ახალი ამბები

ენმ გახარიასთან დიალოგს არ გამორიცხავს, „ოცნებისთვის“ მიუღებელია

7 ოქტომბერი, 2021 • 8419
ენმ გახარიასთან დიალოგს არ გამორიცხავს, „ოცნებისთვის“ მიუღებელია

“ქართულმა ოცნებამ” და “ნაციონალურმა მოძრაობამ” დღეს, 7 ოქტომბერს უპასუხეს გიორგი გახარიას შეთავაზებას საკრებულოების დასაკომპლექტებლად სამმხრივ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით.

“ნაციონალურ მოძრაობაში” გახარიასთან დიალოგის შესაძლებლებლობას განიხილივენ და ამბობენ, რომ მათი მიზანი მრავალპარტიული მმართველობაა.

“ღია დიალოგზე მზად ვართ. ნიკა მელიამ ისედაც განაცხადა, რომ გვინდა, ადგილობრივ დონეზე შევქმნათ მოდელი, რომ იყოს მრავალპარტიული მმართველობა და არა ერთპარტიული მმართველობა.

ამიტომ, არც არავინ არ ფიქრობს ერთპარტიულ მმართველობას, არა მარტო საკრებულოების დონეზე, არამედ იმ 20 მერიაში, სადაც ახლა მეორე ტურია და ჩვენ გავიმარჯვებთ, თუ ქართული საზოგადოება იქნება კონსოლიდირებული”, – განაცხადა გია ბარამიძემ “ფორმულასთან”.

ენმ-ის კიდევ ერთი წევრი ლევან ბეჟაშვილი კი ამბობს, რომ კონკრეტული მოლაპარაკება, მათ შორის, გახარიას პარტიასთან, უფრო აქტუალური გახდება არჩევნების მეორე ტურის შემდეგ.

“როდესაც სურათი გამოიკვეთება, იქნება მოლაპარაკებები ყველა ოპოზიციურ პარტიასთან ამომრჩევლის დაკვეთის შესასრულებლად, რათა დავადგინოთ კოალიციური მმართველობა თბილისსა და სხვა ქალაქებში”, — განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

“ქართული ოცნება” კი გახარიას პარტიასთან რაიმე ტიპის პოლიტიკურ დიალოგს გამორიცხავს. როგორც ანრი ოხანაშვილი ამბობს, მათთვის მოღალატეებთან დიალოგი მიუღებელია.

“ადამიანი, რომელიც საკუთარ გუნდს უღალატებს, რა თქმა უნდა, ის არის მიუღებელი. ზოგადად, ღალატი არის მიუღებელი ნებისმიერ ასპექტში, იქნება ეს პოლიტიკაში თუ სხვა ძალიან ბევრ სფეროში.

აქედან გამომდინარე, მმართველი პარტიისთვის დიალოგი ისეთ ადამიანებთან, ისეთ ე.წ. პოლიტიკოსებთან, რომლებიც ასოცირებულები არიან, ერთი მხრივ, ღალატთან, მეორე მხრივ, ძალადობასთან (ვგულისხმობ ენმ-ს), ჩვენთვის არ არის მისაღები”, — უთხრა ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს.

ექსპერმიერი გიორგი გახარია „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ღია, სამმხრივ მოლაპარაკებებს სთავაზობს საკრებულოების დასაკომპლექტებლად.

გიორგი გახარია აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყნის მასშტაბით საკრებულოების დასაკომპლექტებლად მის პარტიასთან ფარულ მოლაპარაკებებს ცდილობენ, რაც მიუღებელია.

გახარიამ 7 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მის პარტიას, რომელიც მნიშვნელოვნადაა წარმოდგენილი თბილისსა და მსხვილ ქალაქებში, ბევრგან აქვს შესაძლებლობა, გადამწყვეტი ხმა ჰქონდეს საკრებულოს დაკომპლექტებასა და საკრებულოს თავმჯდომარის არჩევაში.

„ამ მიზნით „ქართული ოცნება“, ისევე როგორც „ნაციონალური მოძრაობა“, ცდილობს, ფარული მოლაპარაკებების ფარგლებში მიაღწიონ ჩვენთან შეთანხმებას იმისთვის, რომ მათთვის მისაღები კანდიდატებით დაკომპლექტდეს საკრებულო, რაც მიუღებელია“, – განაცხადა გახარიამ.


ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველადი შედეგების თანახმად, „ქართული ოცნება“ რამდენიმე მუნიციპალიტეტის საკრებულოში უმრავლესობას კარგავს.

ამ საკრებულოების დიდ ნაწილში უმრავლესობის დასაკომპლექტებლად კოალიციის შექმნა გახდება საჭირო, ხოლო ზუგდიდში უმრავლესობას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ერთპარტიულად დააკომპლექტებს.

ეს მუნიციპალიტეტებია: სენაკი, წალენჯიხა, რუსთავი, ზუგდიდი, ბათუმი.

5 ქალაქი, სადაც “ოცნება” უმრავლესობას კარგავს – პირველადი შედეგები

მასალების გადაბეჭდვის წესი