ახალი ამბები | , , , , , ,

რას პასუხობს ოპოზიცია მელიას შეთავაზებას თბილისში კოალიციურ მთავრობაზე

6 ოქტომბერი, 2021 | | 19042
რას პასუხობს ოპოზიცია მელიას შეთავაზებას თბილისში კოალიციურ მთავრობაზე

ოპოზიციური პარტიები ეხმაურებიან ენმ-ის თავმჯდომარის და თბილისის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას მიერ დედაქალაქის კოალიციურ ჩრდილოვან მთავრობასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე კოალიციებში მონაწილეობას არ აპირებს.

“ჩვენ არავისთან კონსულტაცია არ გვქონია, ვაფასებ ჩვენს საარჩევნო შედეგებს და ვმუშაობთ იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი მხარდამჭერები პოლიტიკური წნეხისგან. რაც შეეხება კოალიციებს, ჩვენ ამ ეტაპზე არანაირ კოალიციებში მონაწილეობას არ ვაპირებთ. იმიტომ, რომ ჯერ კარგად უნდა გავაანალიზოთ ის შედეგები, რაც ამ არჩევნების შემდგომ დადგა”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

როგორც “ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია ამბობს, მათი ამომრჩევლისთვის მთავარი მოტივაცია არა კოალიცია, არამედ ივანიშვილის წინააღმდეგ ხმის მიცემაა, რაც თავისთავად ოპოზიციის კანდიდატის მხარდაჭერას გულისხმობს.

“ჩვენთვის მოტივაცია მეორე ტურებში გასვლის და ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ხმის მიცემის, არ არის კოალიცია, არის ძირითადად ამ რეჟიმის მორყევა. ამის გამო მოვუწოდებთ ჩვენ ყველა ჩვენს მომხრეს, 30 ათასი მომხრე გვყავს ქვეყანაში და სხვებსაც, ვისაც ხმას მივაწვდით, რომ პრინციპულია ახლა მისვლა და ივანიშვილის წინააღმდეგ ოპოზიციის კანდიდატების მხარის დაჭერა”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ “ტვ პირველთან”.

“ლელოს” წევრი ანა ნაცვლიშვილი კი აცხადებს, რომ კოალიციური მთავრობის გზავნილი საზოგადოებისგან მოდის და ოპოზიციის პასუხისმგებლობაა, რომ ეს დაკვეთა გაითვალისწინონ.

“ოპოზიციის პასუხისმგებლობაა, რეალურად ვაჩვენოთ საზოგადოებას, რომ ჩვენ შეგვიძლია, მიუხედავად განსხვავებისა, კოალიციურ ფორმატში მმართველობის შეთავაზება, იქ, სადაც, მიუხედავად ზეწოლებისა და მოსყიდვისა, საზოგადოებამ ნათლად და გაჭრილად ეს გზავნილი მოგვცა პოლიტიკურ კლასს”, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

კიდევ ერთი ოპოზიციონერი, პარტიის “ხალხისთვის” ლიდერი, ანა დოლიძე კი ამბობს, რომ კონსულტაციებისთვის ყველა მხარეს შეხვდება.

“მე, როგორც ამ არჩევნებში გამოკვეთილი პარტიის ლიდერი, აუცილებლად შევხვდები, იმიტომ, რომ ჩვენი ამოცანაა საკითხებზე საქმიანი კონსულტაცია ვაწარმოოთ ყველა მხარესთან”, – განაცხადა “ტვ პირველთან” ანა დოლიძემ.

გუშინ, 5 ოქტომბერს, მეორე ტურში გადასულმა თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ ტელეკომპანია “პირველთან” განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში თბილისის მთავრობის ჩრდილოვან კაბინეტს წარადგენს, რომელიც სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებით იქნება დაკომპლექტებული.

მელიას თქმით, დიალოგს ყველა პოლიტიკურ პარტიასთან გეგმავს განურჩევლად იმისა, თუ ვინ რა მხარდაჭერა მოიპოვა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურში.

2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხედვით თბილისის საკრებულოში ოპოზიციური პარტიებიდან მოხვდნენ: “ნაციონალური მოძრაობა”, გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის”, “ლელო”, “გირჩი – მეტი თავისუფლება” და ანა დოლიძის “ხალხისთვის”.

მელია: უახლოეს დღეებში თბილისის მთავრობის ჩრდილოვან კაბინეტს წარვადგენთ

 

მასალების გადაბეჭდვის წესი