ახალი ამბები

ოპოზიციამ ვერ შეძლო სასურველი მიზნის მიღწევა, რომლითაც ქვეყანაში არეულობას შემოიტანდა – ღარიბაშვილი

3 ოქტომბერი, 2021 • 1219
ოპოზიციამ ვერ შეძლო სასურველი მიზნის მიღწევა, რომლითაც ქვეყანაში არეულობას შემოიტანდა – ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, “ქართული ოცნება” თვითმმართველობის არჩევნებში 43%-იან ზღვარს ასცდა, ოპოზიციამ ვერ მიიღო საკმარისი ხმები “რომლითაც შეეცდებოდნენ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის პროვოცირებას და არეულობის შემოტანას”. ამის შესახებ ღარიბაშვილმა დღეს, 3 სექტემბერს ისაუბრა.

ღარიბაშვილის თქმით, არჩევნების შედეგები მმართველი პარტიისთვის მისასალმებელია, რადგან 64 მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ 20-ში დაინიშნა მეორე ტური, განსხვავებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისგან, როდესაც მეორე ტური ოლქების 56%-ში დაინიშნა.

“„ქართულმა ოცნებამ“ მთელი საქართველოს მასშტაბით დამაჯერებლად გაიმარჯვა და 47%-იანი შედეგით კიდევ ერთხელ მოიპოვა მოსახლეობის ნდობა და მართვის მანდატი. ამისთვის მე მინდა ჩემი გულწრფელი მადლობა გადავუხადო ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ამომრჩეველს, კიდევ ერთხელ გამოცხადებული ნდობისთვის და მართვის მანდატის დამტკიცებისთვის. დიდი პატივია და დიდი პასუხისმგებლობა.

„ნაციონალირი მოძრაობა“ და დესტრუქციული ძალები კიდევ ერთხელ, უკვე მერვედ დამარცხდნენ ქართველ ხალხთან და „ქართულ ოცნებასთან“ ბრძოლაში. მოგეხსენებათ, რომ ოპოზიციამ ვერ შეძლო, მიეღწია სასურველი მიზნისთვის და მათ ვერ დააფიქსირეს ის შედეგი, რომლითაც შეეცდებოდნენ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის პროვოცირებას და არეულობის შემოტანას.

64 მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ 20-ში, ანუ 31%-ში დაინიშნა მეორე ტურები. აქვე შეგახსენებთ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისას მეორე ტური დაინიშნა ოლქების 56%-ში. შესაბამისად, ეს ჩვენსთვის მისასალმებელი შედეგია და ხაზს უსვამს იმ დემოკრატიულ და სამართლიან საარჩევნო გარემოს, რომელიც საქართველოში სწორედ „ქართული ოცნების“ ძალისხმევით შეიქმნა”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, “ქართული ოცნების” კანდიდატები მეორე ტურში 20-ვე საარჩევნო ოლქში დამაჯერებლად გაიმარჯვებენ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით [11:00 საათი], 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა საქართველოს 20 ქალაქში ვერ გამოავლინა მერობისთვის მებრძოლი გამარჯვებული კანდიდატი.

20 ქალაქი, სადაც მერის ასარჩევად მეორე ტური გაიმართება — სია

მასალების გადაბეჭდვის წესი