ახალი ამბები

“ძალიან მაგარი შედეგები გვაქვს” – სააკაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს

4 ოქტომბერი, 2021 • 1401
“ძალიან მაგარი შედეგები გვაქვს” – სააკაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ  სააკაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს და აცხადებს:” ქოცური ხელისუფლების დღეები დათვლილია”.

სააკაშვილის შეფასებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციამ “მაგარი” შედეგები აჩვენა.

“ძალიან მაგარი შედეგები გვაქვს ამ ბოლო რეფერენდუმზე. ადგილობრივ არჩევნებში ეს მთავრობა ყოველთვის იგებდა უმარტივესად, ზედმეტი დაძაბვაც არ სჭირდებოდათ ხოლმე. ახლა, როცა ეგონათ, რომ საბოლოოდ გატეხეს ხალხი, ყველა დიდ ქალაქში არის მეორე ტური, აქედან რამდენიმეში წინ არის ნაციონალური მოძრაობა. ეს ნიშნავს მხოლოდ ერთს – არათუ მხოლოდ არ მოვდუნდით, არამედ კიდევ უფრო მეტად ვიბრძოლეთ. ქოცური ხელისუფლების დღეები დათვლილია. ვამაყობ თქვენით!”, – წერს სააკაშვილი.


საქართველოში 2 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. არჩევნების პირველადი შედეგების თანახმად, “ქართული ოცნება” რამდენიმე მუნიციპალიტეტის საკრებულოში უმრავლესობას კარგავს.

20 ქალაქში კი არჩევნებმა ვერ გამოავლინა მერობისთვის მებრძოლი გამარჯვებული კანდიდატი. ეს ნიშნავს, რომ ამ ქალაქებში ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო ხმების 50%-ზე მეტის მოპოვება, მათ შორის, არის თბილისიც, სადაც ერთმანეთს მეორე ტურში კახა კალაძე და ნიკა მელია დაუპირისპირდებიან.

ენმ-სა და „ქართული ოცნების“ კანდიდატები მეორე ტურში ერთმანეთს 17 ქალაქში დაუპირისპირდებიან, მეორე ადგილზე მხოლოდ ცაგერში გავიდა გიორგი გახარიას პარტიის კანდიდატი ბესარიონ ბენდელიანი და ასევე, ორ ქალაქში — თიანეთსა და ოზურგეთში — „ოცნებას“ დაუპირისპირდებიან დამოუკიდებელი კანდიდატები თამაზ მეჭიაური და კონსტანტინე შარაშიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი