ახალი ამბებისაზოგადოება

რა დაემართა გახარიას რეიტინგს

5 ოქტომბერი, 2021 • 5691
რა დაემართა გახარიას რეიტინგს

გიორგი გახარიას პარტიამ, რომელიც წინასაარჩევნოდ მზარდი რეიტინგით გამოირჩეოდა, საქართველოს მასშტაბით პროპორციულად ხმების 7.79% მიიღო.

მაშინ, როდესაც არჩევნების კვირაში გამოქვეყნებული Edison Research-ის კვლევითაც, პარტიას “საქართველოსთვის” 11%-იანი მხარდაჭერა ჰქონდა, საბოლოოდ პარტიის მიერ მიღებული შედეგები ბევრი ანალიტიკოსისთვის მოსალოდნელზე ნაკლები აღმოჩდა.

რამ განაპირობა გახარიას პარტიის შედეგი, ვის სასარგებლოდ იმოქმედა მისი პარტიის მიერ მხარდაჭერის დაკარგვამ და რა ტიპის ელექტორატი მიიმხრო საბოლოოდ ექსპრემიერმა?

ვინ (ვერ) მოიგო შუას გაკრეფით

საარჩევნო მარათონში გიორგი გახარიას ჩართვის შემდეგ, ანალიტიკოსები მისი წარსულიდან გამომდინარე ვარაუდობდნენ, რომ “ოცნების” მხარდამჭერების მნიშვნელოვანი ნაწილი ექსპრემიერის ახალ პარტიას მიემხრობოდა. იმას, რომ გახარიას პარტია მეტწილად სწორედ “ქართული ოცნების” ამომრჩევლებს მოსწონდათ, ადასტურებდა 27 სექტემბერს “ფორმულას” დაკვეთით Edison Research-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევაც, სადაც მათი 12%, ვინც ამბობდა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმა “ქართულ ოცნებას” მისცა, თვითმმართველობის არჩევნებში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის “საქართველოსთვის” მხარდაჭერას აპირებდა. თავად გახარიას პარტიას კი, ჯამში, ამ კვლევით 11%-იანი რეიტინგი ჰქონდა, მაგრამ საბოლოოდ არჩევნებში უფრო ნაკლები, კერძოდ 7.79% მიიღო.

გიორგი გახარიას პარტიის შედეგებზე საუბრისას ანალიტიკოსები რამდენიმე ფაქტორს გამოყოფენ, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი, რამაც მისი საბოლოო მხარდაჭერა განსაზღვრა, მათი აზრით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება აღმოჩნდა.

როგორც პოლიტიკის ანალტიკოსი გია ხუხაშვილი ნეტგაზეთთან ამბობს, ელექტორალური თვალსაზრისით გახარია “ნაციონალური მოძრაობის” და სხვა ოპოზიციური პარტიების კონკურენტად საერთოდ არ განიხილებოდა. სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებამ “შუა გაკრიფა” და გახარიას მიერ “ქართული ოცნებიდან” მიმხრობილი ამომრჩეველი ისევ “ოცნებას” დაუბრუნა, რადგან მათ იფიქრეს, რომ მმართველ პარტიას უფრო მეტი შანსი ექნებოდა, ექსპრეზიდენტისთვის ხელისუფლებაში დაბრუნებაში შეეშალა ხელი, ვიდრე რამდენიმე თვის წინ დაფუძნებულ პოლიტიკურ გაერთიანებას – “საქართველოსთვის”.

ხუხაშვილი საბოლოო შედეგის განმსაზღვრელ მეორე ფაქტორად წინასაარჩევნოდ ხელისუფლების მიერ გახარიას ხმების მანიპულირებას ასახელებს. ის ვარაუდობს, რომ გაუქმებული ბიულეტენების დიდი ნაწილი სწორედ გიორგი გახარიასთვის მიცემული ხმებია. ამ დროისთვის გახარიას პარტია არაერთ ოლქში ითხოვს უბნების გადათვლას. ამ საკითხს ნათელი, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში მოეფინება, როდესაც საჩივრების განხილვის პროცესი დაიწყება. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ცესკოს საბოლოო მონაცემი, ცდომილების ზღვრის გათვალისწინებით, არჩევნების დღეს ჩატარებულ სამივე ეგზიტპოლს ემთხვევა გახარიას პარტიის ნაწილში.

ხუხაშვილის აზრით, საქართველოში არსებული პოლიტიკური ორპოლუსიანობის პირობებში გახარიას პარტიის მიერ მიღებული შედეგები მაინც სერიოზულია.

“ასე წყალში ნუ გადავყრით ამას. ბუნებრივია, ეს შედეგი “ქართული ოცნების” ხარჯზე აქვს, ეს ჩანდა კამპანიაშიც და ყველგან. “ქართული ოცნების” [ამომრჩეველი] კი არა, ეს იყო სამობილიზაციო ელექტორატი, რომელიც მოწყვლადია “ანტიმიშას” მიმართ და რომელიც ხელისუფლებამ წლების განმავლობაში შექმნა. მაგრამ, ამასთანავე, კრიტიკულად არის განწყობილი არსებული ხელისუფლების მიმართაც”, – აღნიშნავს გია ხუხაშვილი.

2 ოქტომბრის არჩევნების შედეგების საბოლოოდ გადანაწილებას ისევ “ქართულ ოცნებასა” და ენმ-ს შორის  ზოგადი კანონზომიერებით ხსნის პოლიტოლოგი გია ნოდია. მისი თქმით, გახარიას პარტიის შედეგებზე შესაძლოა მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებასაც ემოქმედა, რადგან ამ ფაქტორმა როგორც “ოცნების”, ისე ენმ-ის მხარდამჭერების მობილიზაცია მოახდინა.

“ზოგადად, ისტორიულად ტენდენცია არის, არამარტო ამ არჩევნების, რომ არჩევნების დღეს ამომრჩევლები უფრო ფოკუსირდებიან ორ ძირითად პარტიაზე. ისინი ან სახელისუფლებო პარტიას აძლევენ ხმას, ან ძირითადად ოპოზიციურ პარტიას და, ასე ვთქვათ, მესამე, მეოთხე და მეხუთე პარტიები ზარალდებიან. მოლოდინთან შედარებით მათ ნაკლები ხმა აქვთ. არსებობს ეს ზოგადი კანონზომიერება. ამ შემთხვევაში არ გამოვრიცხავ, რომ სააკაშვილის ჩამოსვლა იყო ერთგვარი ფაქტორი, რომელმაც მობილიზაცია მოახდინა როგორც ნაციონალური მოძრაობის, ისე “ქართული ოცნების” ამომრჩევლის. შესაბამისად, შეიძლება, ნაწილი, რომელიც გახარიასთან გადავიდა “ქართული ოცნებიდან”, მას დაუბრუნდა ამ მოვლენის გავლენით”, – ამბობს გია ნოდია.

ვინ არის გახარიას ამომრჩეველი

„კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის“ (CRRC-ის) უფროსი ანალიტიკოსი დავით სიჭინავა ნეტგაზეთთან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს 2021 წლის არჩევნებს ადარებს და ამბობს, რომ წელს “ოცნებამ” დაახლოებით 107 ათასით ნაკლები ხმა მიიღო, ვიდრე შარშან, გახარიას პარტიამ კი 130- ათასი. მისი თქმით, რომ არა არჩევნებამდე ბოლო ორი დღეში განვითარებული მოვლენები, გახარიას პარტიისგან უფრო მეტი შედეგი იყო მოსალოდნელი.

ამასთან, სიჭინავას თქმით, ისიც ცხადი იყო, რომ მმართველი ძალა გრძნობდა, გახარიას პარტიას მიჰყავდა მისი აუდიტორია და, შესაბამისად, საკმაოდ აქტიურად მიდიოდა მათზე შეტევა. „ვნახეთ, „ქართულ ოცნებას“ რა ზეწოლაც ჰქონდა გახარიას პარტიის კანდიდატებსა და აქტივისტებზე რეგიონებში; და საოცრებებს ლაპარაკობდნენ კამპანიის დროსაც, იგივე ბრალდებები „კოკაინშიკობაზე“, „მოღალატეობაზე“, „სისხლიან ბანერებზე“ და ა.შ. მეორე მხრივ, ოპოზიციაც „თვალთხარიას“ უწოდებდა“.

“ამ ეტაპზე რაოდენობრივი ანალიზის საშუალება არ გვაქვს, თუმცა, სავარაუდოდ, არის ის, რომ ბოლო მომენტში სწორედ სააკაშვილის გამოჩენამ უბიძგა გახარიას უფრო მეტ ამომრჩეველს, ისევ “ოცნებისთვის” დაეჭირა მხარი და არა გახარიასთვის. სავარაუდოდ, ეს ფაქტორი იყო”, – აცხადებს დავით სიჭინავა.

ანალიტიკოსის თქმით, საინტერესოა ის, თუ საიდან მოვიდა გახარიას ამომრჩეველი. სპეციალური სტატისტიკური მეთოდის გამოყენებით შედგენილი დიაგრამაზე დაყრდნობით, რომელიც საუბნო მონაცემების ანალიზის საფუძველზე შეადგინა სიჭინავამ, ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ გახარიას ამომრჩევლების უდიდესი ნაწილი “ოცნების” მხარდამჭერებიდან, საკმაოდ მცირე ნაწილი კი უფრო მცირე ოპოზიციური პარტიებიდან წამოვიდა.

დიაგრამა/დავით სიჭინავა

დიაგრამის ამხსნელი დავით სიჭინავასგან - დააკლიკეთ
პასუხი იმაზე, თუ ვისი ამომრჩეველი სად წავიდა, რატომ წავიდა, ვისთან წავიდა და ა.შ. არსებობს ასეთი ცნება, ე.წ. voter transition, ანუ არჩევნებს შორის რომელი პარტიის/კანდიდატის ხმა საით მიეშურება ხოლმე. 2020 და 2021 წლის არჩევნების საუბნო შედეგებზე დაყრდნობით, წარმოგიდგენთ დიაგრამას, რომელიც ამ ორ არჩევნებს შორის ხმების „გადადინების“ შესახებ გვაძლევს გარკვეულ წარმოდგენას. როგორც ჩანს, მსხვილი პარტიების ამომრჩევლების დიდი ნაწილი საკმაოდ ერთგულია. მართალია, „ოცნების“ და ენმ-ის ხმებს შორის გარკვეული ტიპის „მიმოცვლასაც“ ვხედავთ, მაგრამ სავარაუდოა, რომ ეს გარკვეული ტიპის სტატისტიკური არტეფაქტია. კიდევ ერთი საინტერესო სურათი იკვეთება გახარიას „საქართველოსთვის“ შემთხვევაში, რომელიც დიდწილად „ოცნების“ ყოფილი ამომრჩევლებით საზრდოობს, ასევე – ნაწილობრივ მიიზიდა ის ხალხი, რომლებმაც გასულ არჩევნებზე მცირე პარტიებს მისცა ხმა. ენმ-მ, როგორც ჩანს, „ევროპული საქართველოს“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ამომრჩევლების მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერა მოიპოვა, რაც ასევე ხსნის ამ ორი პარტიის საკმაოდ ცუდ შედეგს მიმდინარე არჩევნებზე. მცირედი განმარტება სტატისტიკის მოყვარულთათვის: წარმოდგენილი ეფუძნება ე.წ. ეკოლოგიურ სტატისტიკურ დასკვნას (ecological inference), რაც აგრეგირებული მონაცემებიდან (მაგ. არჩევნების საუბნო შედეგები) ინდივიდუალური ქცევის შესახებ პროგნოზის გაკეთებას გულისხმობს. რა თქმა უნდა, ამ მეთოდს თავის პრობლემები გააჩნია (თუნდაც დაჯგუფებული მონაცემებიდან ინდივიდუალური ქცევის შესახებ დასკვნის გამოტანა), თუმცა, მგონი, ჩვენს შემთხვევაში, საინტერესო სურათს გვაძლევს.

“ანუ, მან შეძლო, ერთი მხრივ, გადმოებირებინა “ოცნების” მხარდამჭერების ნაწილი და, მეორე მხრივ, ასევე მიემხრო ის ხალხი, ვინც წინა არჩევნებში სხვა ოპოზიციურ პარტიებს უჭერდა მხარს. მონაცემების ანალიზი ამის თქმის საშუალებას გვაძლევს… 2020 წლის საუბნო დონის შედეგებს 2021 წელს თუ შევადარებთ, ხმების გადადინება მეტნაკლებად სწორედ ამ მიმართულებით [ქართული ოცნებიდან და სხვა ოპოზიციური პარტიებიდან] გამოვიდა. ჩვენ არ ვიცით, რამდენია ახალი ამომრჩეველი, ანუ, ვინც წინა არჩევნებზე არ იყო და შემდეგ გახარიას დაუჭირა მხარი და მონაწილეობა მიიღო ამ არჩევნებში. ამიტომ, თუ 2020-ს და 2021 წელს შევადარებთ, მნიშვნელოვანი ნაწილი, რა თქმა უნდა, “ოცნების” ამომრჩეველი იყო, მაგრამ ასევე მცირე პარტიებიდანაც მოახდინა ხალხის მობილიზება”, – ამბობს დავით სიჭინავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი