ახალი ამბები

ყველა შემთხვევაში, ჩვენი მიზანია ყველა ხმის დაცვა — ბოკერია

2 ოქტომბერი, 2021 • 1086
ყველა შემთხვევაში, ჩვენი მიზანია ყველა ხმის დაცვა — ბოკერია

“ევროპული საქართველოს” ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, ახლა, როცა თვითმმართველობის არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი დასრულდა და ეგზიტპოლების შედეგები გამოქვეყნდა, ოპოზიციის მიზანი ხმების დაცვა უნდა იყოს.

ბოკერიამ ბრიფინგზე თქვა, რომ “უდიდესი ალბათობით”, ქვეყანაში არჩევნების “ბევრი მეორე ტური” იქნება.

“რაც ვიცით, ნათელია, რომ თბილისში ქართულმა ოცნებამ მწარე მარცხი იწვნია. ასევე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დიდ ქალაქებსა და საკვანძო რაიონებში არის მსგავსი ვითარება. ყველა შემთხვევაში, რა შედეგიც არის – ყველა იმ მოქალაქის ხმის დასაფასებლად, ვინც ეს სამოქალაქო ვალი მოიხადა, მთელი ამ დათვლის პერიოდში, ღამის განმავლობაში, ჩვენი მიზანია ყველა ამ ხმის დაცვა.

ჩვენ, უდიდესი ალბათობით, გველის ბევრი მეორე ტური. თითქმის 100%-იანი ალბათობით თბილისშიც [იქნება] მეორე ტური. ამიტომ, ჩვენ ახლა უნდა ვიყოთ ფოკუსირებული მთელი ქვეყნის მასშტაბით შედეგების დაცვაზე და შემდეგ, მეორე ტურებში გამარჯვებაზე ყველგან, სადაც ეს მეორე ტური მოიპოვეს ჩვენმა მოქალაქეებმა ივანიშვილის რეჟიმთან ბრძოლაში”, — აღნიშნა მან.


ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ნიკა მელიამ 40.8% აიღო, კახა კალაძემ კი -40.2%. პროპორციული სისტემით თბილისში “ქართულმა ოცნებამ” 38.6 % , ენმ-მ კი 33.0 % მიიღო. „მთავარი არხის“ ეგზიტპოლები კვლევითმა ორგანიზაცია IPSOS-მა ჩაატარა. ცდომილების ზღვარი არის +/- 3%. მონაცემები ასახავს 17.00 საათის შედეგს.

განსხვავებული მონაცემები აქვს ტელეკომპანია “იმედის” დაკვეთით ჩატარებულ ეგზიტპოლებს, რომლის მიხედვითაც თბილისში კალაძემ 51.3% აიღო, მელიამ კი -34.6%. საქართველოს მასშტაბით პარტიების მიხედვით კი, “იმედის” თანახმად, “ქართულმა ოცნებამ 47.6% მიიღო, ხოლო “ნაციონალურმა მოძრაობამ”- 27.1%. „იმედის“ ეგზიტპოლები კვლევითმა ორგანიზაცია „გორბმა“ ჩაატარა. ცდომილების ზღვარი არის +/- 3%.

ჟურნალისტებმა მელიას ჰკითხეს “გორბის” ეგზიტპოლების შედეგების შესახებ, რაზეც “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა განაცხადა, რომ ეს მონაცემები არ არის რეალური.

“ბატონ კალაძესთან დაკავშირებით დამისვით კითხვა, მახსოვს ბატონი ნარმანიაც, აწყობილი სცენებიც, მოზეიმე “ქართული ოცნების” მაღალი თანამდებობის პირებიც და ამის შემდეგ მათი აღიარებაც ამხსოვს, რომ ის შედეგი თურმე არ შეესაბამებოდა რეალობას”, – განაცხადა მელიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი