ახალი ამბები

“მათი მიზანია, რეალურად გადაწერონ საქართველოს ისტორია” – დეკანოიძე ღარიბაშვილის განცხადებაზე

6 ოქტომბერი, 2021 • 1113
“მათი მიზანია, რეალურად გადაწერონ საქართველოს ისტორია” – დეკანოიძე ღარიბაშვილის განცხადებაზე

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას “ინტელექტუალურ სიმდაბლედ და ფსკერად” აფასებს და ამბობს, რომ ხელისუფლების მიზანი საქართველოს ისტორიის გადაწერაა.

“ღარიბაშვილის დღევანდელი წერილობით მიმართვა არის მორიგი, მე ვფიქრობ, გამორჩეული მაგალითი იმ ამორალურობის და ინტელექტუალური სიმდაბლის, იმ ფსკერის, რომელზეც დღეს იმყოფება პრემიერ-მინისტრად წოდებული ივანიშვილის მსახური და მთელი “ქართული ოცნება” და ხელისუფლება. სიძულვილის, ადამიანის სიმდაბლის, და ზოგადად, ყველაზე უფრო ამაზრზენი დამოკიდებულების გამოხატულება, ზუსტად ეს სიტყვები შეეფერება ღარიბაშვილის იმ მიმართვას, რომელიც დღეს გავრცელდა.

გულწრფელად რომ გითხრათ, ასეთი მიმართვა, სიმდაბლე, არაადამიანურობა შეშურდებოდა პუტინის გამორჩეულ პროპაგანდისტებსაც კი. ამ მიმართვით, ვფიქრობ, ყველამ საბოლოოდ გაიგო, უფრო სწორად, საქართველოს საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მიზანი მართლმსაჯულება და სამართალი კი არ არის, არამედ, ბიძინა ივანიშვილის მიზანია, რეალურად გადაწეროს საქართველოს ისტორია, შეურაცხყოფა მიაყენოს ვარდების რევოლუციას, და დიახ, ზოგადად, სიმდაბლით გამორჩეული ადამიანები, რომელსაც წარმოადგენს ღარიბაშვილი მის უფროსთან ერთად, ცდილობენ, რომ მთელი საქართველოს სახელმწიფო დაამცირონ”, – განაცხადა დეკანოიძემ.

დეკანოიძის თქმით, “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა იციან, რომ მიხეილ სააკაშვილი მათთვის შიშის ობიექტს წარმოადგენს და მათთვის გამოუვალ მდგომარეობას ქმნის. დეკანოიძის განცხადებით, სააკაშვილი საპატიმროში თავს მხნედ გრძნობს.

ღარიბაშვილმა დღეს, 6 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის საკუთარ ვერსიებზე ისაუბრა, მათ შორის, განაცხადა, რომ შესაძლოა ექსპრეზიდენტის ჩამოსვლის მიზეზი სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა ყოფილიყო. თუმცა, პრემიერ-მინისტრის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების მეორე დღეს, 3 ოქტომბერს, აქცია გაიმართებოდა, სადაც სააკაშვილი “მოულოდნელად” მივიდოდა, პოლიცია “წყლის ჭავლის ან მაქსიმუმ მხუთავი აირის გამოყენებით დაშლიდა მაქსიმუმ 5 000-კაციან შეკრებას” და სააკაშვილს დააკავებდა.

ამასთან, ღარიბაშვილმა “ვარდების რევოლუციაც” გაიხსენა და თქვა, რომ 2003 წელს სააკაშვილმა და ენმ-მ “იმუნიტეტდაქვეითებულ ქვეყანაში” ძალაუფლება “გადატრიალების გზით და ქვების სროლით იოლად მოიპოვა”.

პრემიერ-მინისტრმა საკუთარ განცხადებაში “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდზეც ისაუბრა და თქვა, რომ ენმ ყველაფრის უფლებას აძლევდა თავს და მათ უამრავი დანაშაული ჩაიდინეს, მათ შორის “მიიტაცეს თითქმის ყველა მედიასაშუალება, რაც ყველა წარუმატებლობის წარმატებად წარმოჩენის შესაძლებლობას აძლევდა”.

“სააკაშვილი საკუთარ თავს უმღეროდა „მიშა მაგარიას“ და თავისი სიცრუე თავადვე დაიჯერა. სინამდვილეში კი, „ნაციონალური მოძრაობა“ არის კრიმინალური მიდრეკილებების მქონე ხელმოცარული ადამიანების ჯგუფი, რომელსაც არაფრის სწორად დაგეგმვა და მართვა არ შეუძლია. სწორედ ამაშია ძაღლის თავი დამარხული. სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლა და ხელისუფლების გადატრიალება ზუსტად ისეთივე „წარმატებით“ დაგეგმა, როგორი „წარმატებითაც“ თავის დროზე ქვეყანას მართავდა. ასეთია მისი გუნდიც, „ნაციონალური მოძრაობაც“ და სწორედ ამიტომ იქცა მათი 9-წლიანი სახელისუფლო და 9-წლიანი ოპოზიციური საქმიანობა წარუმატებლობის 18-წლიან ისტორიად”, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

ღარიბაშვილმა განცხადებაში ასევე თქვა, რომ აბსურდულად მიაჩნია ვერსია, თითქოს სააკაშვილი ციხეში საკუთარი სურვილით ჩაჯდა და ეს წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი