“ოჯახის მამაკაცი წევრები, როგორც გადაწყვეტილების მიმღებები, უკრძალავდნენ ქალებსა და გოგოებს ჯანდაცვის სერვისით სარგებლობას და ტესტირებას, იმ შემთხვევაშიც კი, როცა ოჯახის რომელიმე წევრს დადასტურებულად ჰქონდა კავშირი ინფიცირებულთან ან/და ჰქონდა კორონავირუსის აშკარა სიმპტომები”, – ესაა ამონარიდი იმ ვრცელი კვლევიდან, რომელიც საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მოამზადა სახელწოდებით “COVID-19 ის პანდემიის გავლენა კონფლიქტით დაზარალებულ ქალებსა და გოგოებზე”.
დოკუმენტის მიზანი იყო, გამოეკვლია კორონავირუსის პანდემიის გავლენები კონფლიქტით დაზარალებულ ქალებსა და გოგოებზე, შეესწავლა საერთაშორისო გამოცდილება და ასევე გამოევლინა კომპაქტურ დასახლებებში, ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარედ და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკების ტერიტორებზე მცხოვრები ქალებისა და გოგოების საჭიროებები.
მკვლევრის, ანა ილურიძის განმარტებით, კვლევის ძირითადი მიგნებები ეყრდნობა კონფლიქტით დაზარალებულ ქალებსა და გოგოებთან ჩატარებულ ინტერვიუებსა და ფოკუს-ჯგუფებს, ქალთა უფლებების დაცვასა და მშვიდობის მშენებლობის პროცესში ჩართული საერთაშორისო ორგანიზაციების, საერთაშორისო მისიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ჩატარებულ ინტერვიუებს, ფოკუს-ჯგუფებსა და პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან ჩატარებულ ჩაღრმავებულ ინტერვიუებს – კვლევის ფარგლებში ჩატარდა 19 ჩაღრმავებული ინტერვიუ და 5 ფოკუს-ჯგუფი.
ფოკუს-ჯგუფისა და ჩაღრმავებული ინტერვიუს მეშვეობით, კვლევაში მონაწილეობა მიიღო ორმოცდაერთმა (41) კონფლიქტით დაზარალებულმა ქალმა, საიდანაც ორი (2) იყო ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები, ცხრა (9) – იძულებით გადაადგილებული და დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრები (ჯვარის, სენაკისა და კასპის დევნილთა დასახლებები) და ოცდაათი (30) – გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები ქალი და გოგონა.
ანგარიშში ნათქვამია, რომ პანდემიის პერიოდში ქალის მიმართ და ოჯახში ძალადობის გაზრდილი რისკები ასევე გამოიხატა ფსიქოლოგიური ძალადობის სპეციფიკური ფორმების გაჩენაში, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული COVID-19 ის პანდემიასა და მასთან დაკავშირებულ შეზღუდვებთან.
“კონფლიქტით დაზარალებული ქალები საუბრობდნენ ოჯახის წევრების მხრიდან ფსიქოლოგიურ ძალადობაზე, რომელიც გამოიხატებოდა ექიმის და ტესტირების სერვისების მისაწვდომობის შეზღუდვაში, რადგან სავარაუდო დადასტურების შემთხვევაში, ერთი მხრივ, ოჯახი გახდებოდა კორონავირუსთან დაკავშირებული სტიგმის მსხვერპლი, მეორე მხრივ, სავალდებულო იზოლაციის გამო ოჯახის სხვა წევრები, რომლებიც დასაქმებული იყვნენ არაფორმალურ ეკონომიკაში, დამოკიდებულნი იყვნენ დღიურ გამომუშავებაზე ან/და დასაქმებულნი იყვნენ სერვისის სფეროში – დაკარგავდნენ შემოსავალს”.
ამასთან, როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ფოკუს-ჯგუფებისა და ჩაღრმავებული ინტერვიუების საშუალებით გამოვლინდა, რომ თუ დასაქმებული ქალი გახდებოდა ვირუსის პირველწყარო ოჯახის სხვა წევრებისთვის, მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხდებოდა გენდერული ნიშნით. ოჯახის წევრები მას ახსენებდნენ, რომ ქალის ადგილი არის სახლში, ხოლო მუშაობა და საჯარო სივრცეებში ყოფნა არის მის როლთან შეუთავსებელი („შენ რომ გარეთ არ გასულიყავი, რომ არ გემუშავა, არ შემოგვიტანდი კოვიდს სახლში“).
“როგორც კონფლიქტები, ასევე კორონავირუსის პანდემია ნეგატიურ გავლენას ახდენს გენდერულ თანასწორობაზე და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს იმ მიღწევებს, რომლებიც უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე უთანასწორობის შედეგების აღმოსაფხვრელად იყო მიმართული. არსებული გენდერული უთანასწორობის გამო COVID 19-ის სოციალური და ეკონომიკური გავლენები ქალებსა და გოგოებზე უფრო ნეგატიურად აისახება და განსაკუთრებულ საფრთხეს ქმნის კონფლიქტით დაზარალებული იმ ქალებისა და გოგოებისთვის, რომლებიც მოწყვლად ჯგუფებს მიეკუთვნებიან”, – წერს კვლევის ავტორი.
კვლევა ჩატარდა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „კონფლიქტით დაზარალებული ქალების და გოგოების შესაძლებლობების გაფართოვება და მათი სოციალურ-ეკონომიკური პერსპექტივების გაუმჯობესება COVID 19-ის კრიზისის პერიოდში“ ფარგლებში.
![](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2016/03/37D3EB06-C472-4E1D-A1A2-15BF24E9F331_cx0_cy19_cw0_mw1024_s_n_r1-e1526471189794.jpg)
ენგურის ხიდი; ფოტო: თამარ ზანთარაია