ახალი ამბები

ჩვენთვის განსაკუთრებით საწყენია, რომ II ტურის ჩატარება თბილისშიც გახდა საჭირო — კობახიძე

3 ოქტომბერი, 2021 • 1580
ჩვენთვის განსაკუთრებით საწყენია, რომ II ტურის ჩატარება თბილისშიც გახდა საჭირო — კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმდჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, მათთვის საწყენია, რომ თბილისის მერის ასარჩევად არჩევნების მეორე ტურის ჩატარებაა საჭირო. ამის შესახებ მან დღეს, 3 ოქტომბერს, ცესკოს წინასწარი მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ განაცხადა.

წინასწარი შედეგების მიხედვით, თბილისის მერობისთვის მეორე ტურში კახა კალაძე და ნიკა მელია იბრძოლებენ.

“ქართული ოცნების” მერობის კანდიდატებმა არჩევნები პირველივე ტურში მოიგეს 64-დან 44 საარჩევნო ოლქში. მეორე ტური ჩატარდება მხოლოდ 20 მუნიციპალიტეტში. რა თქმა უნდა, ჩვენთვის განსაკუთრებით საწყენია, რომ მეორე ტურის ჩატარება საჭირო გახდა თბილისშიც.

თუმცა, ბუნებრივია, ეჭვი არავის გვეპარება, რომ კახა კალაძე საბოლოოდ მოიგებს ამ არჩევნებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კახა კალაძეს ეყოლება მყარი უმრავლესობა თბილისის საკრებულოში მომდევნო 4 წლის განმავლობაში. ცესკოს წინასწარი მონაცემების თანახმად, ქართული ოცნება, სულ მცირე, 29 წევრით იქნება საკრებულოში წარმოდგენილი, უმრავლესობას 26 წევრი სჭირდება.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ქართული ოცნების გუშინდელი დამაჯერებელი გამარჯვება იყო საქართველოში მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების გამარჯვება”, — განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.

20 ქალაქი, სადაც მერის ასარჩევად მეორე ტური გაიმართება — სია

მასალების გადაბეჭდვის წესი