ახალი ამბები

პენიტენციური სამსახური: სააკაშვილს გადაეცა თეთრეული, სარგებლობს ტელევიზორით

7 ოქტომბერი, 2021 • 1982
პენიტენციური სამსახური: სააკაშვილს გადაეცა თეთრეული, სარგებლობს ტელევიზორით

სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ მედიაში გავრცელებული შესაბამისი ინფორმაცია ტყუილია და მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში ტელევიზორითაც სარგებლობს და პირადი მოხმარების ნივთებიც გადაეცა.

„გაცნობებთ, რომ მსჯავრდებული/ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი სარგებლობს ტელევიზირით და გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ , რომ ხელოვნურად გაჭიანურდა ტელევიზორის მიწოდების პროცესი, ტყუილია. განვმარტავთ, რომ ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა ტელევიზორი შეიძლება შეიძინოს საკუთარი ხარჯით და ბარათზე ლიმიტით დაწესებული თანხით დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში“, – წერია უწყების პრესრელიზში.

პენიტენციური სამსახურის თანახმად, „სააკაშვილს ორშაბათს დაუმზადდა ბარათი, სადაც დაირიცხა ლიმიტირებული თანხა. სამშაბათს მან დაწესებულების მაღაზიაში აირჩია ტელევიზორი და შეკვეთა გაფორმდა. ამ დროისთვის მის მიერ შეძენილი ტელევიზორით საკანში სარგებლობს“.

„ტყუილია ასევე ის ინფორმაცია, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილს არ მიეწოდა ლეიბი, დაწესებულებაში შესახლებისთანავე, კანონის შესაბამისად, მას გადაეცა პირადი მოხმარების ნივთები, რომელშიც შედიოდა თეთრეული, ასევე საბანი, ლეიბი და ბალიში“, – წერია განცხადებაში.

„მიხეილ სააკაშვილს დაწესებულების ადმინისტრაცისთვის დამატებითი ლეიბის მოთხოვნის თაობაზე არ მიუმართვს“, – აცხადებენ უწყებაში.

ნიკა გვარამიამ 7 ოქტომბერს, სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ მასთან „წიგნებიც კი არ შეაქვთ“ და ამ საკითხზე იუსტიციის მინისტრს მიმართა.

„მივმართავ იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს: ნუ უვარდება ანა კარენინასავით მის საყვარელ შტადლერს. რადგან ის, რასაც ის ახლა აკეთებს, არის დანაშაული. ადამიანთან არაფერი შედის, ზარები, ტელევიზორი, წიგნებიც არ შეაქვთ მესამე დღეა“, – განაცხადა გვარამიამ.

ნახეთ ასევე:

მოშიმშილე ადამიანზე მანიპულაციას ჯობს, მისი გათავისუფლება მოითხოვონ – გვარამია ეკლესიაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი