ახალი ამბები

“ოცნება”: ჩვენი პარალელური დათვლის საიტზე კიბერშეტევა მიმდინარეობს

3 ოქტომბერი, 2021 • 1085
“ოცნება”: ჩვენი პარალელური დათვლის საიტზე კიბერშეტევა მიმდინარეობს

“ქართული ოცნების” წევრის, შალვა პაპუაშვილის თქმით, პარტიის საიტზე, სადაც პარალელური დათვლის შედეგები უნდა გამოქვეყნდეს, კიბერშეტევა მიმდინარეობს. პაპუაშვილი ამაში “ნაციონალურ მოძრაობას” ადანაშაულებს.

“მიდის შეტევა ჩვენს ვებ-გვერდზე, სადაც ხდება პარალელური დათვლის შედეგების გამოქვეყნება. პირდაპირ არის ჰაკერული შეტევა ვებ-გვერდზე, რათა გატეხონ ეს სერვერი. ნახევარ მილიონზე მეტი მოთხოვნაა გაგზავნილი სხვადასხვა ქვეყნიდან – ბრაზილია, ტაივანი… არ მგონია, მათ მაინცდამაინც აინტერესებდეთ საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ეს პირდაპირ მიუთითებს, რომ კოორდინირებული მოქმედებაა, როგორც უბნებზე და ოლქებში, ისე ვირტუალურ სივრცეში, რასაც სხვა დროსაც ვხედავდით.

ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, მივმართავთ “ნაციონალურ მოძრაობას”, რომ არ გამოუვათ ამ პროცესის ჩაშლა. მთელი დღე იყო მშვიდობიანი, დათვლა მიდის ნორმალურად, მათ შორის დათვლილია უბნები და, ერთი მხრივ, პრეტენზიების გამოხატვა, რომ ცესკო შედეგებს რატომ არ აქვეყნებს და, მეორე მხრივ, კომისიებისთვის ხელის შეშლა, რომ ეს ოქმები ცესკოში გადმოაგზავნონ, ეს ურთიერთგამომრიცხავი შეიძლება მოგვეჩვენოს, თუმცა, თუ დავუფიქრდებით, ვხედავთ, რომ ამის უკან განზრახვა დგას”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მან შინაგან საქმეთა სამინისიტროს და საერთაშორისო დამკვირვებლებს ამ საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდა.

პაპუაშივლის განცხადების შემდეგ “ნეტგაზეთმა” აღნიშნულ საიტზე შესვლა სცადა, თავდაპირველად საიტზე შესვლა ვერ ხერხდებოდა, თუმცა ამჟამად შესვლა შესაძლებელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი