“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ სენატორი ჯიმ რიში ქართველი არაა და არ იცის, 2012 წელს საქართველოში რა ხდებოდა.
ასე უპასუხა კობახიძემ ჯიმ რიშის განცხადებას, რომ 2 ოქტომბრის არჩევნები იყო წარმოუდგენლად იმედგამაცრუებელი და 2012 წლის არჩევნებთან შედარებით დრამატული უკან დახევა.
“როდესაც ადამიანი ერთმანეთს ადარებს 2012 წლის და 2021 წლის არჩევნებს, იმას რა უნდა მოჰკითხო, მე არ ვიცი, ეს არის წარმოუდგენელი რამ. იმ კაცმა[ჯიმ რიშმა] არ იცის და თქვენ ხომ იცით, რაც ხდებოდა 2012 წელს საქართველოში, თუ არ გახსოვთ? შეიძლება ბავშვი იყავით მაშინ. რა თქმა უნდა, ის არ არის ქართველი და არ იცის, აქ რა ხდებოდა. მაგრამ 2012 წელს რაც ხდებოდა, ეს იყო წარმოუდგენელი რამ, როცა ადარებ 2012 წელს და 2021 წელს, ეს ნიშნავს, რომ ან არ გახსოვს, რა ხდებოდა, ან სხვა რამეშია საქმე”, – განაცხადა კობახიძემ.
აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ჯიმ რიში, რომელიც საქართველოში ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებს კრიტიკულად აფასებს, ამბობს, რომ 2 ოქტომბრის არჩევნები უკან დახევაა 2012 წლის არჩევნებთან შედარებით, რომელსაც თავად აკვირდებოდა.
“საერთაშორისო თანამეგობრობა კვლავაც დიდ ყურადღებას დაუთმობს არჩევნების მეორე ტურს იმ [ოლქებში], რომელთა [შედეგიც] გადაწყვეტილი ჯერ არ არის”, — განაცხადა რიშმა და იქვე დასძინა:
“მე შეშფოთებული ვარ დაშინებისა და ხმების ყიდვის შესახებ ფართოდ გავრცელებული ცნობებით.”
„2 ოქტომბრის არჩევნები წარმოუდგენლად იმედგამაცრუებელი იყო“ — სენატორი რიში