ახალი ამბები

პრეზიდენტმა დიმიტრი ამილახვარს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა

26 სექტემბერი, 2021 • 1209
პრეზიდენტმა დიმიტრი ამილახვარს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა

საქართველოს პრეზიდენტმა საფრანგეთის უცხოური ლეგიონის ლეიტენანტ-პოლკოვნიკს, დიმიტრი ამილახვარს სიკვდილის შემდეგ, საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.

საფრანგეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღარების 100 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე, რომელიც პარიზში, ჩატარდა, პრეზიდენტმა საქართველოს სახელმწიფო ჯილდო დიმიტრი ამილახვარის შთამომავლებს გადასცა.

პრეზიდენტის განცხადებით, ეროვნული გმირის წოდება დიმიტრი ამილახვარს, სიკვდილის შემდეგ, მიენიჭა საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ღირსეულად წარმოჩენისათვის, საქართველოსადმი განსაკუთრებით პოზიტიური დამოკიდებულების შექმნაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისა და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების თავგანწირვისათვის.

“საქართველოს პრეზიდენტმა პარიზში ქართული ემიგრაციის გამორჩეული წარმომადგენლები დააჯილდოვა საქართველოს პრეზიდენტმა ბრწყინვალების ორდენით, სიკვდილის შემდეგ, დააჯილდოვა ასევე, ღირსი მამა ილია (ელი) მელია და დიპლომატი, მთარგმნელი და თეოლოგი კონსტანტინე ანდრონიკოვი (ანდრონიკაშვილი). ელი მელია საზღვარგარეთ ქართული ემიგრაციის სულიერი მხარდაჭერისათვის, გამორჩეული საზოგადოებრივი საქმიანობისა და ხალხის უანგარო სამსახურისათვის დაჯილდოვდა, ხოლო კონსტანტინე ანდრონიკოვის (ანდრონიკაშვილი) საზღვარგარეთ საქართველოსათვის სახელის განთქმისათვის, გამორჩეული დიპლომატიური, მთარგმნელობითი და საზოგადოებრივი საქმიანობისათვის”, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დიმიტრი ამილავხრის ბიოგრაფია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მიხედვით:

1906 წ. 31 ოქტომბერს თერგის ოლქის სოფ. ბაზორკინოში (ახლანდ. ჩერმენი, ჩრ. ოსეთი) პოლკოვნიკ გიორგი ამილახვრისა და ნინო ერისთავის ოჯახში დაიბადა საფრანგეთის  მომავალი ეროვნული გმირი დიმიტრი ამილახვარი. დაბადების ადგილის მიხედვით ზედმეტსახელად “ბაზორკა” შარქვეს. 1918-1921 წწ. ამილახვრების ოჯახი თბილისში ცხოვრობს და დიმიტრი განათლებას თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში იღებს. რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ოჯახი ჯერ თურქეთში, 1922 წელს კი პარიზში გადადის. 1924-1926 წწ. დიმიტრი ამილახვარი სენ–სირის პრესტიჟულ სამხედრო სკოლაში სწავლობს და 1926 წლიდან უმცროსი ლეიტენანტის ჩინით ირიცხება საფრანგეთის უცხოურ ლეგიონში.

პარიზში დიმიტრი ამილახვარი ირინე დადიანზე დაქორწინდა და ორი შვილი-თამარი და ოთარი შეეძინა.

ომის დაწყებამდე სულ ცოტა ხნით ადრე დიმიტრი ამილახვარმა საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო.

II მსოფლიო ომის დროს დიმიტრი ამილახვარი მონაწილეობს ნავრიკის ცნობილ ბრძოლაში. ამის შემდეგ ლონდონში ხვდება შარლ დე გოლს და ერთიანდება თავისუფალ ფრანგულ ჯარში. აფრიკაში სამსახურის დროს, გამონაკლისის სახით, მიენიჭა ლეიტენანტ–პოლკოვნიკის წოდება და უცხოური ლეგიონის მე-13 ბრიგადის მეთაურად დაინიშნა. 1942 წ. ლიბიაში გერმანელების წინააღმდეგ ბრძოლისას დიმიტრი ამილახვარმა პირველად გამოიყენა ტანკსაწინდააღმდეგო ბრძოლის ახალი სისტემა. ამასობაში საფრანგეთის პროფაშისტურმა ხელისუფლებამ დიმიტრი ამილახავრს დაუსწრებლად სიკვდილი მიუსაჯა.

დიმიტრი ამილახვრის ნახევარბრიგადამ გადამწყვეტი როლი შეასრულა გერმანელი გენერლის რომელის არმიის წინააღმდეგ ბირ–ჰაკეიმის ბრძოლებში, რისთვისაც შარლ დე გოლმა პირადად დააჯილდოვა მხედრული წარჩინების უმაღლესი ნიშნით-“განთავისუფლების ჯვარი”.

1942 წ. მეორე ნახევარში დიმიტრი ამილახვარი მონაწილეობს ეგვიპტეში ელ–ამაინთან გამართულ  ბრძოლებში. 24 ოქტომბრის ბრძოლა მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. პოლკოვნიკი დაკრძალეს ლიბიის უდაბნოში.

1944 წ. დეკემბერში უცხოელთა ლეგიონის ხელმძღანელობამ ირინე დადიანი მეუღლის ხსოვნის საღამოზე მიიწვია. საღამოზე დასაწრებლად ირინე ბავშვებთან და დასთან (ელისო დადიანი) ერთად სამხედრო მანქანით გაეშურა და ავტოკატასტროფაში დასთან ერთად დაიღუპა.

ავტოკატასტროფისას გადარჩენილ ობლებს მფარველობა დიმიტრი ამილახვრის თანამებრძოლმა და შემდგომში საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა გენერალმა კენინგმა გაუწია. ბავშვები “საფრანგეთის შვილებად” გამოცხადნენ და მათი აღზრდა საფრანგეთის მთავრობამ იკისრა.

საფრანგეთის პრეზიდენტის შარლ დე გოლის ბრძანებით, სიკვდილის შემდეგ დიმიტრი ამილახვარი დაჯილდოვდა “საპატიო ლეგიონის” უმაღლესი ორდენით, მისი სახელი მიენიჭა სენ–სირის სამხედრო საწავლებლის 1954-1956 წწ. 143-ე გამოშვებას.

2005 წ. საფრანგეთში ფართოდ აღინიშნა დიმიტრი ამილახვრის დაბადების 100 წლისთავი. პარიზის ერთ–ერთ ქუჩას და სენ–სირის სამხედრო სასწავლებლის აღნიშნული წლის გამოშვებას ეწოდა დიმიტრი ამილახვრის სახელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი