ახალი ამბები

20-თვიანი დახურვის შემდეგ კლუბი KHIDI იხსნება

6 ოქტომბერი, 2021 • 1519
20-თვიანი დახურვის შემდეგ კლუბი KHIDI იხსნება

პანდემიის გამო 20-თვიანი დახურვის შემდეგ კლუბი KHIDI („ხიდი“) იხსნება.

კლუბის ღონისძიებებზე დასწრება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ვაქცინირების, კოვიდის ბოლო 6 თვეში გადატანის და ბოლო 2 დღეში PCR ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში.

კლუბის გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, KHIDI 8 ოქტომბერს უმასპინძლებს პირველ საპილოტე ღონისძიებას – #openculture-ს.

8 ოქტომბრის ღონისძიება 16-საათიანი იქნება და დაუკრავენ კლუბის „KHIDI რეზიდენტები და თბილისური სცენის ახალი ტალღის წარმომადგენლები“.

„
საპილოტე ღონისძიება OPEN CULTURE: KHIDI მიზნად ისახავს დახურულ სივრცეში ხალხმრავალი ღონისძიების მსვლელობის დროს ვირუსის გავრცელების რისკების კვლევას, კვლევის შედეგებზე დაყრდნობით სახელმძღვანელო დოკუმენტის შემუშავებას და ქვეყნის მასშტაბით საერთო სტანდარტის დანერგვას“, – წერია კლუბის განცხადებაში.

„გლობალურმა გამოცდილებამ, მაღალკვალიფიციურმა კვლევებმა და მრავალათასიანი საპილოტე ღონისძიებების შედეგებმა აჩვენა, რომ ღია და დახურული ღონისძიებების ჩატარებას აუდიტორიის წინასწარი ტესტირების გზით ნულამდე დაჰყავს ინფიცირებისა და პანდემიის გავრცელების რისკი“, – წერს კლუბი.

KHIDI-ს თანახმად, „კვლევები და შეგროვებული ინფორმაცია გვაძლევს საშუალებას, შევძლოთ ვირუსთან თანაცხოვრება ჯანმრთელობის რისკების მინიმუმამდე დაყვანით, რადგან ქალაქებში, სადაც მკაცრი რეგულაციების პარალელურად არ ტარდება ზრუნვის პოლიტიკა და არ ჩნდება ლეგალური ალტერნატივა, გაცილებით საშიში კერები ჩნდება“.

როგორც კლუბი წერს, წვეულებაზე დამსწრე პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობის პრევენციული შემოწმების მიზნით გამოყენებული იქნება სპეციალურად შექმნილი აპლიკაცია, რომელიც უზრუნველყოფს კოვიდ სტატუსის მქონე პირების იდენტიფიცირებას, ხოლო ღონისძიებაზე მოსახვედრად აუცილებელია პირი იყოს „მწვანე სტატუსის“ მატარებელი.

სტატუსის გადასამოწმებლად მსურველებს შეუძლიათ ეწვიონ ვებგვერდს: https://covidpass.moh.gov.ge/

მასალების გადაბეჭდვის წესი