ახალი ამბები

მთავარმა არხმა მხოლოდ თბილისის ეგზიტპოლის შედეგები გამოაქვეყნა – რატომ?

2 ოქტომბერი, 2021 •
მთავარმა არხმა მხოლოდ თბილისის ეგზიტპოლის შედეგები გამოაქვეყნა – რატომ?

2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კენჭისყრის დასრულების შემდეგ “მთავარმა არხმა” მისი დაკვეთით  IPSOS-გლობალის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები გამოაქვეყნა. თუმცა შედეგები მხოლოდ თბილისის მონაცემს ასახავს – ანუ პარტიების და კანდიდატების მიღებულ ხმებს თბილისში და არა მთელ საქართველოში.

ტელეკომპანიის გამოქვეყნებული ეგზიტპოლის შედეგების  მიხედვით, პროპორციული სისტემით თბილისში   “ქართულმა ოცნებამ”   38.6 % , ენმ-მ – 33.0 % ,  გახარიას პარტიამ “საქართველოსთვის” კი 7.6 % მიიღო.

თბილისის მერობის კანდიდატთა შედეგები ეგზიტპოლის მიხედვით კი ასე გამოიყურება:

  • ნიკა მელია – 40,8 %

  • კახა კალაძე – 40,2 %

  • გიორგი გახარია – 8,7 %

  • ანა დოლიძე – 3,5 %

  • ანა ბიბილაშვილი – 2,6%

„მთავარი არხის“ დაკვეთით ეგზიტპოლი  ორგანიზაცია IPSOS გლობალმა  ჩაატარა და არხის ცნობით, ცდომილების ზღვარი არის +/- 3%.

მთავარმა არხმა არ გამოაქვეყნა ეგზიტპოლის შედეგები მთელი საქართველოს მასშტაბით, რაც არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ასე ახსნა: 

“ყველაზე მაღალი სანდოობა აქვს თბილისს – გაყალბების  და მოსყიდვის კუთხით გაცილებით ნაკლებია თბილისში ის, რაც ვნახეთ მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ჩვენ ვმუშაობდით, ბუნებრივია, ყველა მიმართულებით.  იპსოსი კვალიფიციური ორგანიზაციაა, ყველაფერს შეძლებდა ისედაც, დათვლიდა ზუსტად მთელი საქართველოს მასშტაბით, თუმცა ჩვენი გადაწყვეტილება შარშან მძიმე გამოცდილებიდან გამომდინარეობს და სიტყვა “რეფერენდუმის” სიმხურვალიდან გამომდინარეც, ჩვენ გავზომეთ თბილისი.  პირველადი ინტერესიც ჩვენი სარედაქციო პოლიტიკისთვის იყო, როგორი იქნება თბილისი,  საკრებულოს კომპოზიცია როგორი იქნება. თბილისი მთავარი მაჩვენებელია, მარტივი გასაზომია და ბევრად ზუსტია”, – განაცხადა გვარამიამ.

მისი თქმით, ცდომილების ზღვრის გათვალისწინებით, რჩება ალბათობა იმისა, რომ “ოცნების” პროპორციულმა მაჩვენებელმა მიაღწიოს 43%-ს:

“თუ ნახავთ თბილისის მონაცემს, ალბათობა რჩება, რომ ისინი 43 %-ს მიაღწევენ, იმიტომ, რომ რეგიონებში, როგორც წესი, უფრო ფავორიტია, გაჩნია რეგიონს. მოქმედი მთავრობაა. ჩვენ ვნახეთ, რომ მასობრივი მოსყიდვა იყო და ეგზიტპოლი ვერ ზომავს მოსყიდვას და კარუსელს.  ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღარ გავაკეთეთ პრეზენტირება, წარდგენა. ვიცით, რომ ტარდება პარალელური დათვლაც და გამოქვეყნდება ის მონაცემიც”.

საბოლოოდ, გვარამიამ განაცხადა, რომ ეგზიტპოლის შემდეგ მათთვის უცნობია, “ოცნებას” 43 % აქვს, მეტი თუ ნაკლები.

ამომრჩეველთა ხმების 43 % პროპორციულ შედეგებში აქტუალური გახდა მიშელის შეთანხმების გამო.  შეთანხმების თანახმად,  თუ თვითმმართველობის არჩევნებზე “ქართული ოცნება” 43%-ზე ნაკლებს მიიღებდა, დაინიშნებოდა  ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. მართალია, “ოცნება” გავიდა ამ შეთანხმებიდან თვითმმართველობის არჩევნებამდე, მიშელის შეთანხმება კვლავ რჩება მნიშვნელოვან დოკუმენტად საქართველოს სტრატეგიული პარტნიორებისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი