ფოთისა და ხობის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა. მერიების თანახმად, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების სახურავები და წაქცეულია ხეები.
“16:50 საათზე ძლიერი ქარი 17- 32 მ/წმ-დე დაფიქსირდა. მერიის შესაბამისი სამსახურები ქალაქის სხვადასხვა უბანში არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობიან. მიმდინარეობს სახლების გადახურვა დროებითი გადასახური მასალით”, — აღნიშნავს ფოთს მერია.
მისივე ცნობით, ზოგიერთ უბანზე ელექტროენერგიის მიწოდებაც შეწყდა.
“სტიქიით მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია სწავლობს, რომლის შემდეგ დაზარალებულ ოჯახებს შესაბამისი დახმარება გაეწევა”, — ვკითხულობთ განცხადებაში.
ძლიერი ქარის შედეგად პრობლემები შეექმნა ხობის მუნიციპალიტეტის შავღელეს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობასაც. ხობის მერიის თანახმად, ქარმა ხეები მოგლიჯა, დააზიანა სახლები და სავარგულები.
სოფლის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
“ადგილზე იმყოფებიან ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი მახარე ჩოკორაია, მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და „ენერგო პრო-ჯორჯიას“ ჯგუფები.
წაქცეული ხეებისგან იწმინდება გზები და ეზოები”, — ამბობს მერია.
უწყების თქმით, ზარალს კომისია დაითვლის, დაზარალებული ოჯახები კი დახმარებას მიიღებენ.