ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილმა დემნა გვასალია ღირსების მედლით დააჯილდოვა

27 სექტემბერი, 2021 • 1306
სალომე ზურაბიშვილმა დემნა გვასალია ღირსების მედლით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დიზაინერი დემნა გვასალია ღირსების მედლით დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ცნობით, ზუაბიშვილმა Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი პარიზში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დააჯილდოვა ღირსების მედლით. დაჯილდოვების ცერემონია კი მოდის სახლში Balenciaga გაიმართა.

ამასთან, ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტმა დემნა გვასალიას საქართველოს სახელმწიფო ჯილდო მოდის სფეროში წარმატებული მოღვაწეობისა და საზღვარგარეთ საქართველოს პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი წვლილისათვის გადასცა.

“მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს მეძლევა საშუალება გადმოგცეთ ეს ჯილდო, რომელიც იმ ყველაფრის დაფასებაა, რაც შეძელით და რასაც მიაღწიეთ.

ისე მოხდა, რომ ეს დაჯილდოება 27 სექტემბერს იმართება. ეს ის დღეა, რომელიც თქვენთვის კიდევ უფრო მძიმეა, ვიდრე სხვებისთვის, ვისაც ეს პერიოდი არ გაუვლია, მაგრამ სოხუმის დაცემის დღე მთელი საქართველოსთვის გლოვის დღეა, ჩვენი დროშები დაშვებულია, მაგრამ დღეს მე რომ აქ, თქვენთან ვარ, რათა ეს სახელმწიფო ჯილდო გადმოგცეთ, ეს ნიშნავს, რომ სადღაც ჩვენ მაინც უკვე გავიმარჯვეთ, რომ დღეს, შეიძლება ასეთი წარმატებიული ადამიანი იყოს აფხაზეთიდან წამოსული ადამიანი, რომელმაც თავის დარგში, თავისი ნიჭითა და შრომით მსოფლიო დაიპყრო. ეს არის დღე, რომელიც არ ანელებს ტკივილს, რადგან მას ვერაფერი შეანელებს, მაგრამ იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ყველანი წინ მივდივართ და იმის გადაწყვეტაც ჯერ წინ არის, ამის იმედი გვაქვს ყველას და ამისი გვჯერა”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ დემნა გვასალია საქართველოდან წასული ახალგაზრდებისთვის მაგალითად იქცა და საქართველოს მსგავსი “პატარა ქვეყნისთვის ეს ძალიან დიდი მაგალითია”.

მასალების გადაბეჭდვის წესი