ახალი ამბები

ერთნაირი დამტენი ყველა მობილურისთვის — EU-ს კანონპროექტი

23 სექტემბერი, 2021 • 1469
ერთნაირი დამტენი ყველა მობილურისთვის — EU-ს კანონპროექტი

ევროკომისია გეგმავს კანონპროექტის წარდგენას, რომელიც მობილური ტელეფონების მწარმოებლებს სმარტფონებზე, ტაბლეტებსა და ყურსასმენებზე ერთი და იმავე ტიპის დამტენის გამოყენებას დაავალდებულებს.

როგორც Reuters წერს, აღნიშნული გადაწყვეტილება კანონად ქცევის შემთხვევაში ყველაზე მეტად Apple-ზე იქონიებს გავლენას, რომელიც Iphone-ებს კვლავ საკუთარი წარმოების დამტენის ჯეკით აწარმოებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ევროკავშირი უკვე 10 წელზე მეტია ლობირებს საერთო დამტენების იდეას, რამდენადაც, ევროპელი კანონმდებლები მიიჩნევენ, რომ ამგვარად გარემოს ნაკლები ზიანი მიადგება და მომხმარებლებისთვისაც უფრო მოსახერხებელი იქნება.

Apple, რომლის მობილური მოწყობილობებიც ამავე კომპანიის წარმოების Lightning კაბელით იმუხტება, განაცხადა, რომ მსგავსი ვალდებულება შეაფერხებს ტექნოლოგიურ ინოვაციას და ელექტრონულ ნარჩენებს კიდევ უფრო გაზრდის. ამასთან, კომპანიაში ვარაუდობენ, რომ ცვლილება მომხმარებლების უკმაყოფილებასაც გამოიწვევს.

რაც შეეხება Apple-ის კონკურენტ კომპანიებს, რომლებიც Android-ის ოპერაციულ სისტემას იყენებენ, მობილურ ტელეფონებს და სხვა მოწყობილობებს, უკვე დიდი ხანია USB-C ტიპის დამტენებზე მუშაობს.

როგორც Reuters წერს, 2018 წელს გაყიდული მობილური ტელეფონების 50% USB micro-B კაბელებზე იყო გათვლილი, 29% კი – USB-C ტიპის დამტენებზე მუშაობდა. რაც შეეხება Apple-ის Lightning კაბელებს, ამ პერიოდში ასეთი გაყიდული ტელეფონების 21% იყო. მონაცემები ევროკომისიის 2019 წლის კვლევას ეფუძნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი