ახალი ამბები

“ლელო” საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ არჩევნების შეფასებას აღიარებს

1 ოქტომბერი, 2021 • 1075
“ლელო” საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ არჩევნების შეფასებას აღიარებს

“ლელო” აცხადებს, რომ თუ საერთაშორისო დამკვირვებლები 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს სამართლიანად და თავისუფლად შეაფასებენ, მაშინ არჩევნების შედეგებს მათი პარტიაც აღიარებს. ამის შესახებ “ლელოს” გენერალურმა მდივანმა  ბადრი ჯაფარიძემ დღეს, 1 ოქტომბერს ისაუბრა.

მისი თქმით, სწორედ ამ საკითხზე ისაუბრეს ევროპარლამენტარებთან შეხვედრისასაც.

“რა თქმა უნდა, ეს კითხვა დაგვისვეს ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა და პასუხი იყო ძალიან მარტივი — თუ ჩვენი ევროპელი პარტნიორები, საერთაშორისო დამკვირვებლები იტყვიან, რომ არჩევნები სამართლიანი და თავისუფალი იყო, რა თქმა უნდა, ჩვენ შედეგებს სრულად გავიზიარებთ და დავეთანხმებით.

ასე რომ, ჩვენ მათ ვუთხარით, თუ მათი დასკვნა იქნება იმდაგვარი, რომ ეს შედეგები იმსახურებს ნდობას და ისინი პრაქტიკულად აღიარებენ, რომ არჩევნები ჩატარდა სამართლიანად, ჩვენ მაშინ შედეგებს სრულად დავეთანხმებით.

მე ვფიქრობ, მთავარია, ეს გაითავისოს “ქართულმა ოცნებამ” იმიტომ, რომ “ქართული ოცნება” აგებს ამ არჩევნებს ძალიან მწარედ. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ქართველმა ხალხმა იაქტიუროს ხვალ. ეს ვერდიქტი ხმებში თავისთავად ვერ გაფორმდება, თუ მაღალი გამოცხადება არ იქნება.

არავინ არ უნდა იფიქროს, რომ მის გასაკეთებელ საქმეს სხვა გააკეთებს. მე ვფიქრობ, ჩვენი საერთაშორისო დამკვირვებლების პოზიტიური დასკვნის შემთხვევაში, “ლელოს” აქ ცალსახად პოზიცია აქვს, რა თქმა უნდა, ის დაეთანხმება შედეგებს”, — განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ევროპარლამენტარმა მარინა კალიურნდმა განაცხადა, რომ საქართველოს ყველა წამყვანმა პოლიტიკურმა ძალამ არჩევნებამდე უნდა დადოს პირობა, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ გამოქვეყნებულ შეფასებებს აღიარებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი