ახალი ამბები

კეზერაშვილი: ღარიბაშვილი ფიქრობს, ამგვარად დამაშინებს მე ან “ფორმულას”

7 სექტემბერი, 2021 • 1262
კეზერაშვილი: ღარიბაშვილი ფიქრობს, ამგვარად დამაშინებს მე ან “ფორმულას”

თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი, რომელსაც დღეს უზენაესმა სასამართლომ 5- წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, განცხადებას ავრცელებს. ტელეკომპანია “ფორმულას” დამფუძნებლის თქმით, უზენაესის გადაწყვეტილებას სტრასბურგში გაასაჩივრებს:

“ივანიშვილის პირადი იურისტისა და ყოფილი გენერალური პროკურორის ხელით, უზენაეს სასამართლოში მიღებული გადაწყვეტილება, კიდევ ერთი ნაბიჯია მისი მხრიდან, სასამართლო სისტემის საკუთარ ვიწროპოლიტიკურ ამოცანებზე მორგებისა. მე ჩემი ქვეყნის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული და პასუხისმგებლობის გრძნობა გამაჩნია.

სწორედ ეს პასუხისმგებლობა წარმოადგენდა და წარმოადგენს მთავარ მოტივს, წლების განმავლობაში, საქართველოში თავისუფლებისთვის ბრძოლის ნებისმიერი გამოვლინების აქტიური გულშემატკივარი და თანამდგომი ვყოფილიყავი – იქნებოდა ეს სამოქალაქო აქტივიზმი თუ ხელისუფლების გავლენებისგან თავისუფალი, დასავლურ ფასეულობებზე დაფუძნებული მედიასაშუალების მხარდაჭერა. უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ სამარცხვინო გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებ სტრასბურგის სასამართლოში”, – ამბობს კეზერაშვილი.

უზენაესის დღევანდელ გადაწყვეტილებას კეზერაშვილი მისი და ტელეკომპანია “ფორმულას” დაშინების მცდელობად აფასებს და აღნიშნულის ორგანიზატორად ირაკლი ღარიბაშვილს ასახელებს:

“თადუმაძე და ივანიშვილის ჯიბის სასამართლო მხოლოდ იმისთვის არსებობს, რომ ყველაფერი იკადროს – მათსავე სასამართლოს ორ ინსტანციაში ჩემი უდანაშაულობის უტყუარი მტკიცებულებებით გამართლებისა და თითქმის ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, საქმე ამგვარად შემოატრიალოს. ჩემთვის ცნობილია, რომ უშუალო ინიციატორი და ორგანიზატორი ამ უმსგავსობისა ივანიშვილის ხელის ბიჭი ირაკლი ღარიბაშვილია.

სწორედ ის ფიქრობს, რომ ამდაგვარად დააშინებს ან დამაშანტაჟებს მე, ან ჩემ მიერ მხარდაჭერილ ტელევიზიას. ეს კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ ისტორიის სწორ მხარეს ვარ და მიმყარებს მოტივაციას, უფრო მეტი ენთუზიაზმით დავეხმარო თავისუფალ სიტყვას და ზოგადად ,თავისუფლებისთვის ბრძოლას საქართველოში”, – აცხადებს დავით კეზერაშვილი.

დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სააპელაციოს გამამართლებელი განაჩენი შეცვალა და ტელეკომპანია “ფორმულას” დამფუძნებელს 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

საუბარია ე.წ. წვრთნების საქმეზე, რომელზეც ყოფილი თავდაცვის მინისტრი მანამდე ორი ინსტანციის სასამართლომ გაამართლა.

პროკურატურა ტელეკომპანია ფორმულას დამფუძნებელს ედავებოდა თავდაცვის მინისტრობის პერიოდში საწვრთნელ პროექტებზე 5 მილიონზე მეტი თანხის გაფლანგვას. როგორც კეზერაშვილის ადვოკატი, გიორგი გელხაური ამბობს, პირველ და მეორე ინსტანციაში დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ წვრთნები ნამდვილად ჩატარდა და სასამართლომ გადაწყვეტილება კეზერაშვილის სასარგებლოდ გამოიტანა.

მასალების გადაბეჭდვის წესი