ახალი ამბები

აშშ-ში COVI-19-მა უფრო მეტი იმსხვერპლა, ვიდრე 1918-19-ში გრიპის პანდემიამ

21 სექტემბერი, 2021 • 774
აშშ-ში COVI-19-მა უფრო მეტი იმსხვერპლა, ვიდრე 1918-19-ში გრიპის პანდემიამ

აშშ-ში Covid-19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 1918-19 წლებში გრიპის პანდემიით დაღუპულთა რიცხვს გადააჭარბა. როგორც The Guardian წერს, ქვეყანაში კორონავირუსს 675 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ გრიპის პანდემიის დროს აშშ-ის პოპულაცია იმის მესამედი იყო, რაც დღესაა – შესაბამისად, გრიპის შედეგად დანაკარგები უფრო დიდი იქნებოდა. თუმცა კორონავირუსის პანდემიის შედეგების მასშტაბურობით და იმის გათვალისწინებით, რომ ახლა ვაქცინაც ხელმისაწვდომია, გამოცემა წერს, აღნიშნული, თავის მხრივ, კოლოსალური ტრაგედიაა.

The Guardian-ის თქმით, 1918-19 წლების გრიპის მსგავსად, კორონავირუსი შესაძლოა, ბოლომდე არასდროს გაქრეს, თუმცა მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ ის დროთა განმავლობაში ლმობიერ სეზონურ ვირუსად გადაიქცევა, რომელთან გამკლავებასაც ვაქცინაციის და გამომუშავებული ანტისხეულების შედეგად, ადამიანის იმუნიტეტი შეძლებს.

1918-19 წლის გრიპის პანდემიამ გლობალურად 50 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მაშინ დედამიწის მოსახლეობა ახლანდელის 1/4 იყო. რაც შეეხება კორონავირუსს, მსოფლიოს მასშტაბით სულ COVID-19-ით 4.6 მილიონი ადამიანი დაიღუპა.

კორონავირუსის პანდემიამდე, სწორედ 1918-19 წლის გრიპის პანდემია ითვლებოდა ყველაზე მძიმედ კაცობრიობის ისტორიაში. თუმცა, ბევრი მხრივ ვირუსი, რომელსაც “ესპანური გრიპის” სახელი არასწორად ეწოდა მხოლოდ იმის გამო, რომ ცნობები მის შესახებ ფართო მედიაში თავდაპირველად ესპანეთში გავრცელდა, უფრო მძიმე აღმოჩნდა.

პირველი მსოფლიო ომის დროს გამოწვეული მობილობით გავრცელებული გრიპის ვირუსი ძირითად ახალგაზრდა, ჯანმრთელ ადამიანებს ხოცავდა, ვაქცინა კი მისი გავრცელების შესაჩერებლად არ არსებობდა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ მასობრივი მიმოსვლა მიმდინარე პანდემიის მასშტაბებს გაზრდით ემუქრება. ამას კი ემატება ისიც, რომ მსოფლიო პოპულაციის დიდი ნაწილი კვლავ აუცრელია. The Guardian აღნიშნავს, რომ აშშ-ის მოსახლეობის მხოლოდ 64%-ს აქვს ვაქცინის ერთი დოზა მაინც მიღებული და მონაცემები შტატების მიხედვით განსხვავდება.

ვაქცინაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ვერმონტსა და მასაჩუსეტსშია – 77%, აიდაჰოსა და ვაიომინგში ისვე, როგორც დასავლეთ ვირჯინიასა და მისისიპიში კი, მხოლოდ 46-49%-ია.

რაც შეეხება გლობალურ მონაცემებს, გამოცემა წერს, რომ მსოფლიო მოსახლეობის მხოლოდ 43%-ს აქვს გაკეთებული ვაქცინის ერთი დოზა მაინც.

მასალების გადაბეჭდვის წესი