ახალი ამბები

ავსტრიის პოლიციამ მმართველი პარტიის ოფისებში რეიდები ჩაატარა

6 ოქტომბერი, 2021 • 1898
ავსტრიის პოლიციამ მმართველი პარტიის ოფისებში რეიდები ჩაატარა

ავსტრიის პოლიციამ ქვეყნის მმართველი “სახალხო პარტიის” ოფისებში რეიდები ჩაატარა.

ინფორმაციას გერმანული “deutsche welle” ავრცელებს.

მედიის თანახმად, საპოლიციო ღონისძიებები დაკავშირებულია გაზეთებში შეცდომაში შემყვანი რეკლამების განთავსებასთან.

როგორც “deutsche welle” წერს, პოლიცია ეძებდა დოკუმენტებს ავსტრიის კანცლერის, სებასტიან კურცის პრეს-სპიკერის, იოჰანეს ფრიშმანისა და მრჩევლის, შტეფან შტეინის ოფისებში, ასევე, ფინანსთა სამინისტროს ერთ-ერთ დეპარტამენტში.

ავსტრიული გაზეთის, “Die Presse-ს” თანახმად, რეიდები უკავშირდება შესაძლო კორუფციულ დანაშაულს, რომელიც გაზეთებში რეკლამების გამოქვეყნებასა და საზოგადოებრივი აზრების კვლევებს უკავშირდება.

გაზეთის თანახმად, კურცი ეჭვმიტანილი იყო დანაშაულში ხელშეწყობაში.

ავსტრიის სახალხო პარტიის გენერალური მდივნის მოადგილის, გაბრიელა შვარცის თანახმად, ბრალდებები უსაფუძვლოა.

“ეს ყოველთვის ხდება მსგავსი მიზნითა და სქემით: მასიურად დაზიანდეს სახალხო პარტია და სებასტიან კურცი”, – განაცხადა მან.

შვარცის განცხადებით, რეიდები ჩატარდა “შოუს დასადგამად” და “ბრალდებები შექმნილია იმ მოვლენების შესახებ, რომელიც ხუთი წლის წინ მოხდა”.

ავსტრიაში შინაგან საქმეთა მინისტრი სახალხო პარტიას წარმოადგენს, ხოლო იუსტიციის მინისტრი- მწვანეებს.


ფოტო გარეკანზე: სებასტიან კურცი/Joe Klamar/AFP

მასალების გადაბეჭდვის წესი