ახალი ამბები

კობახიძის თქმით, EU-ს წარმომადგენლობაში მხოლოდ არჩევნებზე ისაუბრეს

23 სექტემბერი, 2021 •
კობახიძის თქმით, EU-ს წარმომადგენლობაში მხოლოდ არჩევნებზე ისაუბრეს

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში დღეს, 23 სექტემბერს გამართულ შეხვედრაზე მხოლოდ არჩევნებზე ისაუბრეს. შეხვედრა ევროკავშირის ქვეყნების ელჩებთან ერთად იმართებოდა.

კობახიძის თქმით, შეხვედრაზე არ უსაუბრიათ სავარაუდოდ სუს-იდან გამოჟონილ ფაილებზე, რომლებშიც ჩანს, რომ ქართული სპეცსამსახურები უსმენენ ელჩებსაც.

“ჩვენ გავაცანით ჩვენი ხედვა და ინფორმაცია ელჩებს წინასაარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით და დაისვა რამდენიმე კითხვა, დაახლოებით 3-4, სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით[…] რაც შეეხება ჩემ შეფასებას, რა განცხადებებსაც ვაკეთებ ხოლმე, იმის ერთგული ვრჩები.

დღევანდელ შეხვედრაზე მხოლოდ საარჩევნო საკითხები განვიხილეთ. არც მიშელის დოკუმენტი და არც ის ჩანაწერები, რაც რამდენიმე ტელევიზიამ გამოაგდო, ამ შეხვედრაზე განხილვის თემა არ ყოფილა”, — განაცხადა კობახიძემ.


გუშინ, 22 სექტემბერს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის მიერ გავრცელებულ ფაილებზე გაკეთებული განცხადება დიპლომატიურ სტანდარტებს ოდნავ აცდენილი იყო.

კარლ ჰარცელის თქმით, სავარაუდოდ სუს-ის მიერ დიპლომატების მოსმენის გამო ბრიუსელში საქართველოს ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილი დაიბარეს.

ამასთან, ჰარცელი აღნიშნავს, რომ დიპლომატების მოსმენა ვენის კონვენციას ეწინააღმდეგება და საქართველოს მსგავსი პარტნიორი ქვენისგან ელჩების მოსმენა არაბუნებრივად მიაჩნიათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი