ახალი ამბები

დისბალანსი ოქმებში: ბუნებრივი მიზეზები თუ მანიპულაცია?

6 ოქტომბერი, 2021 • 1983
დისბალანსი ოქმებში: ბუნებრივი მიზეზები თუ მანიპულაცია?

ცესკომ ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვათა საჩივრების განხილვა დაიწყო. როგორც ოპოზიცია, ისე მესამე სექტორი აღნიშნავენ, რომ 2020 წლის არჩევნების მსგავსად, წელსაც გამოწვევაა დაუბალანსებელი ოქმები რიგ საარჩევნო უბნებში.

ცენტრალური საარჩევნო კომისია საუბრობს დისბალანსის საკითხით “მანიპულაციის” მცდელობებზე და აცხადებს, რომ აღნიშნული პრობლემა, შესაძლოა, ადამიანური შეცდომით ან ტექნიკური საკითხებით იყოს განპირობებული.

არაერთ შემთხვევაში, კრიტიკოსები ეჭვის თვალით უყურებენ აღნიშნულ მტკიცებას და ელიან, როგორ უპასუხებს უწყება მათ საჩივრებს.

690 ამომრჩეველი & 720 ბიულეტენი და სხვა: როგორ ხსნიან დისბალანსებს უბნებზე?

ცესკოს ვებგვერდზე ათასობით შემაჯამებელ ოქმს შორის დაუბალანსებელი დოკუმენტების პოვნა დიდ დროს მოითხოვს, თუმცა არჩევნებიდან მესამე დღეს, არაერთი ასეთი ოქმი მოიპოვება პრესასა თუ სოციალურ ქსელებში.

პარტია “დროას” დამფუძნებელმა ელენე ხოშტარიამ არაერთი დაუბალანსებელი ოქმი გამოაქვეყნა ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.

ერთ-ერთი მათგანი საბურთალოს 86-ე საარჩევნო უბანზე შეადგინეს იმ ბიულეტენების დაჯამებისას, რომლებითაც ამომრჩევლები პროპორციული წესით ირჩევდნენ სასურველ კანდიდატებს.

ოქმში მითითებულია, რომ უბანზე სულ 690 ამომრჩეველი მივიდა, 30 ბიულეტენი კი გაბათილდა. თუმცა, გაუბათილებელი და გაბათილებული ბიულეტენების რაოდენობას თუ შევკრებთ,  690-ის ნაცვლად 720-ს ვიღებთ. როგორ?

საუბნო კომისიის თავმჯდომარემ, დარეჯან სამხარაძემ გვითხრა, რომ დისბალანსი ტექნიკური შეცდომაა, რომელიც უბანზე შექმნილ “ქაოსს” უკავშირდება. მისი თქმით, უბანზე 720 ამომრჩეველი გამოცხადდა, თუმცა მდივანმა შეცდომით მიუთითა რიცხვი უბანზე მისულ ამომრჩეველთა რაოდენობის აღმნიშვნელ გრაფაში.

საბურთალოს 86-ე საარჩევნო უბნის ერთ-ერთი შემაჯამებელი ოქმი

საბურთალოს 86-ე საარჩევნო უბნის ერთ-ერთი შემაჯამებელი ოქმი

“[მდივანმა] შეცდომით ჩაწერა იმიტომ, რომ იქ არეულობა მოხდა, უბანზე. თვითონ მდივანს შეეშალა და შეცდომით ჩაწერა. იმის ნაცვლად, რომ [საერთო რაოდენობისთვის] ბათილები მიემატებინა… [დააკლო]”, — გვითხრა მან.

ამ უბანზე შედგენილ არც დანარჩენ ორ შემაჯამებელ ოქმში ჯდება ბალანსი.

დარეჯან სამხარაძის თქმით, შეცდომა მხოლოდ საოლქო კომისიაში მისვლის შემდეგ შენიშნეს. მისი ინფორმაციით, კომისიის მდივანმა ახსნა-განმარტება უკვე დაწერა და შედეგებს თავიდან დაითვლიან.

სამხარაძის თანახმად, უბანზე შექმნილი “ქაოსი”, რომელიც შეცდომის მიზეზი გახდა, უკავშირდება ოპოზიციის წარმომადგენელთა მტკიცებას, რომ ადგილზე არჩევნები ყალბდებოდა:

“მოხდა ისეთი რაღაც: სპეცსიით ვინც იყო მოსული, ისინი სამივე ბიულეტენს ხომ ვერ მიიღებდნენ? ამის გამო იყო მაჟორიტარის ორით ნაკლები ბიულეტენი და ამას მოჰყვა ისეთი რამ, რომ ვითომ არჩევნები გაყალბდა.

როდესაც არჩევნები ყალბდება, ამ შემთხვევაში ბიულეტენების ნაკლებობა კი არ უნდა ყოფილიყო, მეტობა უნდა ყოფილიყო. ამას მოჰყვა ცოტა არეულობა”.

დისბალანსის კონტექსტში ყურადღებას იქცევს ვაკის 77-ე უბნის შემაჯამებელი ოქმიც, რომელიც პროპორციულ ბიულეტენებს მოიცავს. დოკუმენტის თანახმად, უბანზე 840 ამომრჩეველი მივიდა, თუმცა ბიულეტენების ჯამური ოდენობა (გაუბათილებელს+გაბათილებული) 891-ს უდრის.

დისბალანსს აქაც ტექნიკური მიზეზებით ხსნიან. საუბნო კომისიის თავმჯდომარე თინათინ ჯორბენაძე-წიკლაური გვეუბნება, რომ სამივე სახის (მერის, პროპორციული, მაჟორიტარების) გაბათილებული ბიულეტენები შეცდომით ერთად დააჯამეს.

ვაკის 77-ე საარჩევნო უბნის ერთ-ერთი შემაჯამებელი ოქმი

ვაკის 77-ე საარჩევნო უბნის ერთ-ერთი შემაჯამებელი ოქმი

“ყველა [ოქმს] ცალ-ცალკე უნდა ჰქონდეს მითითებული: მერს- მერის ბათილად ცნობილი ბიულეტენები, მაჟორიტარს — მაჟორიტარის ბათილად ცნობილი ბიულეტენები და პროპორციულს — პროპორციულის ბათილად ცნობილი ბიულეტენები.

მაგრამ ეს სამივე ტიპის ბათილად ცნობილი ბიულეტენები არის დაჯამებული და ყველას აქვს ეს [რიცხვი] მიწერილი. ამიტომ გამოდის, საერთო ჯამში, ზედმეტობით.

…ანუ, უბანი სწორად არის დათვლილი, უბრალოდ, ბოლოს არის დაშვებული სულელური შეცდომა, გადაღლის გამო”, — დასძინა თავმჯდომარემ “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

მასთან საუბრის შემდეგ დანარჩენი ორი ოქმიც შევამოწმეთ. მაჟორიტარული ნაწილის ოქმში ბათილი ბიულეტენების რაოდენობად ასევე 75-ია მითითებული, მერის არჩევნების ოქმში კი ეს გრაფა ცარიელია.

თინათინ ჯორბენაძე-წიკლაურის თქმით, უბანი ხელახლა გადაითვლება, ხმა არავის დააკლდება და არც ზედმეტობა იქნება.

ელენე ხოშტარიას მიერ გამოქვეყნებულ ოქმებს შორის ყველაზე დიდი დისბალანსით ისნის მე-2 საარჩევნო უბანი გამოირჩევა. უბნის სამივე შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, იქ რეგისტრირებულია 1719 ადამიანი, არჩევნებზე კი მივიდა 1752 (33-ით მეტი), რაც უკვე აჩენს კითხვის ნიშნებს.

თუმცა ეს ყველაფერი არ არის: პროპორციული ოქმის მიხედვით, დათვლილი ბიულეტენების რაოდენობა მხოლოდ 654-ია, მაჟორიტარულის შემთხვევაში —  652, მერისაში კი — 655. ეს მაშინ, როცა, როგორც უკვე ვთქვით, უბანზე მისულთა რაოდენობის გრაფაში 1 700-ზე მეტი მოქალაქე მიუთითეს.

ისნის მე-2 საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმები

აღნიშნული უბნის შედეგების შესახებ ინფორმაცია ცესკოს ვებგვერდზე 6 ოქტომბერს განახლდა. ოქმებზე მიბმული განკარგულების თანახმად, უბანი გადათვალეს, იქ მისულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა კი ჩაასწორეს და “1752” “655”-ით ჩაანაცვლეს.

დავინტერესდით, რამ განაპირობა შეცდომა, თუმცა საუბნო კომისიის წარმომადგენლებთან გასაუბრება ვერ შევძელით.

თავად ელენე ხოშტარია 200 უბნის გადათვლას ითხოვს. “დროას” დამფუძნებლის ინფორმაციით, ვაკეში, 72-ე უბანზე, შემაჯამებელ ოქმში მის პარტიას 0 ეწერა. თუმცა გადათვლის შედეგად აღმოჩნდა, რომ პარტიას 20 ხმა ჰქონდა.

“539 შემაჯამებელი ოქმის გადათვლას ვითხოვთ”

“5 ოქტომბრის 15:00 საათის მონაცემებით, 550 შემაჯამებელი ოქმის შედეგების ხელახლა გადათვლას ვითხოვთ. ამაში შედის პროპორციულიც, მაჟორიტარულიც და მერის [არჩევნებიც]”, — ეუბნება “ნეტგაზეთს” თამარ კორძაია, პარლამენტის წევრი.

მისი თქმით, თბილისსა და რეგიონებში, მხოლოდ პროპორციულ ნაწილში, “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” 1026 ოქმში გამოავლინა სხვადასხვა ხარისხის დისბალანსი. გაასაჩივრეს ის ოქმები, სადაც ამგვარი ან სხვა სახის პრობლემები განსაკუთრებით მწვავედ დგას.

მხოლოდ თბილისის მერის არჩევნების ნაწილში ენმ-მ 303 უბნის შემაჯამებელ ოქმებში აღრიცხა დისბალანსი, პროპორციულ ნაწილში კი — 323 უბნის შემაჯამებელ ოქმებში.

თამარ კორძაია

პარტიაში კვლავაც ითვლიან დისბალანსის სტატისტიკას, თუმცა თამარ კორძაია დასძენს, რომ ენმ-ის მიერ წარმოდგენილი საჩივრების დიდი ნაწილი სწორედ დაუბალანსებელ ოქმებს შეეხება — ნაკლებობას ან მეტობას.

პარტიაში ამბობენ, რომ შედეგების დაზუსტება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თვითმმართველობის კონტექსტში, როცა “მაჟორიტარები 1 ხმისთვისაც იბრძვიან”.

6 ოქტომბერს ცესკომ თქვა, რომ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით  72 საარჩევნო ოლქის 360 უბნის შედეგები გადათვალა. აღნიშნულს მას კანონმდებლობა ავალდებულებდა. უწყების განცხადებით, გადათვლის შემდეგ უცვლელი დარჩა 239 უბნის მონაცემები, 121 უბანზე კი მონაცემები მცირედით შეიცვალა.

თამარ კორძაია მიიჩნევს, რომ ცესკო მხოლოდ შემთხვევითი შერჩევის პრინციპს არ უნდა დასჯერდეს და შედეგები გადათვალოს იმ უბნებზე, სადაც აშკარად მწვავედ დგას დისბალანსი თუ სხვა სახის გადაცდომები.

“ბუნებრივი მიზეზები” — რას ამბობს ცესკო?

ცესკოს სიტყვებით, საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებში ე.წ. დისბალანსი, “როგორც გასულ წლებში, ახლაც ხდება მანიპულაციის თემა სხვადასხვა ჩართული მხარისთვის”.

“საარჩევნო ადმინისტრაცია ცალსახად აცხადებს, რომ წელს არაერთი ბერკეტი არსებობს თითოეული მონაცემის დეტალურად შესამოწმებლად და აღნიშნული საკითხით მანიპულირება მიუღებელია”, — დასძენს უწყება.

ცესკო ხაზს უსვამს, რომ თითოეულ შემაჯამებელ ოქმს ხელი მოაწერეს როგორც პროფესიული ნიშნით, ისე უფლებამოსილი პარტიების მიერ დანიშნულმა წევრებმა.

წყარო: ცესკო

წყარო: ცესკო

ამავე ბრიფინგზე ცესკომ საზოგადოებას განუმარტა, რა შემთხვევაში შეიძლება დაფიქსირდეს ოქმებში დისბალანსი “ბუნებრივი მიზეზების” გამო. ერთ-ერთი ასეთი მიზეზი, უწყების სიტყვებით, სპეცსიის ფაქტორია:

“ამომრჩეველი ამომრჩეველთა სიაში აკეთებს მხოლოდ ერთ ხელმოწერას. მიუხედავად იმისა, რომელი სახის არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს მას და რამდენი საარჩევნო ბიულეტენი გაიცემა მასზე.

შესაბამისად, მისი ხელმოწერა სამივე სახის არჩევნების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში აისახება კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობაში.

კანონმდებლობიდან გამომდინარე, სამივე სახის არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა ყველა ამომრჩეველს არ ჰქონია.

მაგალითად, როგორც ცნობილია, ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეყვანილ ამომრჩევლებს (საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები; სამხედრო მოსამსახურეები, სპეციალური წოდების მქონე პირები, პატიმრობაში მყოფი პირები, ამომრჩევლები, რომლებიც წვანან სამკურნალო დაწესებულებებში) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში არ აქვთ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ ან/და მერის არჩევნებში მონაწილეობის უფლება.

შესაბამისად, ამომრჩეველზე არ გაიცემა შესაბამისი არჩევნებისთვის განკუთვნილი საარჩევნო ბიულეტენი, რაც კენჭისყრის შედეგების შეჯამებისას თავისთავად გამოიწვევს საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობრივ ნაკლებობას კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერების ჯამთან მიმართებით”.

არჩევნები 2021; ფოტო: ბათუმელები

არჩევნები 2021; ფოტო: ბათუმელები

“ბუნებრივ მიზეზებს” შორის უწყება ასევე ასახელებს შემდეგ გარემოებებს:

  • სპეციალურ კონვერტში აღმოჩნდა დადგენილ რაოდენობაზე მეტი საარჩევნო ბიულეტენი, რაც გამოიწვევს საარჩევნო ბიულეტენების ბათილად ცნობას (აღნიშნული კი ხმების დაჯამებისას გამოიწვევს როგორც საარჩევნო ბიულეტენების ნაკლებობას, ასევე, მეტობას ხელმოწერების ჯამთან მიმართებით…)
  • რეგისტრატორი კომისიის წევრის მიერ ამომრჩეველზე არ იქნა გაცემული შესაბამისი რაოდენობის საარჩევნო ბიულეტენი; რაც ბუნებრივად იწვევს საარჩევნო ბიულეტენების ნაკლებობას კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩევლების რაოდენობასთან მიმართებით;
  • რეგისტრატორ კომისიის წევრს ამომრჩეველთა სამაგიდო სიაში გამორჩა ხელმოწერების გაკეთება, ისე გასცა ამომრჩეველზე საარჩევნო ბიულეტენი/საარჩევნო ბიულეტენები; რაც ბუნებრივად იწვევს საარჩევნო ბიულეტენების მეტობას კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩევლების ხელმოწერების ჯამთან;
  • ამომრჩეველზე გაიცა საარჩევნო ბიულეტენი, მაგრამ აღნიშნულის შემდეგ ამომრჩეველმა აღარ მიიღო მონაწილეობა არცერთ ან რომელიმე სახის არჩევნებში (არ შეავსო საარჩევნო ბიულეტენი ან არ მოათავსა საარჩევნო ბიულეტენი/ბიულეტენები საარჩევნო ყუთში).

ზოგიერთი კრიტიკოსი აღნიშნულ განმარტებებს სკეპტიკურად უყურებს. თამარ კორძაია იზიარებს მოსაზრებას, რომ შესაძლოა, დისბალანსი ზოგიერთ შემთხვევაში ბუნებრივ გარემოებებთან იყოს დაკავშირებული, მაგრამ არა — ყოველთვის.

“რა თქმა უნდა, მანიპულაციებია, ისევე, როგორც წინა არჩევნებზე… არაფრით არ აიხსნება ლოგიკურად ის, რატომ არის ნაკლები ბიულეტენი და რატომ — მეტი.

კარგი, შეიძლება, 1 არის ნაკლები და მოხდა შეცდომა, მაგრამ როდესაც 17 გაქვს ნაკლები, როცა 22 გაქვს ნაკლები ან 63 — მეტი, ეს ხომ რაღაცით უნდა აიხსნას? ამას ვერ ხსნიან”, — აღნიშნავს ის.

“ვფიქრობ, რომ არანაკლებია, ვიდრე წინა წელს იყო”

“სამართლიანი არჩევნების”(ISFED) აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე “ნეტგაზეთს” ეუბნება, რომ ორგანიზაცია კვლავ აანალიზებს 2 ოქტომბრის არჩევნების ტენდენციებს.

ამის გამო ISFED-ში კონკრეტულ მონაცემებთან დაკავშირებით საუბარი უჭირთ, თუმცა აღნიშნავენ, რომ ოქმებში დისბალანსის საკითხი წელსაც პრობლემური იყო, როგორც მეტობით, ისე — ნაკლებობით.

“შესაბამისად, კითხვის ნიშნები რჩება, ეს არის ტექნიკური შეცდომა, რომელიც შესაძლოა, კომისიის წევრს მოუვიდეს, თუ ეს არის ხმებით მანიპულაცია”, — დასძენს დოლიძე.

მისი თქმით, სწორედ ამის დასადგენად ითხოვს ორგანიზაცია შედეგების გადათვლას რიგ უბნებზე და ISFED-ის სამომავლო შეფასებაც დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ იმოქმედებს ცესკო:

“ვფიქრობ, რომ [დისბალანსის პრობლემა] არანაკლებია, ვიდრე წინა წელს იყო. ახლა, როცა გავაანალიზებთ, შესაძლოა, კიდევ უფრო მეტად პრობლემურიც [აღმოჩნდეს].

ფაქტია, რომ ეს პრობლემა გრძელდება და მოუგვარებელი რჩება საარჩევნო ადმინისტრაციას. არ ვიცით, ეს არის ნებით მოუგვარებელი თუ ამას ჰქონდა მიზანმიმართული სახე, რომ პრობლემები შექმნილიყო ან სხვა ტიპის შედეგები მიღებულიყო”.

დოლიძე ხაზს უსვამს, რომ იმის დადგენა, დისბალანსი ადამიანური შეცდომის შედეგია თუ მანიპულაცია, რთულია ინდივიდუალური მიდგომის გარეშე. მისი სიტყვებით, “შესაძლებელია, 1 ნაკლებობა იყოს გაყალბება და 5 ნაკლებობა იყოს ტექნიკური”:

“ვერ განაზოგადებ. 1 ბიულეტენი ზოგან შეიძლება იყოს ტექნიკური და ზოგან — მანიპულაცია. ამიტომ, ჩვენ განსხვავებული საჩივრები გვაქვს წარმოდგენილი ყველგან”.

ორგანიზაციაში “საერთაშორისო გამჭვირვალობა”(TI) ასევე მიაჩნიათ, რომ გაჩენილ კითხვებზე პასუხების გასაცემად უბნები უნდა გადაითვალოს.

“[დისბალანსისთვის] ბუნებრივი მიზეზი, შესაძლოა, არსებობდეს, მაგრამ რადგან საეჭვო გარემოებებზეა საუბარი, ამიტომ იქნება კარგი, რომ გაიხსნას უბანი, ჩვენი თვალით ვნახოთ, დავრწმუნდეთ და გვეცოდინება, სინამდვილეში რაზეა საუბარი”, — ამბობს TI-ის იურისტი თამთა კახიძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

მისი ინფორმაციით, ორგანიზაციას 200-მდე უბანზე ჰყავდა მივლენილი დამკვირვებლები, 12 უბანთან დაკავშირებით კი ოქმებში აღმოჩენილი დისბალანსის გამო საჩივარი დაწერა:

“თუ მეტობით დისბალანსი იყო, 1 ბიულეტენით მეტიც კი, ამ შემთხვევაში ვასაჩივრებდით და ნაკლებობის შემთხვევაში, 10-ზე მეტი თუ აკლდა, ამ შემთხვევაში. ყველგან გვაქვს იდენტური მოთხოვნა: შემაჯამებელი ოქმის გაუქმება და ხელახლა გადათვლა”.

იმის დასასაბუთებლად, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მსგავსი უბნების შედეგების კიდევ ერთხელ შემოწმება, თამთა კახიძეს 2020 წლის არჩევნების მაგალითი მოჰყავს, როცა საბურთალოს ერთ-ერთ უბანზე აღმოაჩინეს, რომ შემაჯამებელ ოქმში 90-ზე მეტი ბიულეტენის ნაკლებობა ფიქსირდებოდა.

“გავასაჩივრეთ ჩვენ ეს ოქმი, გაიხსნა ბიულეტენები და აღმოჩნდა, რომ რეალურად არსებობდა ეს ბიულეტენები, უბრალოდ არცერთ პარტიას არ ჰქონდა მითვლილი, არც ბათილებში იყო მითვლილი.

ეს ბიულეტენები იყო ოპოზიციური ხმები და უბრალოდ, იყო ასე დაკარგული. საინტერესოა, ასეთ შემთხვევას ხომ არ აქვს ადგილი რომელიმე უბანზე”, — დასძენს იურისტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი