ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“საქართველოს შუამავლობა სომხეთ-აზერბაიჯანის დიალოგის იმედს ტოვებს” | გიორგი ვანიანი

29 სექტემბერი, 2021 • 1873
“საქართველოს შუამავლობა სომხეთ-აზერბაიჯანის დიალოგის იმედს ტოვებს” | გიორგი ვანიანი

“ამჟამად ილჰამ ალიევსა და ნიკოლ ფაშინიანს ბევრი აქვთ პირისპირ სალაპარაკო და საქართველოს შუამავლობით შესაძლოა მოლაპარაკებათა მაგიდასთან დასხდნენ. რუსეთი, თურქეთი, ირანი, დასავლეთი და სხვები სხვა გეოპოლიტიკურ ველში არიან. თბილისის შუმავლობა ორმხრივი რეალური დიალოგის იმედს გვიტოვებს”,-  სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების მედიაციასთან დაკავშირებით თბილისის როლის მნიშვნელობაზე სომეხმა უფლებადამცველმა, სამოქალაქო სამშვიდობო ასოციაცია “თექალის” ხელმძღვანელმა გიორგი ვანიანმა pressklub.az- თან ისაუბრა.

“ქართველ ხალხს, სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ადამიანებს გააჩნიათ რაღაც კულტურული ცეცხლმაქრი, რომელიც მათ საშუალებას აძლევს, ყველაზე რთულ სიტუაციებშიც მშვიდობიანი გამოსავალი იპოვონ. თანაარსებობის ქართული კულტურა არ არის იდეალური, ის ბუნებრივია, ერთმანეთს ერწყმის შუასაუკუნებრივი ტრადიციონალიზმი, სოციალური ინტერნაციონალიზმი და დასავლური დემოკრატია – აი, რა იზიდავს სომხებსა და აზერბაიჯანელებს.

საქართველო მთელი თავისი პრობლემებითა და წარმატებებით იყო და რჩება მიზიდულობის ცენტრად ყველა კავკასიელისთვის. ჩვენს საზოგადოებებზე საქართველოს გავლენა არ არის სათანადოდ შეფასებული და პოლიტიკურ ველზე, ასე ვთქვათ, ამის გაფორმება არ ხდება. შესაძლოა, ეს კარგიც იყოს. სამუდამო მტრობის შესახებ ცრუ პოსტულატებით, ყარაბაღის კონფლიქტმა ჩვენი ქვეყნები გარე ძალების ინტერესების ხელოვნურ და დაბინძურებულ სივრცეში გადაიყვანა. თუმცა საქართველო ამ ველს მიღმა დარჩა, შეინარჩუნა მეზობლობისა და მშვიდობის პრიორიტეტი აზერბაიჯანთან და სომხეთთან ურთიერთობაში.

მინსკის ჯგუფმა, შექმნის დღიდანვე, შუამავლობის გაგება დაამახინჯა. რუსეთმა თავიდანვე ვერ შეძლო ამ როლის შესრულება, იმიტომ კი არა, რომ ცუდია, იმიტომ, რომ ის სომხურ-აზერბაიჯანულ კონფლიქტშია ჩარეული. მინსკის ჯგუფის მთელი საქმიანობა არის მოლაპარაკებების იმიტაცია, უშედეგო მონიტორინგი”, – ამბობს ვანიანი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 28 სექტემბერს “იმედის” ტელეეთერში სომხეთ-აზერბაიჯანის მედიაციის საკითხში საკუთარ როლზე ისაუბრა და თქვა, რომ ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანს.

ღარიბაშვილის მედიაციით, ყარაბაღის 2020 წლის ომის დროს აზერბაიჯანში ტყვედ მოხვედრილი სომხეთის 15 მოქალაქე რამდენიმე თვის წინ გათავისუფლდა, ხოლო აზერბაიჯანს სომხურმა მხარემ დანაღმული ტერიტორიების შესახებ მნიშვნელოვანი რუკები გადასცა.

ამ ფაქტის შემდეგ ნიკოლ ფაშინიანმა ირაკლი ღარიბაშვილს რამდენჯერმე მადლობა გადაუხადა მედიაციის პროცესში მისი პირადი წვლილისთვის, მათ შორის, საქართველოში უკანასკნელი ოფიციალური ვიზიტის დროს.

დღეს, 29 სექტემბერს ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით ბაქოში ჩავიდა. მისივე ინფორმაცით, უახლოეს მომავალში ვიზიტს სომხეთშიც გეგმავს.

ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ბაქოსა და ერევანს შორის მედიაციას გააგრძელებს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი