ახალი ამბები

„ალმა“: მზად ვართ, „ევროპული საქართველოს“ რეკლამა განვათავსოთ

30 სექტემბერი, 2021 • 1435
„ალმა“: მზად ვართ, „ევროპული საქართველოს“ რეკლამა განვათავსოთ

კომპანია „ალმა“ აცხადებს, რომ მზადაა, განათავსოს „ევროპული საქართველოს“ სარეკლამო ბანერები, სადაც ბიძინა ივანიშვილი ღორის როლშია ნაჩვენები.

პარტიის თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ 29 სექტემბერს განაცხადა, რომ შპს „ალმას“, რომლის კუთვნილ ბილბორდებზეც ოპოზიციონერების გამოსახულებით „სისხლიანი“ ბანერებია განთავსებული, საკუთარ პოსტერს მიუტანდენ, რათა „იმავე სტანდარტით“ ნებისმიერ ცენტრალურ მაგისტრალზე გაეკრათ.

ბოკერია გულისხმობდა კომპანიის განმარტებას, რომლის თანახმადაც, „ალმას“ „არანაირი შეხება არ აქვს [მათ შორის, ოპოზიციის საწინააღმდეგო] სარეკლამო ბანერის შინაარსთან, დიზაინთან, ვიზუალურ ელემენტებთან, სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრასთან“.

„კომპანია „ალმა“ მზადყოფნას გამოთქვამს, უზრუნველყოს პოლიტიკური გაერთიანების მიერ წარმოდგენილი სარეკლამო ვიზუალის განთავსება, კომპანიის ოპერირების ქვეშ არსებულ სარეკლამო ბილბორდებზე“, — წერია კომპანიის მიერ 30 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

„ალმას“ თანახმად, ამ საკითხზე ოფიციალური წერილით უკვე მიმართეს „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარეს, გიგა ბოკერიას.

„ამასთან, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ სარეკლამო ბანერის შინაარსისა თუ ვიზუალის შექმნა და მისი შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან, სრულიად სცილდება „ალმას“ კომპეტენციას და ამაზე პასუხისმგებელია რეკლამის დამკვეთი, ამ შემთხვევაში, მპგ „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“, – აცხადებენ შპს „ალმაში“.

ოპოზიციის საწინააღმდეგო „სისხლიანი“ ბანერები 17 სექტემბერს ხელახლა გამოჩნდა თბილისის ქუჩებში. „არა ნაცებს! არა ბოროტებას! არა ღალატს!“ – წერია წითლად შეღებილ ფონზე. იქვე ოპოზიციური პარტიების და ტელევიზიების წარმომადგენლები არიან გამოსახული. ფოტოებს უკან, თეთრ ფონზე, წითელი „შხეფებია“ დატანილი, რაც სისხლის ასოციაციას აჩენს.

29 სექტემბერს გიგა ბოკერიამ წარადგინა „ევროპული საქართველოს“ ახალი პოსტერები, სადაც ბიძინა ივანიშვილის სილუეტს ღორის ყურები აქვს; პოსტერი არის ჯორჯ ორუელის სატირული ნაწარმოების, „ცხოველების ფერმის“ ალუზია.

ბოკერიას თქმით, რახან „ალმამ“ განაცხადა, რომ „სისხლიან ბანერებთან“ მიმართებაში პოლიტიკური შინაარსი არაფერ შუაში არაა და კომპანია მხოლოდ კომერციული ინტერესით მოქმედებს, „იმავე სტანდარტით … ვაპირებთ, რომ მივუტანოთ ეს პოსტერები“.

„ჩვენ აუცილებლად შეგატყობინებთ, რა პასუხი გვექნება კომპანია ალმასგან. თუ პასუხს არ გაგვცემენ, ანუ, კიდევ ერთხელ გვიდასტურებენ ამ უტიფარ რეალობას – რომ ყველაფერი, მათ შორის, კომერციული სტრუქტურებიც, თუ დამოკიდებული ხარ მთავრობაზე, უნდა აეწყო მას, ვინც არის მთავრობაში“, – აცხადებდა ბოკერია.


„ალმას“ ისტორიაში, სულ მცირე, ერთი ისეთი შემთხვევა მოიძებნება, როდესაც შინაარსის გამო კომპანიამ სხვანაირი გადაწყვეტილება მიიღო და განსხვავებული სტანდარტით მიუდგა საკითხს:

2019 წელს, ჰომოფობიის საწინააღმდეგო დღესთან, 17 მაისთან დაკავშირებით, ქვიარ-უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციამ, „თანასწორობის მოძრაობამ“ ანტიჰომოფობიური რეკლამების განთავსება მოინდომა.

ორგანიზაციის თანახმად, პირველ ეტაპზე კომუნიკაცია კომპანია „ალმასთან“ წარმატებით მიმდინარეობდა და ხელშეკრულებაც შედგა, თუმცა მას შემდეგ, რაც „ალმა“ ვიზუალურ მასალას გაეცნო, უარი განუცხადა ბანერების განთავსებაზე და ხელშეკრულება გააუქმა.

გირჩევთ, წაიკითხოთ:

ოპოზიციონერები „სისხლიან“ ფონზე: 3 პრობლემა

მასალების გადაბეჭდვის წესი