დაკეტილი იყო]. მეორე ბინაში კი სილამაზის სალონი იყო მოწყობილი.

მერის მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციით, ამ სადარბაზოში, დანარჩენ 5 სართულზე, დაახლოებით 15 ოჯახი ცხოვრობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი