ახალი ამბები

ღარიბაშვილის ვერსიით, მოძალადეების, პრაიდის ორგანიზატორების და ტელევიზიების უკან შესაძლოა სააკაშვილი იდგეს

12 ივლისი, 2021 • 1495
ღარიბაშვილის ვერსიით, მოძალადეების, პრაიდის ორგანიზატორების და ტელევიზიების უკან შესაძლოა სააკაშვილი იდგეს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფიქრობს, რომ იმ ადამიანების უკანაც მიხეილ სააკაშვლი დგას, ვინც 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე ღირსების მარშის მოწყობას აპირებდა, მათ უკანაც ექსპრეზიდენტი დგას, ვინც 5 ივლისს ღირსების მარშის საწინააღმდეგო აქციაზე გამოვიდა და ჟურნალისტებზე იძალადა და მათ უკანაც – ვინც ტვ პირველის ოპერატორ ლექსო ლაშქარავას დაღუვპვის შემდეგ საპროტესტო აქციაზე გამოვიდა და მთავრობის გადადგომა მოითხოვა. შესაბამისი განცხადებები პრემიერ-მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

5 ივლისის მოძალადეებზე პრემიერმა თქვა:

„გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს, მათ შორის, იმ ვერსიაზე, თუ როგორ მოხვდნენ [5 ივლისს] აღნიშნული აგრესიული პირები, რატომ მაინცდამაინც ჟურნალისტებზე და ოპერატორებზე გააკეთეს შეტევა. ეს არის ლეგიტიმური კითხვა, რასაც გამოძიებამ უნდ გასცეს პასუხი. არსებობს ვერსია, რომ შესაძლოა აღნიშნული პროვოკატორების უკან იდგეს რევანშისტული, რადიკალური ძალა. ჩვენ კარგად გვახსოვს და არავის დაავიწყდება ამ ქვეყნაში, თუ რა მეთოდებით მართავდნენ აღნიშნული მოძალადეები და მკვლელები ჩვენს ქვეყანას. როდესაც ხდებოდა ტერორისტული აქტების დადგმაც კი, საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ღირსების მარშის ორგანიზატორებზე ღარიბაშვილმა თქვა:

“კითხვები დაისვა, თუ რა კავშირი ჰქონდა, მაგალითად, ლგბტ თემს და მათ მიერ დაორგანიზებულ ღონისძიებას კონკრეტულად სააკაშვილთან. აღნიშნული ღონისძიების ერთ-ერთი თანაორგანიზატორი და მხარდამჭერი იყო ორგანიზაცია „სირცხვილია“, რომელიც აბსოლუტურად სრულად იმართება სააკაშვილის ორგანიზაციების მიერ. ეს არის დადასტურებული ფაქტი, მეგობრებო. ასევე მინდა გითხრათ, რომ იგეგმებოდა ფართომასშტაბიანი სამოქალაქო დაპირისპირება, რაშიც უნდა მომხდარიყო საპოლიციო ჯარების ჩართულობა და მათი მიზანი იყო, რომ სახელმწიფოს გამოეყენებინა ძალა საკუთარი ხალხის და მოქალაქეების წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს თავიდან ავიცილეთ, ჩვენ ეს რისკები წინასწარ გვქონდა შეფასებული და არ დავუშვით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა”.
ლექსო ლაშქარავას დაღუპვის შემდეგ გამართულ აქციაზე და იქ გახმიანებულ მოთხოვნებზე ღარიბაშვილმა თქვა:
“ჩვენ, ზოგადად, მივესალმებით დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი მედიის არსებობას ქვეყანაში და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ თავისუფალი დაა მიუკერძოებელი მედია განვითარდეს ქვყანაში და მიუკერძოებელი ჟურნალისტები განვითარდნენ. ჩვენ მათ ყველაფერს გავუკეთებთ, რაც საჭიროა. მე კიდევ ერთხელ ვუდასტურებ პატივისცემას, ბევრი პროფესიონალი მუშაობს მედიაში, მაგრამ მოდით, თავს ნუ მოვიტყუებთ, ზედმეტი კეკლუცობა არ არის საჭირო, ვთქვათ პირდაპირ – ოპოზიციური ტელევიზიები- მთავარი, ტვ პირველი, ფორმულა- პირდაპირ იმართება სააკაშვილის მიერ და მათი მოპარული ფინანსებით. შესაბამისად, მათი დღის წესრიგი და ნაცმოძრაობის და რევანშისტული რადიკალური ძალის დღის წესრიგი არის აბსოლუტურად იდენტური. მათ აქვთ ერთი მიზანი – როგორმე ჩამოაგდონ ხელისუფლება დ ისევ ძალადობრივი გზით მოვიდნენ ხელისუფლებაში, რაც რა თქმა უნდა, მიუღწეველია, ამას ჩვენ არ დავუშვებთ. მათ მინდა შევახსენო, ერთადერთი გზა ხელისუფლებაში მოსვლის არის არჩევნებში მონაწილეობა. კარგად მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე არჩევნებია, აგებენ ყველა არჩევნებს. კიდევ ერთხელ მოუწევთ მათ წაგება და ჩვენ დამაჯერებლად მოვიგებთ მოახლოებულ არჩევნებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს საპატრიარქოს ორგანიზებით შეკრებილი ძალადობრივი ჯგუფის წევრები მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში ფიზიკურად გაუსწორდნენ, საკუთარ სახლში გარდაცვლილი 11 ივლისს იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გამოძიება დაიწყო და სიკვდილის მიზეზის დასადგენად ტარდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე მედიასაშუალებების წარმომადგენლები, 5 ივლისის ძალადობის გამო პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და, შესაბამისად, ითხოვენ პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას.

მასალების გადაბეჭდვის წესი