ახალი ამბები

არაფერს ვნანობ, ისევ იმავეს გავაკეთებდი — მარია კოლესნიკოვა ბელარუსის ციხიდან

30 სექტემბერი, 2021 • 2685
არაფერს ვნანობ, ისევ იმავეს გავაკეთებდი  — მარია კოლესნიკოვა ბელარუსის ციხიდან

“ჩვენ დადებითი ცვლილება გვინდოდა ქვეყანაში და ამის განსახორციელებლად ვიღვწოდით. არ მიკვირს, რომ რეჟიმმა ეს დანაშაულად ჩათვალა”, — ამბობს ბელარუსის საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი აქტივისტი მარია კოლესნიკოვა, რომელსაც 11-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

1 წლის წინ ლუკაშენკოს ხელისუფლებას სურდა, კოლესნიკოვა ბელარუსიდან გაეძევებინა, თუმცა მცდელობა კრახით დასრულდა: გატაცებულმა და უსაფრთხოების ძალების მიერ უკრაინა-ბელარუსის საზღვართან იძულებით მიყვანილმა, პასპორტი დახია და ავტომანქანის ფანჯრიდან გადახტა.

“მთელი ამ წლის მანძილზე, ისინი ცდილობდნენ, ჩემთვის ენანებინათ ის, რაც გავაკეთე. ჯერ ცხელ, შემდეგ კი ცივ საკანში ვიმყოფებოდი, ჰაერისა და სინათლის, ადამიანების გარეშე”, — უთხრა მან BBC-ს, ციხიდან მიცემულ ინტერვიუში.

პროფესიით ფლეიტისტი კოლესნიკოვა ბელარუსის პოლიტიკურ ცხოვრებაში განსაკუთრებით აქტიურად ჩაება 2020 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების წინ, როცა ერთ-ერთი ოპოზიციონერი კანდიდატის, ვიქტორ ბაბარიკოს საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა.

ბაბარიკო, ისევე როგორც სხვა კონკურენტები, ლუკაშენკოს ხელისუფლებამ სხვადასხვა გზით — დაპატიმრებითა თუ ქვეყნის დატოვების იძულებით — ჩამოიშორა, რის შემდეგაც პრეზიდენტობის კანდიდატად ერთ-ერთი ოპოზიციონერის, სერგეი ტიხანოვსკის მეუღლე, სვეტლანა ტიხანოვსკაია დარეგისტრირდა.

კოლესნიკოვა ტიხანოვსკაიას მოკავშირე იყო, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ კი, როცა ბელარუსის ცესკომ გამარჯვებულად ლუკაშენკო გამოაცხადა, მასობრივი და უპრეცედენტო საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთ სახედ იქცა.

“ვიცოდი, რომ თუ არ მომკლავდნენ, ციხეში გამიშვებდნენ… თუმცა, არაფერს ვნანობ. ისევ იმავეს გავაკეთებდი”, — დასძენს ის.

კოლესნიკოვას თქმით, სინანულს გრძნობს მხოლოდ იმაზე, რომ “ბელარუსელებს ეშინიათ, არც ერთია თავისუფალი”; ასევე, იმ ადამიანებთან მიმართებით, რომელთაც “საშინელი დანაშაულები ჩაიდინეს ხალხის, თავიანთი ბუნების, საკუთარი თავების წინააღმდეგ”.

გასული წლის აგვისტოში დაკავებული კოლესნიკოვა კიდევ ერთ ოპოზიციონერ აქტივისტთან, მაქსიმ ზნაკთან ერთად, მიმდინარე წლის ივლისში გაასამართლეს. ის ეროვნული უსაფრთხოების შერყევასა და ძალაუფლების მიტაცების მცდელობაში დაადანაშაულეს.

“ძალაუფლების მიტაცების რეალური სცენარი ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ არის მომზადებული.

ციხე საშინელი ადგილია. მაგრამ აქ თავს თავისუფალ და ბედნიერ ადამიანად ვგრძნობ. ვიცი, რამდენი ხალხი ზრუნავს და ფიქრობს ჩემზე. ეს წარმოუდგენელ ძალას მაძლევს და ზუსტად ვიცი, რომ სიკეთე გაიმარჯვებს”, — ამბობს კოლესნიკოვა.

ბელარუსისა და საერთაშორისო მედიაში ფართოდ გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანდა, როგორ ცეკვავდა სასამართლო დარბაზში, გასამართლების მოლოდინში მყოფი მარია კოლესნიკოვა.

აღნიშნულზე კითხვის საპასუხოდ მან BBC-ს მისწერა, რომ უმჯობესი იყო, ეცეკვა, ვიდრე დატანჯულიყო:

“შეუძლიათ, ციხეში ჩაგვსვან, გადაგვმალონ ხალხისაგან შორს, მაგრამ ყველაფერი ეს — მათ შიშთან, სიძულვილთან და ბორკილებთან ერთად — დაიმსხვრევა ჩვენი სიმღერებითა და სიცილით, ჩვენი ცეკვითა და ჩვენი სიყვარულით”.

2020 წლის საპროტესტო აქციების დროს და მას შემდეგ, ბოლო 1 წლის განმავლობაში, 35 000-ზე მეტი ადამიანი აღმოჩნდა ბელარუსის საპატიმროებში. მათგან ასეულობით გაასამართლეს, ზოგიერთი — ვერდიქტს ელის.

უფლევადამცველი ორგანიზაციის, “ვიასნას” თანახმად, ბელარუსს 700-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი ჰყავს. მათ შორის არიან ამ ორგანიზაციის წევრებიც.

ალექსანდრე ლუკაშენკო, რომელიც ქვეყანას 26 წელია მართავს, კვლავ რჩება ხელისუფლების სათავეში. ოპოზიციური აზრის მასობრივად დევნის ფონზე, ბელარუსს დასავლეთის არაერთმა ქვეყანამ დაუწესა სანქციები.

„ვიცი, რომ სიბნელეს მოჰყვება სინათლე“ — 3 ბელარუსელი აქტივისტის ამბავი

მასალების გადაბეჭდვის წესი