აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ჯიმ რიში საქართველოში ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებს კრიტიკულად აფასებს.
სენატორის სიტყვებით, 2 ოქტომბრის არჩევნები საქართველოში იყო “წარმოუდგენლად იმედგამაცრუებელი და ეს იყო დრამატული უკან დახევა 2012 წლის არჩევნებთან შედარებით”, რომელსაც თავად აკვირდებოდა.
“საერთაშორისო თანამეგობრობა კვლავაც დიდ ყურადღებას დაუთმობს არჩევნების მეორე ტურს იმ [ოლქებში], რომელთა [შედეგიც] გადაწყვეტილი ჯერ არ არის”, — განაცხადა რიშმა და იქვე დასძინა:
“მე შეშფოთებული ვარ დაშინებისა და ხმების ყიდვის შესახებ ფართოდ გავრცელებული ცნობებით.
მეორე ტურის ორგანიზების პარალელურად, საქართველოს მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს ეუთოს მიერ ხაზგასმული საკითხები, განსაკუთრებით, საარჩევნო პერიოდში დაფიქსირებული ძალადობა და არათანაბარი პირობები იმ პარტიებისთვის, რომლებიც მმართველ პარტიას უპირისპირდებიან.
სამართლიანი და ღია საარჩევნო პროცესი ძლიერი დემოკრატიის ნიშანია”.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა საქართველოს 20 ქალაქში ვერ გამოავლინა მერობისთვის მებრძოლი გამარჯვებული კანდიდატი, მათ შორის, ვერც თბილისში.
ამასთან, “ქართული ოცნება” რამდენიმე მუნიციპალიტეტის საკრებულოში კარგავს უმრავლესობას.
ამ საკრებულოების დიდ ნაწილში უმრავლესობის დასაკომპლექტებლად კოალიციის შექმნა გახდება საჭირო, ხოლო ზუგდიდში უმრავლესობას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ერთპიროვნულად დააკომპლექტებს.