ახალი ამბები

თქვენზე უბინძურესი ადამიანები ქვეყანაში არ არსებობენ — კალაძემ ჟურნალისტი შეურაცხყო

29 სექტემბერი, 2021 • 1952
თქვენზე უბინძურესი ადამიანები ქვეყანაში არ არსებობენ — კალაძემ ჟურნალისტი შეურაცხყო

თბილისის მოქმედმა მერმა კახა კალაძემ, რომელსაც ამ თანამდებობის დაკავება მეორე ვადით სურს, ჟურნალისტი სიტყვიერად შეურაცხყო. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც “მთავარი არხის” კორესპონდენტმა” თქვა, რომ 5 ივლისის ძალადობა მმართველმა პარტიამ მოაწყო.

“მედიაზე შეტევა უკვე ვნახეთ, 5 ივლისს სადამსჯელო ოპერაცია მოგვიწყვეთ…” — მიმართა ჟურნალისტმა კალაძეს, რაზეც დედაქალაქის მერმა და “ოცნების” გენერალურმა მდივანმა უპასუხა:

“მე მგონი, უნდა შეარჩიოთ სიტყვები. კახა კალაძეს არავისთვის არაფერი მოუწყვია და არც “ქართულ ოცნებას”.

“სიტყვები შეარჩიეთ, სიტყვები შეარჩიეთ, კიდევ ერთხელ გეუბნებით”.

ჟურნალისტმა მას უთხრა, რომ ფაქტებზე ესაუბრებოდა, რადიკალები გარეთ “ოცნებამ” გამოიყვანა და ამ კონტექსტში ევროკავშირის ოფისთან მელიასა და კობახიძის დაპირისპირების შემდეგ “ოცნების” მხარდამჭერების შეკრება ახსენა.

“თქვენზე დიდი რადიკალები, თქვენზე უბინძურესი ადამიანები ქვეყანაში არ არსებობენ. თქვენ ხართ თავი და თავი სიძულვილის, ბოროტების, თუ რაიმე ცუდი შეიძლება გაიფიქროს ადამიანმა, თქვენ ხართ ამის სახე”, — უპასუხა მას კალაძემ.

აღნიშნულის საპასუხოდ ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მერს ჰკითხა: “ეს მედიაზე შეტევა არ არის?”

მოგვიანებით, განცხადება გაავრცელა “ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ”, რომელმაც კალაძის ზემოხსენებული რეპლიკები დაგმო.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ მედიის მიმართ ასეთი დამოკიდებულება “დამახასიათებელია ავტორიტარიზმისთვის”და ეს არის “მედიის მიმართ სიძულვილის წახალისება”, რაც განსაკუთრებით სახიფათოა არჩევნების პერიოდში.

“აღსანიშნავია, რომ კახა კალაძე ადრეც გამოირჩეოდა აგრესიული რიტორიკით ჟურნალისტების მიმართ, როდესაც მან 2021 წლის 20 ივლისს მედიის საქმიანობა ძალადობრივი ჯგუფების ქმედებებს შეადარა”, — ვკითხულობთ განცხადებაში.

“ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” მოუწოდებს ხელისუფლების წარმომადგენლებს, “საკუთარი აგრესიული დამოკიდებულებით არ წაახალისონ მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმა და შეწყვიტონ საუბარი აზრის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავ ნორმებზე, მხარი დაუჭირონ მედიის თავისუფლებას და გადავიდნენ საქმიანი ურთიერთობის რეჟიმზე”.


მიმდინარე წლის 5 ივლისს, “თბილისი პრაიდის” კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის ჩასაშლელად გამოსულმა ჰომოფობიურმა და ძალადობრივმა ჯგუფებმა ათეულობით ჟურნალისტს სცემეს.

იმავე დღეს, თბილისის ცენტრში ძალადობრივი პროცესების დაწყებამდე მცირე ხნით ადრე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ღირსების მარშის უკან დგას რადიკალური ოპოზიცია სააკაშვილის მეთაურობით. აღნიშნულის შემდეგ, 12 ივლისს, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მოძალადეთა უკანაც მიხეილ სააკაშვილი დგას.

ფოტო გარეკანზე: სქრინი “ტვ ფორმულას” ვიდეოდან

მასალების გადაბეჭდვის წესი