ახალი ამბები

შეხედავენ ერთმანეთს და გაუხარდებათ – წულუკიანი სიძულვილის შემცველ ბანერებზე

21 სექტემბერი, 2021 • 1392
შეხედავენ ერთმანეთს და გაუხარდებათ – წულუკიანი სიძულვილის შემცველ ბანერებზე

კულუტურის მინისტრ თეა წულუკიანის თქმით, ოპოზიციის საწინააღმდეგო, სიძულვილის ენის შემცველი ბანერები ოპონენტებისთვის “მოსაწონი” არის.

მისი თქმით, ბანერზე გამოსახული ოპოზიციის წევრები “შეხედავენ ერთმანეთს და გაუხარდებათ”.

“აზრთა სხვადასხვაობა არსებობს ამ ბილბორდებთან დაკავშირებით. მე კი ასე ვიტყოდი, რომ ოპოზიციური ფლანგი მუდმივად ბრალს სდებს სრულიად სამყაროს იმაში, რომ ამ ქვეყანაში მათი მოსაწონი არაფერი გაკეთებულა. მე ვფიქრობ, რომ ეს ბილბორდი მაინც არის მათი მოსაწონი, შეხედავენ ერთმანეთს და გაუხარდებათ, ხოლო ვისაც არ მოგვწონს, მათთვის ვფიქრობ, ეს წამალივითაა, რომ შევხედოთ ყველამ კარგად ამ ბილბორდებს, ყველას მოგიწოდებთ და გავიხსენოთ, რა არ გვინდა, იმიტომ, რომ წარსულზე ლაპარაკის აკრძალვას ცდილობენ და წარსული არასდროს არავინ არ უნდა დაივიწყოს, არც ცუდი და არც კარგი”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.


თბილისის ქუჩებში ოპოზიციის საწინააღმდეგო, სიძულვილის ენის შემცველი ბანერები გამოჩნდა. 17 სექტემბრის ღამით გამოკრულ ბილბორდებზე წერია ტექსტი “არა ნაცებს! არა ბოროტებას! არა ღალატს!”, წითლად შეღებილ ფონზე კი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა ფოტოები არის დატანილი. “პრაიმთაიმის” ცნობით, იდეის ერთ-ერთი ავტორი და დამფინანსებელი ბიზნესმენი მიხეილ გაბრიაძეა.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოდან ჩანს, რომ ერთ-ერთი ასეთი ბანერი ვაქცინაციის პოპულარიზაციის ბანერს გადააკრეს.

სარეკლამო კომპანია “ალმა” აცხადებს, რომ ოპოზიციის საწინააღმდეგო „სისხლიანი“ ბანერები მისთვის მიუღებელია, თუმცა რეკლამის შინაარსთან არასდროს არანაირი შეხება არ აქვს.

თუმცა “სირცხვილიამ” და სამოქალაქო აქტივისტმა ანი ჭარხალაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს “ალმასთან” სხვადასხვა მიმოწერა, როდესაც კომპანიამ უარი უთხრა ანტისაოკუპაციო და “სირცხვილიას” ბანერების გამოქვეყნებაზე, რაც მათი თქმით, სწორედ შინაარსში ჩარევას წარმოადგენდა. 19 წელს ლგბტქ ადამიანების უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „თანასწორობის მოძრაობამ“ განაცხადა, რომ ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის, 17 მაისის აღსანიშნავად ანტიჰომოფობიური შინაარსის ბანერების გავრცელებაზე კერძო კომპანია „ალმამ“ დისკრიმინაციული მოტივით უთხრა უარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი