ახალი ამბები

“იმედის” დაკვეთილი კვლევით, კალაძე პირველივე ტურში იგებს

29 სექტემბერი, 2021 • 1309
“იმედის” დაკვეთილი კვლევით, კალაძე პირველივე ტურში იგებს

GORBI-ს მიერ, ტელეკომპანია “იმედის” დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად, “ქართული ოცნების” კანდიდატი კახა კალაძე თბილისის მერის არჩევნების პირველივე ტურში იმარჯვებს. ამავე კვლევით, “ოცნებას” ადგილობრივ არჩევნებში ხმას 49.6% მისცემდა.

საპასუხოდ კითხვისა, „დღეს რომ ქალაქ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას“, გამოკითხულთა 53,6%-მა თქვა, რომ ხმას კალაძეს მისცემს, 27,7%-მა კი ნიკა მელიაზე შეაჩერა არჩევანი.

“იმედის”თანახმად, მისი დაკვეთით ჩატარებული კვლევით, კანდიდატთა რეიტინგები ასე გამოიყურება:

  • კახა კალაძე (ქართული ოცნება) – 53,6%;
  • ნიკა მელია (ნაციონალური მოძრაობა) – 27,7%;
  • გიორგი გახარია (საქართველოსთვის) – 6,5%;
  • გიორგი ლომია (პატრიოტთა ალიანსი) – 3,5%;
  • ანა ბიბილაშვილი (ლელო) 3,5%;
  • ანა დოლიძე (ხალხისთვის) – 1,5%;
  • სხვა კანდიდატები – ჯამში 3,7%.

ადამიანებს ასევე ჰკითხეს, რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას ადგილობრივ არჩევნებზე. “იმედის” თანახმად, გამოკითხულთა 49,6% „ქართულ ოცნებას“ ირჩევს, 25,9% — „ნაციონალურ მოძრაობას“, 5.3% კი — გიორგი გახარიას “საქართველოსთვის”.

ამავე გამოკითხვის მიხედვით, შემდეგ პოზიციაზეა „პატრიოტთა ალიანსი“ 4,1%-ით, „ევროპულ საქართველოს“ 2,7% აქვს, “ლელოს” — 2,6%, გიორგი ვაშაძის „მესამე ძალას“ — 2.2%, ზურაბ ჯაფარიძის „გირჩი — მეტი თავისუფლებას“ — 2%, „ლეიბორისტებს“ — 1,8%, ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეებს“ — 1,5%, იაგო ხვიჩიას “გირჩს” კი — 0,9%. სხვა პარტიებს რესპონდენტთა 1,4% ასახელებს.

“იმედის” თანახმად, საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრმა GORBI ქვეყნის მასშტაბით სოციოლოგიური კვლევა 10-19 სექტემბერს ჩაატარა. ადამიანები პირისპირ ინტერვიუირების მეთოდით გამოკითხეს.

“რესპონდენტთა შესარჩევად გამოყენებული იყო მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდი. საველე სამუშაოებისას, ჯამში, 2000 რესპონდენტი გამოიკითხა.

კვლევის შედეგების ცდომილების ზღვარი ქვეყნის მოსახლეობისთვის +/- 2.5%, თბილისის მოსახლეობისთვის – +/3,4%-ია. კვლევის სამიზნე ჯგუფი იყო ზრდასრული მოსახლეობა, რომელიც ცხოვრობს საქართველოს ტერიტორიაზე და არის რეგისტრირებული იმ უბანზე, სადაც ტარდება მისი ინტერვიუირება”, — წერს ტელეკომპანია.

კვლევაში ასახულია მხოლოდ იმ რესპონდენტთა პასუხები, რომლებმაც ინტერვიუერს დაუდასტურეს, რომ არჩევნებში მონაწილეობას აპირებენ.

გასულ დღეებში სხვა ტელეკომპანიების დაკვეთით ჩატარებული კვლევების შედეგები ზემოხსენებული გამოკითხვის შედეგებისაგან განსხვავდება.

“მთავარი არხის” დაკვეთით IPSOS S.A.-ს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, კალაძეს 41% მისცემდა ხმას, “ფორმულას” დაკვეთით Edison Research-ის  მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით კი — 43%. შესაბამისად, აღნიშნული კვლევებით, ის ვერ იმარჯვებს მეორე ტურში.

ამასთან, GORBI-ის კვლევის შედეგებთან შედარებით, IPSOS S.A.-სა და Edison Research-ის კვლევებით “ქართულ ოცნებას” უფრო დაბალი, შესაბამისად, 35 და 36% აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი