ახალი ამბები

“ახლა ბიდონი აიღეთ და იბრძოლეთ მეორე ტურებში გასამარჯვებლად” – წულუკიანი ოპოზიციას

4 ოქტომბერი, 2021 • 913
“ახლა ბიდონი აიღეთ და იბრძოლეთ მეორე ტურებში გასამარჯვებლად” – წულუკიანი ოპოზიციას

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტურის შემდეგ აცხადებს, რომ “ქართული ოცნება”, როგორც პარტია, გამარჯვებულია და ბევრად მეტი ხმა აქვს, ვიდრე “ოპოზიციის მიერ გამოგონილი და გარედან ბეჭედდასმული 43 პროცენტი იყო”.

ამის შესახებ წულუკიანი “ფეისბუქზე” ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც არჩევნების შედეგებს განიხილავს და ოპოზიციის სცენარს “ჩაფლავებულად” აფასებს და მოუწოდებს, რომ “ბიდონი” აიღონ და მეორე ტურებში გასამარჯვებლად იბრძოლონ.

როგორც წულუკიანი წერს:

  • შესაბამისად, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების საკითხი საბოლოოდ მოხსნილია დღის წესრიგიდან;

  • არეულობისა და რევოლუციის სცენარი ჩაფლავებულია;

  • დესტრუქციული ოპოზიციის დამნაშავე ბელადი ციხეშია, რუსთაველზე რევოლუციისა და სამოქალაქო დაპირისპირების ორგანიზატორობის ნაცვლად;

  • უფრო მეტიც, ციხეში მყოფი ფიურერი აღფრთოვანებულია, რომ ზოგიერთ ადგილას მაინც ოპოზიცია მეორე ტურში გადავიდა და სისხლიანი რევოლუცია ჩაფლავდა (უცნაურია მისგან, მაგრამ ასე გვაუწყებენ მისი მეგობრები);

  • დღეს დილით ხელისუფლებაში უნდა ყოფილიყვნენ და არ ჩანან რაღაც;

  • ოცნების გუშინდელი პარტიული შედეგი (აღარაფერი რომ არ ვთქვათ გამარჯვებული მერებისა და მაჟორიტარების ოდენობაზე), აჩვენებს, რომ შარშანდელი არჩევნების სიყალბეზე საუბარი იყო უცხოელების თავის მოსაწონებლად ოპოზიციის მიერ გამოგონილი მითი;

  • მოკლედ… ეხლა ბიდონი აიღეთ და იბრძოლეთ მეორე ტურებში გასამარჯვებლად, სადაც აუცილებლად დამარცხდებით. ეს შემოგითვალათ გუშინ იმ აღფრთოვანებულმა კაცმა ციხიდან, რომლის დანაშაულებზეც იდექით მთელი ცხოვრება. დანებდითო? ჰოდა, კარგიაო, გითხრათ.

თავის ვრცელ პოსტში წულუკიანი სააკაშვილის პატიმრობაზეც საუბრობს, მას ბელადს უწოდებს და ამბობს, რომ ციხეში მყოფი სააკაშვილი თანაპარტიელების “სათამაშო” გახდა.

“PS ბელადმა, მომწონს აქაურობაო, კარგად უმუშავია ქართულ ოცნებას ციხეებში პირობების გასაუმჯობესებლადო და დუბინკებით კი არ მომიწყვეს დერეფანში ე.წ. მიღება, არამედ სელფი გადაიღეს ჩემთან ერთადო (რავა მოუხდა სამშობლოს ჰავა, რაც ჩამოვიდა, სუ აღფრთოვანებული და გაღიმებულია). ჰოდა, ახლა ორი კითხვა:

1. ქართული ოცნების მიერ შექმნილ ქართულ ციხეში ტელევიზორი ფუფუნება არაა, ყველას აქვს. პატიმარმა თავად უნდა შეიტანოს თავის საკანში, როგორიც უნდა ისეთი, და როცა სახლში წავა, თან წაიღებს (ვგულისხმობ, რომ მიშასნაირებს მიაქვთ ხოლმე). და უყიდეთ? შეუგზავნეთ? ჯერ არა? აჰ. გასაგებია, გირჩევნიათ, რომ თქვენ მიერ მოყოლილი ამბების მიხედვით არეგულიროთ მისი აღფრთოვანება. ასე ჯობს მართლაც, მისთვისაც და თქვენთვისაც.
2. ქართული ოცნების მიერ შექმნილ ქართულ ციხეში ასევე შეიძლება კომპიუტერის ქონა, თუ დაასაბუთებს, რომ სჭირდება (მემუარების წერა თუ გადაწყვიტა, მაგალითად), მაგრამ მკაცრად აკრძალულია ინტერნეტი და ტელეფონი. მაშ, ვინ წერს ამ პოსტებს სოციალურ ქსელებში ბელადის სახელით? თქვენვე წერთ? თუ, გიკარნახებთ ხოლმე შეხვედრისას აზრს და მერე ლამაზ ფორმულირებებსა და შეძახილებს თქვენ არეგულირებთ? გმადლობთ, ყველაფერი გასაგებია.
თქვენი სათამაშო რომ გახდა ეს ამოტოლა ბელადი, მარტო ეგ გეყოფათ საბოლოო კრახად”, – ამბობს წულუკიანი.


საქართველოში 2 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. არჩევნების პირველადი შედეგების თანახმად, “ქართული ოცნება” რამდენიმე მუნიციპალიტეტის საკრებულოში უმრავლესობას კარგავს.

20 ქალაქში კი არჩევნებმა ვერ გამოავლინა მერობისთვის მებრძოლი გამარჯვებული კანდიდატი. ეს ნიშნავს, რომ ამ ქალაქებში ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო ხმების 50%-ზე მეტის მოპოვება, მათ შორის, არის თბილისიც, სადაც ერთმანეთს მეორე ტურში კახა კალაძე და ნიკა მელია დაუპირისპირდებიან.

სულ ენმ-სა და „ქართული ოცნების“ კანდიდატები მეორე ტურში ერთმანეთს 17 ქალაქში დაუპირისპირდებიან, მეორე ადგილზე მხოლოდ ცაგერში გავიდა გიორგი გახარიას პარტიის კანდიდატი ბესარიონ ბენდელიანი და ასევე, ორ ქალაქში — თიანეთსა და ოზურგეთში — „ოცნებას“ დაუპირისპირდებიან დამოუკიდებელი კანდიდატები თამაზ მეჭიაური და კონსტანტინე შარაშიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი