ახალი ამბები

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, „ფორმულას” საქმიანობაში ხელი არ შეუშალოს – ქარტია

30 სექტემბერი, 2021 • 714
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, „ფორმულას” საქმიანობაში ხელი არ შეუშალოს – ქარტია

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხამურება თავდაცვის სამინისტროს საჩივარს ტელეკომპანია “ფორმულას” დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ და ხელისუფლებას მოუწოდებს, ხელი არ შეუშალოს ტელეკომპანიის საქიამიანობას. ამის შესახებ განცხადება ქარტიამ დღეს, 30 სექტემბერს გაავრცელა.

“არჩევნებამდე ორი დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანია „ფორმულას” მფლობელის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ თავდაცვის სამინისტრომ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. მედიასაშუალების გენერალური დირექტორის, ზუკა გუმბარიძის განცხადებით, არსებობს ტელეკომპანიის ქონების დაყადაღების საშიშროება.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ არჩევნების წინ მსგავსი ქმედება შესაძლოა, ემსახურებოდეს ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალების საქმიანობისთვის ხელის შეშლას.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, გაიაზროს მედიის როლი დემოკრატიულ სახელმწიფოში და არ შეუშალოს ხელი მედიასაშუალებას საქმიანობაში”, — აცხადებს ქარტია.

ამასთან, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აღნიშნავს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კრიტიკული მედიასაშულებების მიმართ სამართლებირივი საქმის წარმოება იწყება.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილისა და მისი მინისტრობის დროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის, ალექსანდრე ნინუას წინააღმდეგ თავდაცვის სამინისტრომ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. სამინისტრო ითხოვს დაახლოებით 5 მლნ ევროს ანაზღაურებას.

დავით კეზერაშვილი ამჟამად არის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ტელეკომპანია „ფორმულას“ 51% წილის მფლობელი და ასევე, მისი ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელი. ტელეკომპანია „ფორმულა“ არის, ფაქტობრივად, ერთადერთი მოქმედი კომპანია, რომელსაც კეზერაშვილი საქართველოში ოფიციალურად ფლობს. სამინსტროს ჯერჯერობით არ უპასუხია ნეტგაზეთისთვის, აპირებს თუ არა მოითხოვოს კეზერაშვილის ქონების დაყადაღება.

ამავე თემაზე ვრცლად:

თავდაცვის სამინისტრო კეზერაშვილს და ნინუას უჩივის და 5 მლნ ევროს ითხოვს

მასალების გადაბეჭდვის წესი