ტრამვაი, უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტი, საბაგიროები და მეტროს რეაბილიტაცია – ეს მცირე ჩამონათვალია იმ რეფორმების, რომელთა გატარებაც თბილისის მერობის კანდიდატებს უნდათ.
როგორია საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის გაუმჯობესების თქვენეული გეგმა? – ეს კითხვა partiebi.ge-მ თბილისის მერობის კანდიდატებს დაუსვა.
აღნიშნულ კითხვაზე პასუხი 4-მა პარტიამ გასცა, ესენია „ლელო“; „მესამე ძალა“; „გიორგი გახარია – საქართველოსთვის“ და „ნაციონალურმა მოძრაობა“. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, partiebi.ge-მ ამ კითხვაზე პასუხი კახა კალაძის წინასაარჩევნო პროგრამის მიხედვით თავად მიუთითა.
ნეტგაზეთი პარტიების პასუხებს უცვლელად გთავაზობთ:
ნიკა მელია – ძალა ერთობაშია: „თბილისის საცობების შეკავებისა და მისი პრევენციისთვის უმნიშვნელოვანესია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუდმივი განვითარება-მოწესრიგება. დღეის მდგომარეობით, თბილისში მთავარი პრობლემა საზოგადოებრივი ტრანსპორტის არასაკმარისი რაოდენობა და მისი არაპოპულარობაა. ქალაქს, სულ მცირე, 900 ავტობუსი სჭირდება. არსებული სამარშრუტო ქსელის რეალურ საჭიროებებზე მორგებასთან ერთად, ეს საშუალებას მოგვცემს, დავამატოთ ახალი მარშრუტები, გავზარდოთ მოქმედ მარშრუტებზე ავტობუსების რაოდენობა და ამით შევამციროთ ლოდინის დრო მგზავრებისთვის. შესაბამისად, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოძრაობა გავხადოთ მიმზიდველი.
ელექტროტრანსპორტის განვითარება:
- ტრამვაი – დღევანდელი მონაცემებით, ჰაერის 90% გამონაბოლქვით ბინძურდება, რაშიც ერთ-ერთი მთავარი დამნაშავე ავტომობილია. ტრამვაი მაღალი გამტარუნარიანი, ეკოლოგიური, ეკონომიური და უსაფრთხო ტრანსპორტია, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვისაც მოხერხებულია. რაც მთავარია, მოიხმარს ელექტროენერგიას და არ აბინძურებს ჰაერს; მოძრაობს მისთვის განკუთვნილ ზოლში და, შესაბამისად, დანიშნულების ადგილამდე დანარჩენ ტრანსპორტზე უფრო სწრაფად მიდის. ტრამვაის ერთ შემადგენლობას ერთდროულად რამდენიმე ავტობუსის მგზავრის გადაყვანა შეუძლია, ამიტომ სწრაფად უნდა მოხდეს დეტალური კვლევა, სად შეიძლება ტრამვაის ხაზის მოწყობა და ბიუჯეტში საამისო თანხებიც განისაზღვროს.
- საბაგიროები – მნიშვნელოვანია საბაგიროს, როგორც ეკოლოგიურად სუფთა, თანამედროვე და კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, რომელიც მოემსახურება მგზავრთა უკეთეს, სწრაფ და კომფორტულ გადაადგილებას როგორც ტურისტული, ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტის კუთხით. საწყის ეტაპზე სასურველია შემდეგი ხაზების მშენებლობა: უნივერსიტეტი – ბაგები – წყნეთი; დიდუბე – ვაშლიჯვარი – ლისი; თბილისის ზღვა-ლოტკინი-სადგურის მოედანი; ზღვის უბანი-ახმეტელის თეატრი; ვაზისუბანი – მეტროსადგური “სამგორი”; ვაკის პარკი, კუს ტბის დაკავშირება ახალ სადგურ – მთაწმინდასთან და მთაწმინდის დაკავშირება არსებულთან – ნარიყალა, რიყე.
- თბილისის მეტრო – გარდა იმისა, რომ მუდმივად უნდა მიმდინარეობდეს მეტროს არსებული ინფრასტრუქტურის კაპიტალური შეკეთება-განახლება, მნიშვნელოვანია, დაიწყოს მუშაობა მეტროს ახალი ხაზების დასაპროექტებლად. საჭიროა მატარებლების შემადგენლობის გაზრდაც,“.
გიორგი გახარია – საქართველოსთვის: „ჩვენი მიზანია ტრანსპორტითა და ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფილი თბილისი!
- თბილისის მეტროს შემდგომი განვითარება – დიდი დიღმის, ლილოსა და აეროპორტის მიმართულებით. ასევე, თბილისის და რუსთავის დაკავშირება მეტროს ხაზით, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის კუთხით არსებულ ვითარებას, მნიშვნელოვნად გაზრდის ახლად დაკავშირებულ რაიონებში ეკონომიკურ აქტივობას და უძრავი ქონების ღირებულებას;
- მეტროს განვითარების პროექტის დაფინანსება მუნიციპალური ფასიანი ქაღალდების გამოშვებით;
- არსებული მეტროსადგურების მასშტაბური განახლება, მეტროპოლიტენისთვის ახალი ვაგონების დამატება;
- ავტობუსების პარკის ახალი, თანამედროვე სტანდარტების ტრანსპორტით ჩანაცვლების გაგრძელება;
- მუნიციპალური ავტობუსების რაოდენობის, ტრანსპორტის ხელმისაწვდომობის გაზრდა და მუნიციპალური ავტობუსებით უფასო მგზავრობა – თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის კუთხით არსებული ვითარების მოწესრიგებამდე;
- ინფრასტრუქტურის კომპლექსური განახლება (გზა-წყალგაყვანილობა-დრენაჟი), რაც თავიდან აგვარიდებს ახლად შექმნილი ინფრასტრუქტურის დაზიანებას/მისი შეცვლის საჭიროებას და გაუმართაობას;
- არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა და სრულად გამართვა – წლების განმავლობაში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება;
- შესრულებულ სამუშაოებზე ხარისხის მკაცრი კონტროლი“.
კახა კალაძე – ქართული ოცნება: „მომდევნო 4 წლის განმავლობაში თბილისის სატრანსპორტო მიმართულებით შემდეგი პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ:
- ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემა – ჭკვიანი/გონიერი სატრანსპორტო სისტემა (ITS) არის მოწინავე სისტემა, რომელიც მიზნად ისახავს ინოვაციური სერვისებითა და აღჭურვილობით უზრუნველყოფას, რომლებიც დაკავშირებულია ტრანსპორტის სხვადასხვა სახეობასა და მოძრაობის მენეჯმენტთან, საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, უკეთ იყვნენ ინფორმირებულები, გადაადგილება გახდეს უფრო უსაფრთხო, კოორდინირებული და მოხდეს სატრანსპორტო ქსელების რაციონალური გამოყენება.
- დამატებით 380 ერთეული ახალი ავტობუსი თბილისს – ჩვენ მიერ განახლებულ ავტობუსების პარკს, არსებულ და ახალ მარშრუტებზე, 200 ერთეული 18-მეტრიანი და 180 ერთეული 8-მეტრიანი ახალი ავტობუსი დაემატება.
- მიკროავტობუსების პარკის განახლება – მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება მიკროავტობუსების პარკის განახლება და ყვითელ მიკროავტობუსებს სრულად ჩაანაცვლებს ახალი მიკროავტობუსები.
- 10 სატრანზიტო დერეფანი – საზოგადოებრივი ტრანსპორტის ოპერირებისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, გაგრძელდება 10 სატრანზიტო დერეფნის მოწყობა.
- ახალი ვაგონები თბილისის მეტროპოლიტენში – მომდევნო 2 წლის განმავლობაში მეტროპოლიტენს სრულიად ახალი 40 ვაგონი შეემატება.
- მეტროს სადგურების განახლების პროგრამა – განხორციელდება მეტროს სადგურების რეაბილიტაციის პროგრამა, რომელიც დაფინანსდება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ. ამისთვის გამოიყოფა 60 მილიონი ევრო.
- ვადიანი სამგზავრო აბონემენტების სისტემური დანერგვა – თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებული ქსელის დანერგვის პარალელურად, ევროპული ქალაქების საუკეთესო გამოცდილების გათვალისწინებით, დაგეგმილია ვადიანი სამგზავრო აბონემენტების სხვადასხვა სისტემის ამოქმედება.
- 2 ახალი საბაგირო დერეფანი – საბაგირო ტრანსპორტი სრულიად ეხმიანება ქ. თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკასა და დედაქალაქში ტრანსპორტის განვითარების ხედვას; შესაბამისად, განვახორციელებთ 2 ახალი საბაგიროს პროექტს.
- დამატებით 315 კილომეტრამდე ველობილიკი თბილისს – რაც შესაძლებლობას მოგვცემს, შეიკრას ერთიანი ქსელი ველოტრანსპორტით კომფორტული გადაადგილებისთვის.
- ტაქსების რეფორმის III ეტაპი – გაგრძელდება ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი, რომელიც უზრუნველყოფს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და ტაქსის ბაზარზე ტაქსისტებისთვის სტაბილური ეკონომიკური პირობების შექმნას.
ანა ბიბილაშვილი – ლელო საქართველოსთვის; „თანამედროვე ქალაქის აუცილებელი ატრიბუტია მუნიციპალური სერვისებით მოქალაქეთა ხარისხიანი მომსახურება, ნაკლები ბიუროკრატია და ციფრული ტექნოლოგიები. თბილისში 4 წელიწადში სრულად დაინერგება “Smart City – ჭკვიანი ქალაქის” კონცეფცია, რაც უზრუნველყოფს ქალაქის ცხოვრებაში თბილისელების სრულფასოვან მონაწილეობას.
ჩვენი პრიორიტეტია – საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველა უბანს, ეკომეგობრული სატრანსპორტო საშუალებები, მუნიციპალური ტრანსპორტის მართვის ერთიანი სისტემის შემოღება და მომხმარებლებისთვის კომფორტული მობილური აპლიკაციის შექმნა.
ელექტრო და ჰიბრიდული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობის გასაზრდელად სპეციალურ წამახალისებელ პროგრამას შევიმუშავებთ. ვგეგმავთ მეტროს არსებული ქსელის რეაბილიტაციას და შემადგენლობების დამატებას მოლოდინის დროის შესამცირებლად. მეტროს გაგრძელებას ტრამვაის/საგარეუბნო რკინიგზის სადგურებით, როგორც დიდი დიღმის, ისე – სოფელ ლილოს მიმართულებით.
თამარ კეკენაძე – მესამე ძალა:
1. თბილისის ტრამვაის ქსელის აღდგენა/გაფართოება (დიდი დიღომი, ლილო, აეროპორტი);
2. თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელი სწრაფი ღია მეტრო;
3. თბილისი-მცხეთის დამაკავშირებელი სწრაფი ღია მეტრო;
4. სატვირთო მატარებლების შემოვლით რკინიგზაზე გადატანა;
5. მეტროს ინფრასტრუქტურის განვითარება;
6. ავტოპარკის განახლება;
7. 2024 წლის 1 იანვარს თბილისში ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტი იქნება ელექტრო.
www.partiebi.ge 2012 წლიდან რეგულარულად აქვეყნებს საქართველოს პოლიტიკური პარტიებისა თუ მერობის კანდიდატების წინასაარჩევნო შეხედულებებს ქვეყნისათვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე. პროექტი საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ არის დაფინანსებული და მიზნად ისახავს 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის ხელი შეუწყოს როგორც მერობის კანდიდატების წინადადებების ფორმირებას, ისე საზოგადოების ინფორმირებას ამ წინადადებების შესახებ.
რაც შეეხება თბილისის მერობის კანდიდატების ხედვებს სატრანსპორტო პოლიტიკაზე, მათ შეგიძლიათ გაეცნოთ აქ:
თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკა: მერობის კანდიდატების ხედვები