ახალი ამბები

წულუკიანი ამბობს, რომ ვერც “სისხლიან” ბანერებზე გამოსახულთა “შვილები გაექცევიან წარსულს”

23 სექტემბერი, 2021 • 2273
წულუკიანი ამბობს, რომ ვერც “სისხლიან” ბანერებზე გამოსახულთა “შვილები გაექცევიან წარსულს”

კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის თქმით, “სისხლიან ბანერებში” საძრახისს ვერაფერს ხედავს და ეს ბანერები ემსახურება არა სიძულვილის გაღრმავებას, არამედ წარსულის მეხსიერებას.

“სიძულვილს აღვივებს ის, რომ ყველა პოლიტიკოსის სახლში არის შევარდნა ან შევარდნის მცდელობები ოპონენტების მხრიდან, მათ მიერ დაქირავებული მედიის წარმომადგენლების მხრიდან, როდესაც მათ შორის ჩვენი შვილები სახლიდან ვერ გამოდიან. ეს ჩემი და სხვების რეალობაა ყოველდღიური, როდესაც გყარაულობენ სახლის კართან და ლამობენ, რომ შემოიჭრან შენს პირად სივრცეში.

როდესაც ჩვენი ყოველდღიურობა არის სიძულვილის კასკადები, არც ჩემს მეუღლეს და არც ჩემს შვილს, არავითარი სურვილი არ აქვთ იყვნენ პოლიტიკაში. პოლიტიკაში ვარ მე და არავითარი პრობლემა არ მაქვს არავითარ კრიტიკასთან”, – განაცხადა წულუკიანმა და დასძინა, რომ ამ ბანერზე საძრახისს ვერაფერს ხედავს და კარგია, რომ არის.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ ბანერებს ხედავენ მასზე გამოხატული პირების შვილებიც, წულუკიანმა უპასუხა:

“და რა არის ამ ბანერზე ამისთანა, უხამსობა, პორნოგრაფია? ერთმანეთის შვილები თუ უნდა დავიცვათ… ყველას ჰყავს შვილი ამიტომ, ერთმანეთის შვილები თუ უნდა დავიცვათ, უნდა მოვიქცეთ წესიერად. მაგრამ ეს ადამიანები საკუთარ თავს ვერ გაექცევიან და ვერც მათი შვილები ვერ გაექცევიან საკუთარ ამ წარსულს. ამიტომ ნუ ვიკეკლუცებთ – “მოგწონს ეს ბანერი?” – კეკლუცი კითხვაა”,- თქვა წულუკიანმა.

თბილისის ქუჩებში ოპოზიციის საწინააღმდეგო, სიძულვილის ენის შემცველი ბანერები გამოჩნდა. 17 სექტემბრის ღამით გამოკრულ ბილბორდებზე წერია ტექსტი “არა ნაცებს! არა ბოროტებას! არა ღალატს!”, წითლად შეღებილ ფონზე კი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა ფოტოები არის დატანილი. “პრაიმთაიმის” ცნობით, იდეის ერთ-ერთი ავტორი და დამფინანსებელი ბიზნესმენი მიხეილ გაბრიაძეა.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოდან ჩანს, რომ ერთ-ერთი ასეთი ბანერი ვაქცინაციის პოპულარიზაციის ბანერს გადააკრეს.

სარეკლამო კომპანია “ალმა” აცხადებს, რომ ოპოზიციის საწინააღმდეგო „სისხლიანი“ ბანერები მისთვის მიუღებელია, თუმცა რეკლამის შინაარსთან არასდროს არანაირი შეხება არ აქვს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა სარეკლამო კომპანია “ალმას” ვაქცინაციის ბანერების დაუყოვნებლივ აღდგენისკენ მოუწოდა. კომპანია “ალმა” კი აცხადებს, რომ სარეკლამო ბილბორდები, რომელზეც ვაქცინაციისკენ მოწოდებებია განთავსებული, კომპანიამ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს სრულიად უსასყიდლოდ, 3 თვით დაუთმო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი