ახალი ამბებიკომენტარი

გიგიაძე: ჩვენ ვხედავთ საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობის ეროზიას

22 სექტემბერი, 2021 • 3217
გიგიაძე: ჩვენ ვხედავთ საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობის ეროზიას

საქართველოს ყოფილი ელჩი დანიაში გიგი გიგიაძე, რომელიც ამჟამად “ეკონომიკური პოლიტიკის კვლევით ცენტრში” საქმიანობს, მიიჩნევს, რომ დიპლომატების სავარაუდო ფარული მიყურადების საკითხი ევროკავშირში საქართველოს ელჩის ახსნა-განმარტებისთვის დაბარებით არ ამოიწურება და გაიმართება განხილვები ევროსტრუქტურებში.

გიგიაძის თქმით, ელჩის დაბარება ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში (EEAS) ჩვეულებრივი მოვლენაა და შეიძლება, ხშირად მოხდეს, თუმცა უპრეცედენტოა ის ფაქტი, რის გამოც საქართველოს ელჩს ახსნა-განმარტებების მიცემა მოუწია.

“აქამდე არასდროს ყოფილა შემთხვევა, რომ მსგავსი ფაქტის — ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის ფარული მიყურადების გამო ჩვენი წარმომადგენელი დაებარებინოთ ახსნა-განმარტების მისაცემად ბრიუსელში. შეუძლებელია, მეორე მხარეს განიხილავდე პარტნიორად და ამავე დროს, მისი დიპლომატიური წარმომადგენლობის ფარულ მიყურადებას აწარმოებდე. პარნტიოროები ერთმანეთს არ უსმენენ, მეგობრები ერთმანეთს უფრო მეტი პასტივისცემით ეკიდებიან და ეს პატივისცემა ვლიდნება ყოველდღიურ რეალობაში. ასეთი რამ სრულიად დაუშვებელია და ცხადია, ეს ძალიან ნეგატიურ ასახვას ჰპოვებს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე საშუალავადიან პერსპექტივაში. იმდენად უპრეცედენტო ფაქტია, რომ შეუძლებელია, ეს დარჩეს უპასუხოდ”, — აცხადებს გიგიაძე “ნეტგაზეთთან” საუბარში.

გიგიაძის თქმით, ამ ეტაპზე რთულია საუბარი, კონკრეტულად რა შედეგები მოჰყვება ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებულ დიპლომატიურ სკანდალს, თუმცა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს დიდი ზიანი უკვე მიადგა.

“ეს ძალიან ნეგატიურად აისახება ჩვენი ქვეყნის იმიჯზე და ძალიან დიდ ზიანს მიაყენებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებულ ნდობას. მოისმინეთ დღეს ევროკავშირის ელჩის განცახდება, რომ პარტნიორი ქვეყნისგან სრულიად მოულოდნელი იყო ის ფაქტი, რასაც ადგილი ჰქონდა. ამ საკითხს მოჰყვება განხილვა ევროკავშირში, მათ შორის, ევროპარლამენტში. ვფიქრობ, ეს იქნება არაჩვეულებრივი, დამატებითი არგუმენტი საქართველოსადმი სკეპტიკურად განწყობილი ქვეყნებისთვის, რომ აი, საქართველო ჯერ არ არის მზად დემოკრატიისთვის და იმ პროცესისთვის, რასაც ევროკავშირთან კიდევ უფრო სწრაფი დაახლოება ჰქვია”, — ამბობს გიგი გიგიაძე.

გიგიაძე სამწუხაროს უწოდებს, რომ საქართველო აღმოჩნდება იმ ქვეყნების სიაში, სადაც სპეცსამსახურები ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატებს ფარულად უსმენენ.

“კარგად გესმით, ეს როგორ ცვლის ჩვენდამი განწყობას თითოეულ ამ ქვეყანაში და ასევე ორგანიზაციაში… ფაქტობრივად ჩვენ ვხედავთ ნდობის, განსაკუთრებული პარტნიორობის ეროზიას საქართველოსა და ევროკავშირის შორის”, — ამბობს გიგიაძე.

ფაილებიდან, რომლებმაც, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონა, იკვეთება, რომ უწყება უსმენს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსაც. მასალებს შორისაა ათეულობით ცნობა, რომლებიც აღწერენ ელჩებისა და საელჩოების თანამშრომლების საუბრებს ერთმანეთთან თუ მესამე პირებთან.

ფაილის მიხედვით, მიყურადების ობიექტია ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელიც, თავის თანამშრომლებთან ერთად.

23 მარტით დათარიღებულ ჩანაწერში დეტალურად არის აღწერილი წინა დღით შემდგარი საუბარი ჰარცელსა და თავის ერთ-ერთ თანამშრომელს შორის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პანდემიასთან დაკავშირებული რისკების თაობაზე.

დღეს, 22 სექტემბერს, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა თქვა, რომ სავარაუდოდ სუს-ის მიერ დიპლომატების მოსმენის გამო ბრიუსელში საქართველოს ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილი დაიბარეს. ამასთან, ჰარცელი აღნიშნავს, რომ დიპლომატების მოსმენა ვენის კონვენციას ეწინააღმდეგება და საქართველოს მსგავსი პარტნიორი ქვენისგან ელჩების მოსმენა არაბუნებრივად მიაჩნიათ.

ამ თემაზე:

“წვდომა ჰქონდათ მოსმენების სამსახურთან” — პრემიერი გახარიას გუნდზე

მასალების გადაბეჭდვის წესი