ახალი ამბები

თავდაცვის სამინისტრო კეზერაშვილს და ნინუას უჩივის და 5 მლნ ევროს ითხოვს

30 სექტემბერი, 2021 • 1049
თავდაცვის სამინისტრო კეზერაშვილს და ნინუას უჩივის და 5 მლნ ევროს ითხოვს

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უწყებას ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილისა და მისი მინისტრობის დროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის, ალექსანდრე ნინუას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეაქვს.

როგორც უწყებამ ნეტგაზეთთან დააზუსტა, სამინისტრო დაახლოებით 5 მლნ ევროს ანაზღაურებას ითხოვს.

სარჩელით თავდაცვის სამინისტრო ითხოვს  „თავდაცვის უწყების მიმართ დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას“.

„სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს უმაღლეს ინსტანციაში უკვე დადგა გამამტყუნებელი განაჩენი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულები, დავით კეზერაშვილი და ალექსანდრე ნინუა, ცნობილ იქნენ დამნაშავეებად”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

უწყების განცხადებით, ალექსანდრე ნინუას მიერ მისთვის დაკისრებული ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების გამო, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებიტორულ დავალიანებად დაერიცხა 5 060 000 ევრო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ხოლო დავით კეზერაშვილმა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მიითვისა მის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრები.

ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული საქმე ეხება მხოლოდ ერთ შემთხვევას – „როდესაც სახელმწიფოსგან 5 მილიონზე მეტი ევროს მიტაცება მოხდა. “სისხლის სამართლის საქმე არ გახლავთ მხოლოდ კორუფციასთან დაკავშირებული შემთხვევა, რადგან აღნიშნული თანხა უბრალოდ გადარიცხულ იქნა ოფშორულ კომპანიაში, ყოველგვარი საქონლის შეძენისა და მიწოდების გარეშე“.

საუბარია ე.წ. წვრთნების საქმეზე, რომელზეც ყოფილი თავდაცვის მინისტრი მანამდე ორი ინსტანციის სასამართლომ გაამართლა, თუმცა უზენაესმა სასამართლომ კეზერაშვილი ამ საქმეზე გაამტყუნა.

პროკურატურა დავით კეზერაშვილს ედავებოდა თავდაცვის მინისტრობის პერიოდში საწვრთნელ პროექტებზე 5 მილიონზე მეტი თანხის გაფლანგვას.

როგორც კეზერაშვილის ადვოკატი, გიორგი გელხაური ამბობს, პირველ და მეორე ინსტანციაში დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ წვრთნები ნამდვილად ჩატარდა და სასამართლომ გადაწყვეტილება კეზერაშვილის სასარგებლოდ გამოიტანა. დაცვის მხარე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებს.

დავით კეზერაშვილი ამჟამად არის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ტელეკომპანია „ფორმულას“ 51% წილის მფლობელი და ასევე, მისი ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელი. ტელეკომპანია „ფორმულა“ არის, ფაქტობრივად, ერთადერთი მოქმედი კომპანია, რომელსაც კეზერაშვილი საქართველოში ოფიციალურად ფლობს. სამინსტროს ჯერჯერობით არ უპასუხია ნეტგაზეთისთვის, აპირებს თუ არა მოითხოვოს კეზერაშვილის ქონების დაყადაღება.

კეზერაშვილი: ღარიბაშვილი ფიქრობს, ამგვარად დამაშინებს მე ან “ფორმულას”

მასალების გადაბეჭდვის წესი