ტუნისის პრეზიდენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად გეოლოგი ნაჯლა ბუდინი დანიშნა. ეს პირველი შემთხვევაა ტუნისისა და არაბული სამყაროს ისტორიაში, როდესაც აღნიშნულ თანამდებობას ქალი იბარებს.
“ეს პატივია ტუნისისა და ტუნისელი ქალებისთვის”, — თქვა პრეზიდენტმა კაის საიდმა ბუდინის წარდგენისას და “ისტორიული” უწოდა აღნიშნულ მოვლენას.
63 წლის ნაჯლა ბუდინი გეოფიზიკის პროფესორია, რომელსაც მთავრობაში მუშაობის მცირე გამოცდილება აქვს. ადგილობრივი მედიის თანახმად, 2011 წელს ის უმაღლესი განათლების სამინისტროში საქმიანობდა.
ბუდინს ტუნისის მთავრობის მეთაურის თანამდებობის დაკავება და ახალი მთავრობის დასაკომპლექტებლად მუშაობა მწვავე პოლიტიკური კრიზისის ფონზე მოუწევს.
მიმდინარე წლის ივლისში, რამდენიმეთვიანი ეკონომიკური კრიზისისა და კორონავირუსით სიკვდილიანობის ზრდის შემდეგ, პრეზიდენტმა საიდმა მთავრობა დაითხოვა და შეაჩერა საქმიანობა პარლამენტისა, რომლის უმრავლესობაშიც ზომიერი ისლამისტური პარტია “ალ-ნაჰდა” იყო.
საიდის ამ გადაწყვეტილებას აწ უკვე დათხოვნილი მთავრობის მუშაობით უკმაყოფილო მოქალაქეები სიხარულით შეხვდნენ, თუმცა მოწინააღმდეგეებმა პრეზიდენტი გადატრიალებაში დაადანაშაულეს.
საიდის მიმართ კრიტიკა და ზეწოლა უფრო გაძლიერდა მას შემდეგ, რაც გასულ კვირას კონსტიტუციის დიდი ნაწილის მოქმედება შეაჩერა და თქვა, რომ თავად ჩაიბარებდა მთავრობის მეთაურობას საგანგებო პერიოდის განმავლობაში, რომლის ვადაც პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია.
საიდის გადაწყვეტილებით, თავად შეეძლება, დანიშნოს ან გადააყენოს მინისტრები. შესაბამისად, მიუხედავად პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე ქალის დანიშვნის პრეცედენტულობისა, ფიქრობენ, რომ არსებული მოცემილობით პრემიერის უფლებამოსილება არ იქნება ისეთი ფართო, როგორც გასულ წლებში.
ეკონომიკურმა სტაგნაციამ, რომელიც წლებია გრძელდება, ტუნისში ფინანსური კრიზისი გამოიწვია. France 24-ის თანახმად, ამ ფონზე ახალი მთავრობისთვის ერთ-ერთი გამოწვევა ბიუჯეტისთვის ფინანსური დახმარების მოძიება და ვალების დაფარვა იქნება.
ტუნისს არაერთგზის განიხილავენ “წარმატების ისტორიად” 2011 წლის “არაბული გაზაფხულის” შემდეგ, როცა მასშტაბური პროტესტის ფონზე ქვეყნიდან გაიქცა დიქტატორი ზინ ალ-აბიდინ ბინ ალი. ამის შემდეგ ტუნისში არაერთი დემოკრატიული ცვლილება განხორციელდა, თუმცა ეკონომიკური სიდუხჭირე და კორუფცია ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება.
გარეკანის ფოტო: TUNISIAN PRESIDENCY/REUTERS