ახალი ამბები

კობახიძე: „რთულია, ასეთ პროვოკაციებს პასუხი არ გასცე“

23 სექტემბერი, 2021 • 584
კობახიძე: „რთულია, ასეთ პროვოკაციებს პასუხი არ გასცე“

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, რომელში “ქართული ოცნების” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეები მონაწილეობდნენ, ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა.

ბრიფინგზე კობახიძემ ინციდენტი მელიას მიერ წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციად შეაფასა, ბოდიში მოიხადა სიტყვებისთვის, რომლის მოსმენაც მისგან საზოგადოებას მოუწია, ენმ-ის თბილისის მერობის კანდიდატს კი უინტელექტო ხულიგანი უწოდა:

“ჩვენ გასული დღეების განმავლობაში ყოველდღიურად ვსაუბრობდით, რომ იგეგმებოდა მძიმე პროვოკაციები წინასაარჩევნო გარემოს ხელოვნურად გასაუარესებლად. ამის მაგალითები ვიხილეთ ქარელში, დმანისში, ბათუმსა და ხელვაჩაურში გასული რამდენიმე დღის განმავლობაში. დღევანდელი ფაქტი ადასტურებს, რომ რაც მოხდა აღნიშნულ ოთხ მუნიციპალიტეტში არ იყო სპონტანური პროვოკაციები და მათ უკან “ნაციონალური მოძრაობის” გეგმა იდგა.

ამის მორიგი მაგალითი ვიხილეთ დღეს ნიკანორ მელიას შესრულებით, რომელიც არის უინტელექტო ხულიგანი პროვოკატორი და რომელიც თავის პოლიტიკურ შანსს მხოლოდ პროვოკაციებში ხედავს. სიმბოლურია, რომ ნიკანორ მელიამ პროვოკაცია განახორციელა ევროკავშირის შენობის წინ, ევროკავშირის ელჩებთან შეხვედრამდე” — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძემ მელია ასევე დაადანაშაულა, რომ ის არაფრად აგდებს დასავლელი პარტნიორების მოწოდებებს და პოლარიზაციას მათი ოფისის წინ აღვივებს:

“ეს იყო დემონსტრაციული განაცხადი, რომ მელია არაფრად აგდებს ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოწოდებებს და შეგნებულად პოლარიზაციას მათი ოფისის წინ აღვივებს. დღევანდელი პროვოკაციაც ადასტურებს, რომ ძალიან რთულია ასეთ პროვოკაციებს პასუხი არ გასცე. ჩემთვისაც რთული იყო დღევანდელი პროვოკაციის და შეურაცხყოფის მოთმენა მით უმეტეს, კრიმინალის მხრიდან. საზოგადოებას ბოდიში მინდა მოვუხადო სიტყვებისთვის რომელიც დრეს ჩემგან მოისმინა.

მინდა მოვუწოდო ჩვენს მხარდამჭერებსა და აქტივისტებს მოთმინებით მიუდგნენ ნებისმიერ ასეთ პროვოკაციას ჩვენ უნდა უზრუნველვყო მშვიდი საარჩევნო გარემო. 2 ოქტომბერს ქართული ოცნება დამაჯერებლად გაიმარჯვებს რის შემდეგაც კრიმინალები საბოლოოდ ჩამოშორდებიან პოლიტიკას,” — თქვა ირაკლი კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, ირაკლი კობახიძე და ნიკა მელია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ინციდენტი დაახლოებით 15:05 საათზე, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან მოხდა ილია ჭავჭავაძის გამზირზე.

კობახიძე, ევროკავშირის ოფისში შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებს აძლევდა ინტერვიუს, რა დროსაც ადგილზე ნიკა მელია მივიდა – ისიც ევროკავშირის წარმომადგენლობასთან შესახვედრად.

მელია და კობახიძე ევროკავშირის ოფისთან ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

მასალების გადაბეჭდვის წესი