ახალი ამბები

არ იცოდნენ სააკაშვილის გეგმების შესახებ – კუჭავა უკრაინის პრემიერთან შეხვედრის შემდეგ

7 ოქტომბერი, 2021 • 1222
არ იცოდნენ სააკაშვილის გეგმების შესახებ – კუჭავა უკრაინის პრემიერთან შეხვედრის შემდეგ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა უკრაინაში ვიზიტისას, უკრაინის პრემიერთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ ვერც ერთი ადამიანი, მათ შორის მიხეილ სააკაშვილი, ვერ იქნება ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაუარესების საფუძველი.

კუჭავა 7 ოქტომბერს შეხვდა პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს, შეხვედრის შემდეგ კი განაცხადა

„შევეხეთ საკითხს, რაც ყველას აინტერესებს, საუბარია, მიხეილ სააკაშვილის, ასე ვიტყოდი, გამოპარვაზე უკრაინიდან. ეს ის მომენტია, რომელიც ნამდვილად უხერხულობას წარმოქმნის ორ ქვეყანას შორის“.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, უკრაინის მთავრობაში „არ იცოდნენ მისი ამ გეგმების შესახებ – უკანონო საზღვრების კვეთა როგორც უკრაინაში, ასევე, საქართველოში და ზოგადად, შექმნილი უხერხული სიტუაცია“.

„კიდევ ერთხელ, ორივე მხრიდან ცალსახად იქნა ხაზგასმული, რომ ვერასდროს, ვერც ერთი ადამიანი, მათ შორის, თუნდაც ყოფილი პრეზიდენტი, ვერ იქნება მიზეზი და საფუძველი, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები ოდნავ მაინც გაუარესდეს“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ კახა კუჭავამ.

კახა კუჭავას თანახმად, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ „განსაკუთრებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე“, „საქართველოსა და უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, დეოკუპაციის კუთხით საერთო ძალისხმევასა და სავაჭრო-ეკონომიკური, ასევე, ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობის გააქტიურებაზე“.


მიხეილ სააკაშვილმა 1 ოქტომბერს ფეისბუკზე დაწერა, რომ უკვე საქართველოშია. შემდგომ კი რამდენიმე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც ბათუმშია გადაღებული.

მთელი დღის განმავლობაში, „ოცნების“ ლიდერები, მათ შორის, ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარაძე აცხადებდნენ, რომ სააკაშვილის ვიდეოები მონტაჟი იყო. დღის ბოლოს კი სპეციალურ ბრიფინგზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილი დააკავეს.

სააკაშვილი იმავე საღამოს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც ყოფილი თანამდებობის პირები იხდიან სასჯელს. მისი დაკავების შემდეგ, ენმ-მ განაცხადა, რომ სააკაშვილი 4 დღის განმავლობაში იყო საქართველოში.

სააკაშვილის შემოსვლის საქმეზე ამ ეტაპზე სამი ადამიანია დაკავებული – ელგუჯა ცომაია და ზურა და შალვა წოწორიები. სამივე მათგანს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ცომაია სწორედ ის ადამიანია, ვის კუთვნილ ბინაშიც სააკაშვილი დააკავეს, ხოლო წოწორიებს პროკურატურა სააკაშვილის ფოთიდან აბაშამდე გადაყვანას ედავება.

7 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურმა ოფიციალური შემოწმება დაიწყო მიხეილ სააკაშვილის მიერ ქვეყნის საზღვრის კვეთის საქმეზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი