ახალი ამბები

სარჯველაძე: ვის რა როლი აქვს ამ სპექტაკლში — ჰარცელს, ჯაფარიძეს, მელიას — არ ვიცი

24 სექტემბერი, 2021 • 1290
სარჯველაძე: ვის რა როლი აქვს ამ სპექტაკლში — ჰარცელს, ჯაფარიძეს, მელიას — არ ვიცი

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ევროკავშირის ელჩს საქართველოში კარლ ჰარცელს აკრიტიკებს.

სარჯველაძის აზრით, ვისაც დაძაბულობა არ სურს, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მელის უნდა დაეშოშმინებინა, ამის ნაცვლად კი აქცენტის გადატანა ხდება სხვა თემებზე, თითქოს ელჩი ჰარცელი 2 საათის განმავლობაში უსაფრთხოების გარანტიის მოპოვებას ცდილობდა და ეს ვერ მიიღო.

“არ ვიცი, წინასწარ იყო, რა იყო, როგორ იყო, ვის რა როლი აქვს ამ სპექტაკლში — ჰარცელს, ჯაფარიძეს, მელიას, ა.შ. — ადგნენ და ერთმანეთში გაარკვიონ. ამაზრზენი ქცევებია, რასაც ახლა გვთავაზობენ, პოპულარიზებას ეწევიან იმის ნაცვლად, რომ გამოვიდნენ და თქვან, მელიამ რაც იკადრა, არის წარმოუდგენელი. ამის ნაცვლად ახლა რაღაც ალტერნატიულ ვერსიებს და ალტერნატიულ საყურადღებო ცენტრებს ქმნიან. ვის რა როლი აქვს, ვერ გეტყვით, მაგრამ თუ ვინმეს არ უნდა ამ ქვეყანაში, რომ ასეთი დაძაბულობის კერები, ასეთი კონფლიქტები არ იქმნებოდეს, უნდა გამოვიდეს და უნდა უთხრას, რომ “მელია, გაჩერდი და ასეთ ქცევებს ნუ ახორციელებ”, — განაცხადა სარჯველაძემ.

დამაზუსტებელ კითხვას, ჰარცელს უნდა ეთქვა თუ არა ეს მელიასთვის, სარჯველაძემ უპასუხა:

“რასაკვრიველია, მათ შორის, მელიასთვის უნდა ეთქვა და თავს იკავებს. მე, რა ვიცი რა უთრხა, მაგრამ იმის მერე რაც გამოდის ამბავი, ყველა ცდილობს სხვაგან გადაიტანოს მიმართულებები”.

23 სექტემბერს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა, ირაკლი კობახიძემ და ნიკა მელიამ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ერთმანეთზე ფიზიკურად გაიწიეს.

დაპირისპირების შემდეგ ევროკავშირის წარმომადგენლობასთან ჯერ „ქართული ოცნების“, შემდეგ კი ენმ-ის მხარდამჭერები შეიკრიბნენ. ისინი ირაკლი კობახიძის მოწოდების შემდეგ დაიშალნენ.

თინა ბოკუჩავამ, რომელიც „ოცნების“ მხარდამჭერების მობილიზაციის დროს ნიკა მელიასთან ერთად იმყოფებოდა საელჩოს შენობაში, „მთავარ არხთან“ საუბრისას განაცხადა:

„მისი [ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის] პირადი თხოვნით, ჩვენ ვიმყოფებოდით ევროკავშირის საელჩოს შენობაში და ვითვალისწინებდით მის თხოვნას იმასთან დაკავშირებით, რომ არ გავსულიყავით შენობიდან მანამ, სანამ ეს არ იქნებოდა უსაფრთხო და პოლიციის მხრიდან არ იქნებოდა გაცემული უსაფრთხოების გარანტია“.

ბოკუჩავას თქმით, ელჩი ჰარცელი „2 საათის განმავლობაში ცდილობდა, აღნიშნული უსაფრთხოების გარანტიის მოპოვებას და ეს ვერ მიიღო“.

მასალების გადაბეჭდვის წესი