ახალი ამბები

მოსამართლემ ტეხასში აბორტის ამკრძალავი კანონი დროებით შეაჩერა

7 ოქტომბერი, 2021 • 664
მოსამართლემ ტეხასში აბორტის ამკრძალავი კანონი დროებით შეაჩერა

აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტეხასში დროებით შეაჩერა საკამათო კანონის მოქმედება, რომელიც შტატის ტერიტორიაზე ქალებს აბორტის გაკეთებას უკრძალავს.

აბორტის ამკრძალავი კანონი ტეხასში რეპუბლიკელმა კანონმდებლებმა შემოიღეს, ბაიდენის ადმინისტრაციამ კი უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. სწორედ აღნიშნულ საქმეზე საბოლოო გადაწყვტილების გამოცხადებამდე შეაჩერა კანონის მოქმედება მოსამართლე რობერტ პიტმანმა.

ფედერალური მოსამართლის აღნიშნული გადაწყვეტილება ქალთა კონსტიტუციური უფლების აღდგენისკენ წინ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასეს თეთრ სახლში. მოსამართლემ 113-გვერდიან დასაბუთებაში აღნიშნა, რომ კანონის ამოქმედების დღიდან ქალებს უკანონოდ უზღუდავდნენ, ჰქონოდათ კონტროლი საკუთარ ცხოვრებაზე კონსტიტუციით გარანტირებულ ჩარჩოში.

როგორც CNN წერს, ორგანიზაცია, რომელიც ტეხასში რამდენიმე კლინიკას მართავს (Whole Woman’s Health) აცხადებს, რომ გეგმავს პროცედურა ქალებისთვის რაც შეიძლება მალე გახადოს ხელმისაწვდომი. თუმცა აბოტრის მოწინააღმდეგეთა ჯგუფები მოსამართლეებს “აბორტის ინდუსტრიის” ხელშეწყობაში ადანაშაულებენ და მოსმენას არასამართლიანად მიიჩნევენ.

კანონი, რომელსაც “გულისცემის აქტს” უწოდებენ, კრძალავს ორსულობის ხელოვნურ შეწყვეტას მას შემდეგ, რაც ემბრიონის გულისცემაზე დაკვირვება შესაძლებელია. სამედიცინო სფეროს ქესპერტები კი მიიჩნევენ, რომ აღნიშნული დათქმა შეცდომაში შემყვანია, რადგანაც მისი მეშვეობით შესაძლებელი ხდება აბორტის აკრძალვა ისეთ მოკლე ვადებზე, როგორიც ჩასახვიდან ექვსი კვირაა. სფეროს ექსპერტების თქმით, ეს ის დროა, როცა ქალების უმეტესობა იგებს, რომ ორსულადაა.

კანონის მიხედვით, ნებისმიერ პირს უჩნდება შესაძლებლობა უჩივლოს ექიმს, რომელიც პროცედურას ჩასახვიდან 6 კვირის შემდეგ პერიოდში ჩაატარებს. თუმცა ცვლილება არ ითვალისწინებს იმ ქალის პასუხისგებას, რომელიც პროცედურას ჩაიტარებს.

BBC-ს თქმით, ერთ ექიმს ახალი კანონის საფუძველზე უკვე უჩივლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი