ახალი ამბები

რატომ გაქრა “თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქის” ბილბორდები? – ლელოს განცხადება და პასუხი

20 სექტემბერი, 2021 • 1063
რატომ გაქრა “თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქის” ბილბორდები? – ლელოს განცხადება და პასუხი

პარტია “ლელო” აცხადებს, რომ კახა კალაძის საარჩევნო კამპანიის გამო თბილისის ბილბორდებიდან იუნესკოს პროექტის – “თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქის 2021” ბანერები გაქრა. ამის შესახებ დღეს, 20 სექტემბერს, “ლელოს” ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა მედეა მეტრეველმა და პარტიის გენერალურმა მდივნმა ბადრი ჯაფარიძემ ისაუბრეს.

როგორც ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, “თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქის 2021” ბანერების კახა კალაძის საარჩევნო ბანერებით ჩანაცვლება “ქართული ოცნების” პრიორიტეტებზე მიუთითებს.

“ასეთი ტიპის ბანერი – ” თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქი”, არამხოლოდ ინფორმაციული ბანერია, არამედ ეს ბანერი უნდა იქცევდეს ჩვენი თანამოქალაქეების ყურადღებას, რომ ჩვენი ამოცანა არის განათლების სისტემის დახვეწა, წიგნიერების გაზრდა, სწორედ წიგნის კითხვის წახალისეწება უნდა იყოს ჩვენი ამოცანა, რომ მომავალი თაობა იყოს კონცენტრირებული წიგნის მიმართ სიყვარულზე… რას ვიღებთ ჩვენ ამის ნაცვლად? – პოლიტიკური ხასიათის უგემოვნო სარეკლამო ბანერებს, რაც, სამწუხაროდ, კიდევ ერთი დემონსტრირებაა იმ პრიორიტეტების, რომელიც დღევანდელ ხელისუფლებას აქვს და ეს პრიორიტეტი არ არის წიგნიერიების გაზრდა, მომავალი თაობისათვის განათლების სისტემის რეფორმირება. ეს არ არის “ქართული ოცნების” პრიორიტეტი და აქაც გამოვლინდა”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

“ლელოს” ბრალდებებს უარყოფს” “თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის” დირექტორი, ნინია მაჭარაშვილი. როგორც ის ნეტგაზეთთან აცხადებს, შპს “ალმასთან” გარე რეკლამის განთავსებაზე კონტრაქტი 2021 წლის 19 ივნისამდე ჰქონდათ გაფორმებული და შესაბამისად, კალაძის საარჩევნო ბანერებით მათი ბანერების ჩანაცვლება არ მომხდარა.

მისივე თქმით, იმ კონკრეტულ ბანერეზე, რომელზეც “ლელო” საუბრობს (იგულისმება თამარშვილის ქუჩაზე არსებული ბანერი), “თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის” ბანერის ჩამოხსნის შემდეგ, სანამ კალაძის ბანერი გაეკვრებოდა, სხვისი ბანერიც იყო განთავსებული.

ამასთან, მაჭარაშვილი აღნიშნავს, რომ “თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის” რეკლამას თბილისის მერია აფინანსებდა, ვინაიდან პროექტი სწორედ თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

World Book Capital /წიგნის მსოფლიო დედაქალაქი დიდი პროექტია, რომელიც UNESCO-ს გენერალურმა კონფერენციამ დააარსა 2001 წელს. პროექტის მიზანი წიგნისა და კითხვის პოპულარიზაცია, წიგნის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული სფეროების განვითარება, თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკების, გამომცემლობების ხელშეწყობაა.

2021 წელს, თბილისს წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ საერთაშორისო ლიტერატურული საზოგადოების ყურადღება თბილისისკენ, როგორც მთავარი კულტურული ცენტრისკენ იქნება მოპყრობილი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი