ახალი ამბები

მოუწოდო ვინმეს, არ დაბრუნდეს თავის ქვეყანაში, სულ მცირე, ამორალურია – სააკაშვილი კრამონს

29 სექტემბერი, 2021 •
მოუწოდო ვინმეს, არ დაბრუნდეს თავის ქვეყანაში, სულ მცირე, ამორალურია – სააკაშვილი კრამონს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს პასუხობს და ამბობს, რომ ვინმესთვის თავის ქვეყანაში არდაბრუნებისკენ მოწოდება “სულ მცირე, ამორალურია”.

საუბარია ვიოლა ფონ კრამონის მიერ დღეს, 29 სექტემბერს, გავრცელებულ განცხადებაზე, სადაც ამბობს, რომ სააკაშვილის განზრახვა, დაბრუნდეს საქართველოში არჩევნების დღეს, არ ემსახურება საქართველოს ინტერესებს.

“სანამ მედიაციის ახალ რაუნდზე დავიწყებთ საუბარს, იქნებ დაასრულოთ პირველი მედიაცია, საიდანაც ივანიშვილი გავიდა. რაც შეეხება ჩემს გადაწყვეტილებას, როგორც არაერთხელ აღვნიშნე, ხმის მიცემის დასრულებამდე არ ვგეგმავ ფიზიკურად გამოჩენას, თუმცა, ვფიქრობ, მოუწოდო ვინმეს, არ დაბრუნდეს თავის ქვეყანაში, სულ მცირე, ამორალურია”, – წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.


2021 წლის 2 ოქტომბერს დაგეგმილია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ოპოზიცია ამ არჩევნებს უყურებს, როგორც რეფერენდუმს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დასანიშნად. წინა არჩევნების მსგავსად, მიხეილ სააკაშვილს ამ არჩევნებზეც აქვს დაანონსებული საქართველოში დაბრუნება.

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ეხმაურება მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაგეგმილ დაბრუნებას და ამბობს, რომ:

  • ამგვარი ნაბიჯი ამ დროისთვის კიდევ უფრო გააღრმავებს კრიზისს;
  • ევროკავშირს არ გააჩნია არც რესურსი და არც სურვილი, იშუამავლოს კიდევ ერთ არასაჭირო პოლიტიკურ კრიზისში;
  • ამ პოზიციას ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებიც იზიარებენ…

სააკაშვილის განზრახვა დღეს არ ემსახურება საქართველოს ინტერესებს – ფონ კრამონი

მასალების გადაბეჭდვის წესი