ახალი ამბები

ჰარცელის თქმით, ბრიუსელში დაიბარეს საქართველოს ელჩი — მიზეზი ფარული მოსმენებია

22 სექტემბერი, 2021 • 1438
ჰარცელის თქმით, ბრიუსელში დაიბარეს საქართველოს ელჩი — მიზეზი ფარული მოსმენებია

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის თქმით, სავარაუდოდ სუს-ის მიერ დიპლომატების მოსმენის გამო ბრიუსელში საქართველოს ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილი დაიბარეს.

ამასთან, ჰარცელი აღნიშნავს, რომ დიპლომატების მოსმენა ვენის კონვენციას ეწინააღმდეგება და საქართველოს მსგავსი პარტნიორი ქვენისგან ელჩების მოსმენა არაბუნებრივად მიაჩნიათ.

“თქვენ უკვე იცით ბრიუსელის რეაქცია მოსმენების შესახებ. ჩვენ ამას ძალიან სერიოზულად ვიღებთ, იმიტომ, რომ ეს კითხვებს აჩენს. როგორც იცით, რომ დიპლომატიურ ურთიერთობებს ვენის კონვენცია განსაზღვრავს და არ მივიჩნევთ ბუნებრივად, რომ ისეთი ახლო მეგობარი და პარტნიორი, როგორიც საქართველოა, ასეთ მოქმედებებშია ჩართული ჩვენს წინააღმდეგ.

ამ მიზეზით, გუშინ საქართველოს ელჩი ევროკავშირში შეხვედრაზე დაიბარეს ბრიუსელში, ევროკავშირის სათავო ოფისში იმისთვის, რომ ევროკავშირის პოზიციები ყოფილიყო გარკვეული და შემდგომი ნაბიჯები იქნას გადადგმული “, — განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ჰარცელის თქმით, დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს, თუმცა აღნიშნავს, რომ გავრცელებულ ფაილებთან დაკავშირებით განხილვები უნდა გაგრძელდეს.

როგორც ელჩი ამბობს, ქვეყნების უსაფრთხოების სამსახურები დაინტერესებულნი არიან მოსალოდნელი საფრთხეების აღმოჩენით და არსებობს მიზეზები, რის გამოც შესაძლოა ისეთი ინსტრუმენტი გამოიყენონ, როგორიც ფარული მოსმენებია, თუმცა მათი გამოყენება სიფრთხილითა და კონტროლის ქვეშ უნდა ხდებოდეს.

“რადგან მეორე მხარეს ადამიანების პირადი ცხოვრებაა, პირადი სივრცის უფლების ქონა. ამჟამად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მივესალმები, რომ იყოს უფრო ფართო დისკუსია თვალთვალის ხასიათის შესახებ და მთელმა ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა გამოიტანოს დასკვნა იმიდან, რასაც ახლა ვუყურებთ, რადგან თვალთვალი დემოკრატიული საზოგადოების ნაწილი არ უნდა იყოს”, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.


ფაილებიდან, რომლებმაც, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონა, იკვეთება, რომ უწყება უსმენს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსაც. მასალებს შორისაა ათეულობით ცნობა, რომლებიც აღწერენ ელჩებისა და საელჩოების თანამშრომლების საუბრებს ერთმანეთთან თუ მესამე პირებთან.

რადიო “თავისუფლების” ჟურნალისტ რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკავშირი გამოეხმაურა ცნობას სუს-ის მიერ საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის სავარაუდო მოსმენის შესახებ.

“ეს ძალიან სერიოზული საკითხია, რადგანაც მას მოჰყვება შედეგები ვენის კონვენციის ჩარჩოს ფარგლებში. ჩვენ ვდგამთ შესაბამის ნაბიჯებს ამ კონტექსტში, ისევე როგორც ყოველთვის ვაკეთებთ მსგავს სიტუაციებში, მაგრამ სავარაუდო ინცინდენტის ხასიათიდან გამომდინარე, ამ დროისთვის მეტს ვერ ვიტყვით”, — განაცხადა რადიო “თავისუფლების” ინფორმაციით, ევროკავშირის პრესსპიკერმა საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში პიტერ სტანომ.

გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის განცხადებით, კი “დიპლომატიური წარმომადგენლობების ფარული მოსმენა, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ეს მათზე არ არის მიმართული, წარმოადგენს დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის დარღვევას”.

ელჩები და მათი თანამშრომლები მიყურადების ქვეშ: რას ვიგებთ ჩანაწერებიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი